LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეფორმის მიზანია კრიტიკულად, ინოვაციურად, შემოქმედებითად მომზადებული ახალგაზრდები გვყავდეს – გარემო სკოლაში იყოს საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებული: ეკატერინე დგებუაძე

122
სკოლა და დგებუაძე

დაახლოებით 2 წლის წინ განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების მიმართულებით წარმოადგინა საკმაოდ ამბიციური გეგმა, მაშინდელმა მინისტრმა გვითხრა, რომ  რეფორმა განათლების სისტემის კომპლექსურ ცვლილებებს გულისხმობდა და მოიცავდა როგორც სკოლამდელ, ასევე ზოგად პროფესიულ განათლებასა და მეცნიერებას.

რა შედეგები გვაქვს რეფორმის დაწყებიდან 2 წელში, რა ვერ შესრულდა, რა ცვლილებების საჭიროება დაანახა სისტემას განვლილმა პანდემიურმა წელმა, რა საკითხები რჩება გამოწვევებად ზოგადი განათლების მიმართულებით – საკითხზე ფორტუნას გადაცემაში “კვირის თემა” განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ ისაუბრა.

რა არის რეფორმის მიზანი დღეს და რა უნდა იყოს შედეგი

 

” რთულია იმის თქმა, რომ ერთი კონკრეტული აქტივობა შეცვლის იმ სურათს, რა გამოწვევის წინაშეც დგას დღეს განათლების მიმართულება. ჩვენ შევხედეთ ამას საკმაოდ კომპლექსურად. აქ არის საუბარი იმაზე, რომ სკოლას სჭირდება ხარისხიანი ეროვნული გეგმა. კვალიფიკაციური მასწავლებელი, ასევე, მნიშვნელოვანია სკოლის მართვის გამართული მოდელი,” – ამბობს დგებუაძე და განმარტავს, რომ სკოლაში შექმნილი გარემო მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. “მნიშვნელოვანია, როგორ გზაზე დავაყენებთ მოზარდებს, როგორ მოვამზადებთ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ბავშვს.”

როდესაც განათლების ხარისხზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ თუ რა საგანმანათლებლო პროგრამები არსებობს სკოლაში და როგორია მასწავლებლების კვალიფიკაცია  და კულტურა, რომელიც არსებობს სკოლაში. ეს ყველაფერი მოსწავლისთვის საინტერესო სოციალურ გარემოს ქმნის.

რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, შევცვალოთ ის მიდგომა, რომელიც აქამდე არსებობდა. ჩვენი სურვილია, კრიტიკულად, ინოვაციურად, შემოქმედებითად მომზადებული ახალგაზრდები გვყავდეს და ამ ბავშვებისთვის ის სოციალური გარემო, რომელიც სკოლაში არსებობს, საინტერესო  და განვითარებაზე ორიენტირებული იყოს.

ძნელია იმის თქმა, რომ ეს ორ დღეში, ან ორ თვეში მოხდეს. ეს არის პროცესი, რომელიც ფაქტობრივად არის ტრანსფორმაცია, ერთი მგომარეობიდან – მეორეში გადასვლა. ამისთვის აუცილებელია, რომ ერთი მხრივ სკოლის ადმინისტრაცია იყოს მზად და მეორე მხრივ შეიცვალოს სწავლების მეთოდოლოგია.

რასაკვირველია, ძალიან რთულია, რომ ერთ დღეს 2085 სკოლაში კლიმატის შეცვლაზე ვიყოთ პასუხისგებელი. ეს პროცესი მიდის ნაბიჯნაბიჯ. დასჭირდება გარკვეული მზაობა ერთი მხრივ სკოლის ადმინისტრაციული და მასწავლებლის კორპუსის და მეორე მხრივ,სჭირდება მომზადება იმისთვის, რომ სწორი ხედვა, რომელსაც დღეს სთავაზობს განათლების სამინისტრო საკლასო ოთახში იყოს გაზიარებული და ასახული მოსწავლის განათლებაზე.

აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ მასწავლებელს რაღაცას ვასწავლით. მთელი მიზანია, პროცესი როგორ აისახება მოსწავლის აკადემიურ მიღწევაზე. როგორ აისახება არამარტო აკადემიურ მოსწრებაზე, არამედ  მის მდგომარეობაზე. სკოლის კულტურაზე და მზაობაზე – როგორი მზაობა აქვს სკოლას თითოეულ მოსწავლესთან მიმართებაში.

 

ასევე უნდა ვისაუბროთ სკოლის მიღმა დარჩენილ ბავშვებზე, რომლის იდენფიცირებაც დღეს განათლების სისტემამ მოახდინა. ჩვენ უკვე შევქმენით სასწავლო გეგმა სწორედ იმ ბავშვებისთვის და იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სამწუახროდ აღმოჩნდნენ განათლების მიღმა“. – აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ  „ფორტუნასთან“ საუბარში.

 

რამდენი ბავშვია სკოლის მიღმა დარჩენილი 

 

შეკითხვაზე, ქვეყნის მასშტაბით რამდენი მოზარდია დღეს სკოლის მიღმა დარჩენილი  – მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ განათლების სისტემამ მათი იდენტიფიცება მოახდინა.

„როდესაც ამ ბავშვების იდენტიფიცირება დავიწყეთ, განათლების სისტემის მიღმა დარჩენილი ბავშვების რაოდენობა იყო დაახლოებით 10 ათასი. თუმცა, საბოლოო შესწავლით ასეთი 8 ათასი ბავშვი გამოიკვეთა.

მაგრამ ეს რიცხვი, მაინც შთამბეჭდავია და ერთი ბავშვიც კი, რომელიც აღმოჩნდება განათლების მიღმა, სახელმწიფო ვალდებულია, რომ მათი განათლების უფლება დაცული იყოს, სწორედ ამიტომ შეიქმნა სასწავლო გეგმა სწორედ იმ ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სამწუხაროდ აღმოჩნდნენ განათლების მიღმა“ . – განმარტავს „კვირის თემასთან“ დგებუაძე.

 

რომელი ქვეყნის გამოცდილებას ვიზიარებთ

 

„საქართველოში განათლების რეფორმა ყველაზე პოპულარულ – ფინურ და ესტონურ მოდელს დაეფუძნა. როდესაც ეროვნული სასწავლო გეგმა იწერებოდა, ესტონელი ექსპერტების მხარდაჭერით მოხდა მისი შემუშავება და ის წარმატებები, გავითვალისწინეთ, რომელიც უკვე გაიარეს ამ ქვეყნებმა. მიგვაჩნია, რომ ერთ-ერთი წარმატებული ქვეყნები არიან განათლების მიმართულებით და  სწორედ, ამ გზას გადის დღეს საქართველოს განათლების სისტემა და იმისთვის, რომ ეს გზა წარმატებით გავიაროთ, გარკვეული პერიოდია საჭირო“ – ამბობს მინისტრის მოადგილე.

 

რა ეტაპზეა განათლების რეფორმა

 

„დაიწყო პილოტირება დაწყებით საფეხურზე. დღეს უკვე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოვიცავით დაწყებითები კლასები და საბაზო საფეხური. დავფარეთ ქვეყნის მასშტაბით 600-მდე სკოლა და ყველა მათგანი ჩართულია საპილოტო პროგრამაში“. – აცხადებს მინისტრის მოადგილე „ფორტუნასთან“.

 

რა გზით ვახდენთ ინფორმაციის მიწოდებას სკოლებისთვის

 

„ძალიან ბევრი ვიმსჯელეთ, ეს არ იყო მარტივი. სისტემამ გამოიარა ისეთი ხისტი მიდგომა, როგორიცაა მასობრივი ტრენინგები მასწავლებლებისთვის. როდესაც ტარდებოდა გადამზადების პროგრამები, ჩვენ ვამბობდით, რომ ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ სისტემური ცვლილებები რომ დავაფუძნოთ, მხოლოდ ტრენინგების ფარგლებში გადამზადებულ მასწავლებლები არაა საკმარისი.

მიგვაჩნია და გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ამან შედეგამდე ვერ მიგვიყვანა, იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში მასწავლებელს მიღებული ცოდნა, ხშირად ვერ აისახებოდა საკლასო მუშაობაზე. რეალურად არ ვიცოდით, მასწავლებელი ტრენინგების დროს მიღებულ ცოდნას ეფექტიანად განახორციელებდა თუ არა თავის მოსწავლეებთან. ამის მონიტორინგი და შეფასების კრიტერიუმი არ არსებობდა.

დღეს ჩვენ ვიფიქრეთ და ანალიზი გავაკეთეთ მუნიციპალურ დონეზე შევარჩიეთ ჯგუფები ყველა საგანში.

მაგალითად, იმერეთში არსებობს მხარდამჭერთა გარკვეული ჯგუფი, რომელსაც ჩვენ ქოუჩებს ვეძახით, რომლებიც მუშაობენ საგნების მიხდვით და აქ არაა საუბარი, რომ ჩვენ საგანში ვამეცადინებთ მასწავლებლებს. აქ არის საუბარი საგანთან მიმართებაში როგორ მოახდინოს სასწავლო გეგმის შემუშავება, გაკვეთილის დაგეგმა და იმ მეთოდოლოგიის მიტანა, რომელსაც სთავზობს დღეს განათლების სამინისტრო.

შემდეგ ხდება საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვა, რეკომენდაციების მიცემა და მიმდინარეობს საჯარო განხილვები“, – განმარტა დგებუაძემ „კვირის თემასთან“.

 

პანდემია და სკოლა

 

„პანდემიამ ძალიან ბევრი რამ გადაააფასა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროცესმა ბევრი მიმართულებით დაგვაფიქრა და ძალიან სწრაფ რეჟიმში მნიშვნელოანი გადაწყვეტილებები მიგვაღებინა.

საუბარია იმ ციფრულ ელექტრონულ რესურსებზე, რომელიც ამ პანდემიის პერიოდში აღმოჩნდა, რომ განათლების სისტემას არ ჰქონდა. თუმცა, ძალიან სწრაფად შევძელით გარკვეული რესურსების შემუშავება. ეს იყო ძალიან სწრაფად დაორგანიზებული პროცესი. სამწუხაროდ, ინტერნეტის ხელმისაწვდომობა გარკვეულ რეგიონებში რჩება გამოწვევად, მაგრამ ჩვენი გეგმაა კიდევ უფრო მეტად განხორციელდეს გარკვეული ღონისძიებები, პროექტები და ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა იგეგმება“. – აღნიშნა დგებუაძემ.

 

როგორ იზომება რეფორმის შედეგი

 

„რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გაზომვა ხდება იმ შედეგებით რომელიც გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ ფსიქოლოგები არიან ჩართული პროცესებს აკვირდებიან. გარკვეული შეფასების ინსტრუმენტებით ხდება შედეგების გაზომვა.

ახლა, გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ვმუშაობთ მე-4, მე-6 და მე-9 კლასებისთვის შეფასების ინსტრუმენტის შემუშავებაზე. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვაფასებთ მოსწავლეებს ხისტად. მათი წარმატების გაზომვა ერთ-ერთი ინდიკატორია, რომელიც მოგვცემს სურათს, თუ როგორ იმუშავა ამ დრომდე გატარებულმა რეფორმამ“. – აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ „ფორტუნასთან“.

რა შედეგი გვინდა დავინახოთ და რა შედეგების დანახვა შეგვიძლია .

ეს არის პროცესი, რომელსაც ჩვენ დავარქვით გამოცდის პერიოდი, ორიენტირებულია განვითარებაზე.

არ ვამბობთ ხისტად, რომ ეს მეთოდოლოგია არის იდეალური და მხოლოდ ამ მეთოდოლოგიის გამოყენებით შეძლებს განათლების სისტემა მიაღწიოს გარკველ შედეგებს.

პროცესებს ფსიქოლოგების ჯგუფი აფასებს. იკვლევს გარკვეულ კითხვარებს გარკვეული ინსტრუმენტების გამოყენებით. პროცესში გარკვეული ცვლილებები შედის. დაკვირვების საფეხურზე აღმოჩნდა, რომ რაღაც გამოწვევები არსებობს. გამოწვევებთან ერთად ხდება დისკუსია და განვითარება იმ პროცესების, რასაც ვთავაზობთ მასწავლებლებს, როგორ დაგეგმონ გაკვეთილი, როგორ შეაფასონ. ლიდერობის მიმართულებით როგორ წარმართონ  პროცესები.

თუ გვინდა პროცესები ეფექტიანად იყოს წარმართული სკოლაში, ძალიან მნიშვნელოვანია  მზაობა. ერთის მხრივ სკოლის ადმინისტრაციის, რომელიც ხელს უწყობს ხელს ამ რეფორმების განვითარებას, ასევე მასწავლებლებისა და სკოლაში არსებული კათედრების. მათი მზაობა, მზაობა აუცოლებელია, რომ ის ცვლილებები, რომელსაც განათლების სამინისტრო სთავაზობს, იყოს ასახული.

გვაქვს ძალიან ბევრი კარგი ისტორია, როდესაც წარმატებული მასწავლებელი თავად იძახის, რომ სწორედ ამ მეთოდოლოგიას ვიყენებდი და წარმატებული შედეგები მაქვსო“, – განმარტავს ეკატერინე დგებუაძე.

 

ფაქტორები, რომელიც რეფორმის განხორციელებისას ქმნის გამოწვევებს

 

„სისტემამ თავისი თავი რომ შეაფასოს, სწორედ ამიტომ  ვგეგმავთ გარკვეული სიტემის შემუშავებას, რომელითაც მე- 4, მე-6 და მე-9 კლასის დასრულების შემდეგ მოვახდენთ მოსწავლეების შეფასებას.

ამით გაიზომება მასწავლებლის სწავლების მეთოდოლოგია და ხარისი.

ესტონელი ექსპერტების მხარდაჭრით მიმდინარეობს საშუალო საფეხურის დამუშავება. ის იქნება აბსოლუტურად განსხვავებული მოდელი, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ საშუალო საფეხურის მოსწავლეებს. ახლა მიმდინარეობს ხედვის პრეზენტაციები დაინტერესებულ მხარეებთან, რომ კრიტიკულად შევაფასოთ ის ხედვა, რომლის განვითარებასაც ვგეგმავთ დღეს განათლების დეპარტამენტი და ამის შემდეგ დაიწყება საგნობრივ სტანდარტებზე მუშაობა, რომლის განხორციელებასაც 2022 წელს უკვე განათლების სამინისტრო სკოლებში დაიწყებს“. – აღნიშნა დგებუაძემ „კვირის თემასთან“.

 

 

რა სურს მოსწავლეს

 

„როდესაც სკოლაში შევდივართ, ვატარებთ პრეტესტს, ანუ წინასწარ ვაფასებთ სკოლაში არსებულ სიტუაციას და სასწავლო წლის ბოლოს ასევე ფასდება სკოლაში არსებული სიტუაცია და ამიტომაც კარგად ვხედავთ, სად იყო სკოლა სწავლის დასაწყისში და რაზე გავიდა წლის ბოლოს.

ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს საკლასო ოთახებში იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს მორგებული იმ მიზანთან, რომლის დანერგვაც ჩვენ გვსურს“ . – ამბობს დგებუაძე „კვირის თემასთან“ და განმარტავს, რომ ზოგადი განათლების მიმართულებით, მიმდინარე რეფორმის მიზანია –  კრიტიკულად, ინოვაციურად, შემოქმედებითად მომზადებული ახალგაზრდები გვყავდეს და ამ ბავშვებისთვის ის სოციალური გარემო, რომელიც სკოლაში არსებობს, საინტერესო  და განვითარებაზე ორიენტირებული იყოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g