LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ უშლის ნერვებს ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავა

100

რადიო „ფორტუნა“ განაგრძობს პრეზიდენტობის კანდიდატების გაცნობას. ამჯერად ჩვენს ბლიც კითხვებს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა პასუხობს.

რატომ გინდათ საქართველოს პრეზიდენტობა, რეზიუმეში გინდათ კიდევ ერთი თანამდებობა ჩაიწეროთ თუ მართლა რამე კარგის კეთება გსურთ?
ეს არაა იდეაფიქსი, მაგრამ კანდიდატებს გადავხედე, გადმოვხედე და მივხვდი, რომ აუცილებლად უნდა დამეყენებინა ჩემი კანდიდატურა.

აბა კონსტიტუციით წაართვეს პრეზიდენტს უფლებებიო…
ამიტომაც დავუბრუნებ ამ უფლებებს. რა თქმა უნდა, მე პრეზიდენტი ისე არ მესმის, დღეს როგორც ჰყავთ წარმოდგენილი, რომ ივანიშვილს ჩაიში შაქარი უნდა ჩაუყაროს.

მაგრამ ისეთ დაპირებებს აძლევთ მომხარებელს, რომ რეალურად არ შეგიძლიათ  შესრულება პრეზიდენტობის შემთხვევაში, ანუ ტყუილად ჰპირდებით?..
პრეზიდენტს შეიძლება არ აქვს კანონით უფლება, მაგრამ თუ ხალხის მხარდაჭერა ექნება, ბევრი რაღაც შეიცვლება. მე კარგად ვიცნობ უმრავლესობის დეპუტატებს. დღეს არის 117 დეპუტატი, მაგრამ როგორც კი არჩევნებს წაააგებენ, 17 კაციც სანატრელი გაუხდებათ.

რა თვისება გაკლიათ, რომ კარგი პრეზიენტი იყოთ, თუ სრულყოფილი კანდიდატი ხართ?
არა, სრულყოფილი არავინაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ახლა იმ ეტაპზე ვარ, როცა სხვებზე უკეთესად შევძლებ ამ ფუნქციების განხორციელებას. ზედმეტად ახალგაზრდამ დავიწყე, არავის არაფერი უსწავლებია, თვითონ ვისწავლე წესები ამ ჯუნგლებში.

ზედმეტად ახალგაზრდამ დავიწყეო და ხომ არ ნანობთ პოლიტიკაში ყოფნას?
ჩემი ოჯახი ნანობს, სულ მეუბნებიან, რა ჯანდაბა გინდოდა, ზარალის გარდა არაფერია, მაგრამ როცა დავიწყე პოლიტიკა, იდეალისტი ვიყავი, მეგონა, მეგობარი მეგობარი იყო, სიტყვა სიტყვა იყო…

სხვა კანდიდატებს რას უწუნებთ?
კარგი რა, არ გრცხვენია? რომელია სხვა კანდიდატი. მე 12 თუ 11 წლის ვიყავი, როცა საქართველოში ეროვნული მოძრაობა დაიწყო და მაშინ ვიდექით მიტინგზე. ყველა ჩემი ოპონენტი იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, სად იყვნენ იმ დროს, რას აკეთებდნენ. მაშინ იყო ასეთი მოდური პოლემიკა, რომ საქართველო დამოუკიდებლად ვერ შეძლებს არსებობასო, „ბორჯომით“ და ჩაით ხომ  ვერ შევინახავთ თავსო. დღეს კი ყველას დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტობა უნდა.

ვის გულისხობთ?
ყველას, ჩემს ყველა ოპონენტს, არავინ იდგა მაშინ რუსთაველის გამზირზე.

კარგი პრეზიდენტი ქვეყნის პატრიოტია?
სახელმწიფოსი.

თქვენ პატრიოტი ხართ?
რა თქმა უნდა.

კარგ პრეზიდენტს უნდა შეეძლოს რაიმე სხვა საქმის კეთება, მაგ. კარტოფილის მოყვანა?
ეგ მარგველაშვილის მთავარი პლუსია. ჩვენთან პრეზიდენტებს და თანამდებობის პირებს ემართებათ ფსიქოლოგიური გადახრა და სკამს ეწებებიან.

თქვენ არ მიეწებებით?
არანაირად. რამდენიმე შემთხვევაც იყო ადრე გარდაცვალების. გამსახურდიას პერიოდში, უცებ ზვიადმა უთხრა, კარგად იყავითო და რამდენიმე გარდაიცვალა, ისეთ შოკი იყო. მარგველაშვილმა რომ კარტოფილის მოყვანა იცის, კარგია. ძველ რომში ხანდახან დიქტატორებს კომბოსტო მოჰყავდათ.

თქვენ რა მოგყავთ?
აუცილებელია, კაბინეტის იქით ცხოვრება შეგეძლოს. კომბოსტო და კარტოფილი არ მომყავს, მაგრამ ბოლო წლებია ვნატრობ, ერთი წელი გვქონდეს არჩევნების გარეშე, რომ ბავშვები სადმე წავიყვან-წამოვიყვანო. სულ შემოდგომაზე ნიშნავს ეს ოხერი მთავრობა.

თქვენს სახესა და გვარზე ამომრჩეველს რა გაახსენდება?
გააჩნია ამომრჩეველს. ახალგაზრდას ბევრი არაფერი გაახსენდება, იმიტომ რომ ბოლო წლებია ტელევიზიები არ მაშუქებენ.

რატომ, რა დაგიწუნეს?
ის კაცი რეკავს სოლოლაკიდან, არ გააშუქოთო.

რატომ, ნერვებს უშლით იმ კაცს?
კი, ნერვებს ვუშლი, ეს მაქვს ნაკლოვანება, ცოტა ისეთი ენა მაქვს და პირდაპირ ვიცი ხოლმე საუბარი.

მსოფლიო ისტორიიდან ვინმე შეგიძლიათ გაიხსენოთ, როგორი პრეზიდენტიც გინდათ რომ იყოთ?
ორი პრეზიდენტი შემიძლია დაგისახელოთ: ერთი ამერიკის პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი, მეორე თურქეთის პრეზიდენტი – ქემელ ათათურქი. ეს უკანასკნელი იდეალური არ იყო, მაგრამ საქართველოს გამოწვევებთან მსგავსი ვითარებაა.

ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი?
რა თქმა უნდა, მე, თუ ქართველი ხალხის მხარდაჭერა მექნება. თუ არა, მაშინ სალომე ან ბაქრაძე.

 

აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g