LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომაა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფა დამოკიდებული ქვეყნის განვითარების დონეზე – ვერა ბაზიარი გადაცემაში „პულსი“

456
ვერა-ბაზიარი

რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსი ვერა ბაზიარი სტუმრობდა, რომელმაც სწორედ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის აქტუალურობაზე ისაუბრა.

– ქალბატონო ვერა, რატომაა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფა დამოკიდებული ქვეყნის განვითარების დონეზე? 

– დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა პრიორიტეტულია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნისთვის, რადგან სწორედ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ხარისხის ინდიკატორები  განსაზღვრავენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ჯანდაცვის სისტემის სიძლიერეს.  ორსული ქალი და ჩვილი ბავშვი – ის ორი სუბიექტია, რომელსაც არა მკურნალობა, არამედ კვალიფიციური მეთვალყურეობა სჭირდება, რათა ქვეყანას ჯანმრთელი და მაღალპროდუქტიული მოსახლეობა ჰყავდეს.  თუ ქვეყანა ამ სფეროში მოიკოჭლებს, ე.ი. მისი ეკონომიკაც სუსტია და თუ მედიცინა ჯანმრთელ ადამიანებს ვერ უვლის, მაშინ ვერც დასნეულებული პაციენტების მოვლას შეძლებს.

– ამავე კონტექსტში თუ განვიხილავთ, როგორ შეაფასებთ საქართველოს განვითარებას?

– სამწუხაროდ, განვითარებული ქვეყნების მაჩვენებლებს ჯერჯერობით საგრძნობლად ჩამოვრჩებით. მართალია, გაეროს 2012–2024 წლების კვლევის მონაცემებით ნეონატალური სიკვდილიანობა 82%–ით, მკვდრად შობადობა – 60%–ით, დედათა სიკვდილიანობა კი – 20%–ით შემცირდა, რაც საკმაოდ კარგი შედეგია, მაგრამ დამშვიდება და ამგვარი მონაცემებით დაკმაყოფილება მაინც არ შეიძლება, რადგან სანამ ქვეყანაში ერთი ორსული ან ჩვილი კვდება, მანამდე ნამდვილად არ გვაქვს კმაყოფილების მიზეზი. რა თქმა უნდა, ყველა ექიმი განიცდის პაციენტის დაკარგვას, მაგრამ ჯანმრთელი ორსულის გარდაცვალება, არა უბრალოდ წუხილის მიზეზი, არამედ განგაშის სიგნალია. კვლევის მონაცემები მხოლოდ ადასტურებენ, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ, თუმცა გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. საჭიროა წარმატებულ ქვეყნებში არსებული რეგულაციების ჩვენს რეალობაზე მორგება და მათი პირნათლად შესრულება, რადგან ჩვენ ადამიანების, მეტიც, დედისა და ჩვილი ბავშვის სიცოცხლე გვაბარია.

– როგორ დაიწყო თანამშრომლობა იაპონელ კოლეგებთან და რას ელით მათთან თანამშრომლობისგან?

–  ზოგადად, კარგია წარმატებული ქვეყნების ჯანდაცვის სისტემების გაცნობა, თუმცა ბევრად მნიშვნელოვანია ცოდნა როგორ და რა ხერხებით მიაღწიო ამგვარ შედეგს. მოწინავე ქვეყნებად ითვლება სკანდინავიის ქვეყნები, რომელთაც საუკეთესო ჯანდაცვის სისტემა და სამედიცინო სერვისი აქვთ, იაპონია კი, ბოლო 10–15 წელია მუდმივად ხვდება წარმატებული ქვეყნების ათეულის ლიდერებს შორის. ამგვარ შედეგს იაპონიამ ძალიან მოკლე დროში მიაღწია, რაც პირველ რიგში, მათი მენტალიტეტის, კანონმორჩილების და წესრიგის სიყვარულის დამსახურებაა. იაპონელებს არა მხოლოდ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა, არამედ ჯანდაცვის სისტემა აქვთ ბრწყინვალედ ორგანიზებული. მეტიც, მინიმუმამდე შეამცირეს სტაციონარული მომსახურება, რადგან პრაქტიკულად მთელი ქვეყანა პრევენციულ მედიცინაზეა გადასული. ყველა ასაკობრივი ჯგუფი ცალკე გადის პროფილაქტიკური შემოწმებას, ამიტომ ყველამ ზუსტად იცის, როდის და რა კვლევა უნდა ჩაიტაროს დაავადების თავიდან ასაცილებლად. რა თქმა უნდა, გაორმაგებულია ბავშვებზე ზრუნვა, რადგან მეთვალყურეობა მათი მშობლების კონტროლით იწყება, რომელთაც მუდმივად უმოწმებენ ცხოვრების წესსა და პირობებს.

ზოგადად, ჯანმრთელობა ჰიგიენით იწყება, რისი საუკეთესო მაგალითი სწორედ იაპონიაა, სადაც იდეალური სისუფთავეა, უნიკალურად აქვთ ორგანიზებული ნარჩენების ადმინისტრირება, რომელშიც არა იმდენად ფინანსებია ჩადებული, რამდენადაც ბრწყინვალედაა ორგანიზებული. შედეგად სუფთა ჰაერით სუნთქავენ და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით იკვებებიან.

რაც შეეხება ჩვენს ერთობლივ პროექტს – ჩვენ უნიკალური წიგნი, რეკომენდაციების ერთგვარი კრებული შევიმუშავეთ, რომელიც დედისა და ბავშვისთვისაა განკუთვნილი. ორსული მას ბავშვის ჩასახვისთანავე გაეცნობა და პატარას დაბადების შემდეგაც ამავე წიგნით იხელმძღვანელებს, რათა ზუსტად იცოდეს, როგორ იმოქმედოს ორსულობის დროს, როგორ იკვებოს, იმუშაოს და დაისვენოს, რა გართულებები არსებობს, რას უნდა გაუფრთხილდეს და მოერიდოს. უნიკალური წიგნი ერთის მხრივ, ექიმს ასწავლის კორექტულ ქცევას, მეორეს მხრივ, ორსულს ეხმარება საკუთარი და ბავშვი ჯანმრთელობის დაცვაში. სამომავლოდ, იაპონელ კოლეგებთან ერთად ვაპირებ წიგნის გაცნობას რეგიონების მოსახლეობისთვის, რათა ყველას მივაწოდოთ საჭირო ინფორმაცია. ძალიან მიხარია იაპონელ კოლეგებთან ერთად მუშაობა, რადგან სხვებზე კარგად იციან, როგორ უნდა მუშაობა, ქვეყნის ბიუჯეტის გაფრთხილება და მინიმალური ხარჯით მაქსიმუმის მიღწევა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მსგავსი წიგნი 48 ქვეყანაში გამოიცემა, თუმცა ქართული ვერსია ყველაზე ლამაზი, ინფორმატიული და შინაარსიანი იქნება. წიგნის ბეჭდვა მაისის თვეში დაიწყება, ივლისში კი, აჭარის მოსახლეობა გაეცნობა საპილოტე ვერსიას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g