მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების ზრდა მთლიანად ხელოვნური პროცესია და მას სათავეში მსოფლიოში უდიდესი კარტელური ორგანიზაცია „ოპეკი“ უდგას. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კი, ბაზარზე ნავთობის ფასის მკვეთრი ზრდა უახლოეს მომავალში პრაქტიკულად გამორიცხულია – ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას“ ანალიტიკოსმა პაატა ბაირახტარმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
”უკვე თითქმის ერთი წელია რაც „ოპეკი“ უშედეგოდ ცდილობდა ბაზარზე ფასების მართვას და ნავთობის ფასის დაღმავალი ტრენდის შეჩერებას. რამდენიმე წარუმატებელი შეხვედრის შემდეგ, „ოპეკის“ წევრმა რამდენიმე ქვეყანამ შეთანხმებას მიაღწია და ნავთობის მოპოვება „გაყინა“. ეს სწორედ ის ქვეყნებია რომლებიც ნავთობზე ფასების ვარდნამ თითქმის ეკონომიკურ კატასტროფამდე მიიყვანა. ბოლო მოლაპარაკებები რომელიც თითქმის ერთი თვის წინ გაიმართა, რუსეთის ინიციატივით დაიწყო (მომპოვებელ ქვეყნებში რუსეთი იყო ერთ-ერთი რომელიც ყველაზე მეტად დააზარალა ნავთობის გაიაფებამ) და მას შეუერთდა საუდის არაბეთი, მოგვიანებით კი აზერბაეჯანი. თავის მხრივ, ორივე მათგანი თანამშრომლობს ყატარსა და ვენესუელასთან”, – განაცხადა ბაირახტარმა.
მისი შეფასებით, მოლაპარაკებები მიზნად ისახავს ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების ბალანსის აღდგენას.
„მოლაპარაკებების მთავარი მიზანია ნავთობის მოპოვების გაყინვა იმ დოზით, რომ ბაზარზე აღდგეს ბალანსი მოთხოვნასა და მიწოდებას შორის. დღეის მდგომარეობით, მსოფლიო დღიურად მოიპოვებს 96,5 მილიონ ბარელს, რაც 2 მილიონი ბარელით მეტია რეალურ მოთხოვნაზე, შესაბამისად ჭარბი მიწოდება ბაზარზე ფასების დაღმასვლას იწვევს.
თუ გადავხედავთ ნავთობის ბირჟებზე მიმდინარე პროცესებს, დავინახავთ, რომ ბაზარზე ფასების მკვეთრი ზრდა არ შეიმჩნევა და მიმდინარეობს ჯანსაღი „ვაჭრობა“, თუ არ ჩავთვლით იმ ტექნიკურ ხარვეზს, რომლის გამოც ნიგერიიდან და ერაყიდან ნავთობის მიწოდება შეფერხდა. მეტწილად სწორედ ამ შეფერხებამ გამოიწვია ნავთობზე ფასების მატება. ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ კი მოსალოდნელია ბაზარზე ისევ დაღმავალი ტრენდის განვითარება”, – განაცხადა პაატა ბაირახტარმა.
მისივე თქმით, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც „ოპეკი“ ბაზარზე ფასების ზრდას ვერ ახერხებს არის ირანი, რომელიც მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარს ამბობს და ეს, თავის მხრივ, „ოპეკის“ სხვა წევრ ქვეყნებს, საშუალებას არ აძლევს ბაზარზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინონ.
ბაირახტარი ქართულ საწვავის ბაზარსაც შეეხო და აღნიშნა, რომ, ბოლო პროცესების გათვალისწინებით, ქართულ საწვავის ბაზარზე ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის.