LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ უნდა შევიძინოთ ჰიბრიდი – საუკეთესო ვარიანტები და ფასები

72

ჰიბრიდი – ავტომობილი, რომლის ძალური აგრეგატი (ძრავა) მუშაობს ორ ან რამდენიმე, გასხვავებული სახის ენერგიის წყაროზე. ავტოინდუსტრიაში ყველაზე გავრცელებულია ბენზინის და ელექტრო ძრავის კომბინაცია.

ჰიბრიდულ ავტომობილს აქვს ასევე აკუმულატორი, რომელიც ავტომატურად იმუხტება მოძრაობის დროს და ელექტრომობილებისგან განსხვავებით, დამოუკიდებელი დამუხტვა არ სჭირდება.

როგორც „ფორტუნასთან“ ავტოიმპორტიორი კომპანია „ჯეოავტომოტივის“ ხელმძღვანელმა ნიკოლოზ როსტიაშვილმა განაცხადა, ჰიბრიდულ ავტომობილებს სპეციალური ინფრასტრუქტურა არ სჭირდება, ამიტომ მათი მოხმარება ელექტრომობილებთან შედარებით, უფრო მარტივია.

ძალიან ბევრი მძღოლი უკვე ცდილობს ჰიბრიდული ავტომობილების შეძენას. ამ მხრივ ყველაზე პოპულარული საქართველოშიც და მსოფლიოშიც Toyota prius-ია, პოპულარობა მისმა ღირებულებამ და ცნობადობამ განაპირობა.


ჰიბრიდული ავტომობილების უპირატესობები

ამასთან 2017 წლის 1 იანვრიდან, ჰიბრიდულ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი განახევრდა, მაშინ, როცა თითქმის ყველა ტიპის ავტომობილებზე აქციზის გადასახადი გაორმაგდა.

“გარემოს დაცვითი პოლიტიკის გათვალისწინებით, 0-დან 6 წლის ჩათვლით მსუბუქი ავტომობილებისათვის იმავე ქვეპუნქტებით განსაზღვრული აქციზის განაკვეთები ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში შემცირდება 60%-ით, ნაცვლად დღეს არსებული 50 პროცენტისა“, – ვკითხულობთ განმარტებაში.

ჰიბრიდულ ავტომობილების ხაზი თითქმის ყველა ავტომწარმოებელს აქვს, ყველა ქვეყანაში.

ასეთი ავტომობილები გამოირჩევიან ეკონომიურობით. 100 კმ-ზე ჰიბრიდული ავტომობილი საშუალოდ, 5-6 ლიტრ საწვავს მოიხმარს.

„ჰიბრიდული ავტომობილები 10 წლის განმავლობაში ძალიან დაიხვეწა. თითქმის აღარ ვაწყდებით იმ ტექნიკურ პრობლემებს, რაც ადრე ჰიბრიდებს ჰქონდათ. შესაბამისად, მათზე მოთხოვნა ზრდადია“, – განაცხადა ნიკოლოზ როსტიაშვილმა „ფორტუნასთან“.

 

ამასთან, ჰიბრიდის კიდევ ერთი პლუსი ეკოლოგიურობაა.  მის მიერ გამოყოფილი გამონაბოლქვი, სტანდარტულ ავტომობილთან შედარებით მცირეა. შესაბამისად, თუ თქვენ ასეთი ავტომობილით გადაადგილდებით, მსოფლიოს ეკოლოგიურ დიდ პრობლემებთან ბრძოლაში მცირე წვლილს შეიტანთ.


ჰიბრიდების მინუსები

როგორც ნიკოლოზ როსტიაშვილმა განაცხადა, ჰიბრიდები ძალიან დაიხვეწა. მისი აკუმულატორები თავისუფლად იცვლება და არც ისე ძვირი ღირს.

თუმცა, მისი თქმით, მითი იმის შესახებ, რომ ჰიბრიდულ ავტომობილებს აკუმულატორები გამძლე არ აქვს ტყუილია.

„ჩვენი ცენტრი ემსახურება თითქმის ყველა ტიპის მანქანას. ჰიბრიდების მფლობელები აკულუმატორების პრობლემით ძალიან იშვიათად მოდიან. უფრო ძრავის პრობლემებით გვაკითხავენ ხოლმე. ამასთან აკუმულატორის პრობლემაც რომ იყოს, ის უკვე თავისუფლად იცვლება და არც ძვირი ღირს“, – განაცხადა როსტიაშვილმა.

მეორადი ჰიბრიდული აგრეგატის ღირებულება (ბატარიების კომპლექტი) 500-600 ლარის ფარგლებში მერყეობს. ასევე შესაძლებელია, ბატარიების სექციების ცალკე გამოცვლა, რაც შესაბამისად უფრო იაფია.

 

ფასები

ჰიბრიდი მის ანალოგ შიდაწვის ძრავის მქონე ავტომობილზე საშუალოდ 1500 დოლარით მეტი ღირს. თუმცა, ამ სხვაობას აბალანსებს საქართველოში ჰიბრიდულ ავტომობილებზე შემცირებული აქციზის გადასახადი.

როგორც “ფორტუნასთან” ავტოიმპორტიორები აცხადებენ, მეორადი ჰიბრიდის შეძენა საქართველოში ამ დროისთვის 6000 დოლარზე ნაკლები ჯდება, არჩევანი კი საკმაოდ დიდია.

„საქართველოში პოპულარობით სარგებლობს ტოიოტა პრიუსი, მხოლოდ იმიტომ რომ მომხმარებლებს სხვა ჰიბრიდების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და „მოდაშია“ ეს მოდელი. 2010 წლიანი მეორადი პრიუსის საშუალო ღირებულება 6000 დოლარზე ნაკლებია.

იმავე საფასო კატეგორიაში მერყეობს მაგალითად ჰონდა ინსაიტიც”, – განაცხადა ჩვენთან ნიკოლოზ როსტიაშვილმა.

 

 

რჩევები იმ შემთხვევისთვის თუ ჰიბრიდს შეიძენთ

როგორც ავტომობილს გაუფრთხილდებით, ისევე გაგიფრთხილდებათ ის – ეს დაუწერელი კანონია, რომელიც არა მხოლოდ ჰიბრიდებზე, არამედ სხვა ტიპის ავტომობილებზეც მუშაობს.

ჰიბრიდული ავტომობილის ბენზინის ძრავს ზუსტად ისეთივე მიხედვა უნდა, როგორც ჩვეულებრივ ავტომობილს.

რაც შეეხება ელექტროობას, აქ განსაკუთრებული მოვლაა საჭირო.

“ჩვეულებრივი ავტომობილისგან განსხვავებით, ჰიბრიდულ ავტომობილში არ გირჩევთ თავად ჩაძვრეთ, რადგან მაღალი ძაბვა გადის მასში და აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს. გთხოვთ, არ შეიძინოთ ჩაძირული ჰიბრიდი”, – განაცხადა დიაგნოსტიკის სპეციალისტმა ილია გრიშაშვილმა.

 

სტატისტიკა

2016 წელს საქართველოს ტერიტორიაზე 33 ელექტროავტომობილი და 4701 ჰიბრიდი განაბაჟეს. ამის შესახებ „ფორტუნას“ ინფორმაცია შსს–დან მიაწოდეს. 

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოთხოვნა გაიზარდა, მათი რაოდენობა მთლიან ავტოპარკში რამდენიმე პროცენტს არ აჭარბებს.

თუ თქვენ ჰიბრიდებზე მეტად ელექტრომობილებით ხართ დაინტერესებულები, იხილეთ სტატია: რა ღირს საქართველოში ელექტრომობილები – მითები და რეალობა.

თამთა უთურგაშვილი