რესპუბლიკურ საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი ინფიცირებული არ მიუღია და დღეის მდგომარეობით, კლინიკაში ინფიცირებული 9 პაციენტი რჩება. ლევან გოფოძის განმარტებით, ინფიცირებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გარდა ერთი პაციენტისა, რომელიც ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება. პაციენტს კოვიდის გარდა აღენიშნება სეფსისი, პნევმონია და სხვა თანმდები დაავადებები.
„კოვიდ დადასტურებული პაციენტების რიცხვი არის ცხრა. არ გვყავს ახალი პაციენტი. გუშინწინ გადმოვიყვანეთ საკარანტინო ზონიდან ერთი პაციენტი, რომელსაც იქ დაუდასტურდა კორონავირუსი, მაგრამ მისი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. ამ პაციენტებიდან ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გარდა ერთი პაციენტისა, რომელიც მართვით სუნთქვაზეა ისევ, თუმცაღა მისი მდგომარეობა წინა დღეებთან შედარებით, თანდათანობით გაუმჯობესდა. ამჟამად არის სეფსისი, ასევე პნევმონია, დისტრესსინდრომიდან თანდათანობით გამოვიდა” – აცხადებს ლევან გოფოძე.
გოფოძის განცხადებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისათვის 5 ინფიცირებული მედიკოსი მკურნალობს, მათ შორის ორის გაწერა ხვალ იგეგმება.
ამასთან, ლინიკის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ცხელების ცენტრში 19 ადამიანი იმყოფება, მათგან 9 პირი აღნიშნულ სივრცეს დღეს დატოვებს. რაც შეეხება საეჭვო სიმპტომების მქონე პირებს, გოფოძის განმარტებით, ისინი ექიმის დაკვირვების ქვეშ რჩებიან.
“სულ დაგვრჩა ხუთი მედიკოსი. შვიდი იყო და ორი გავუშვით. ხვალისთვის ვფიქრობთ, რომ კიდევ ორს გავუშვებთ, დაგვრჩება სამი. საბედნიეროდ, ჩვენი მედიკოსების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთს აქვს პნევმონია, მაგრამ კლინიკურად მისი მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია“- განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა.