რესტორანი ”ელარჯი” მომხმარებელს სოფლის ნატურალური პროდუქციით დამზადებულ კერძებს სთავაზობს. ყურადღება ძირითადად მეგრულ სამზარეულოზეა გამახვილებული, თუმცა მენიუ საქართველოს სხვა დანარჩენი კუთხეების კერძებსაც მოიცავს.
როგორც ”ფორტუნას” ”ელარჯის” გენერალურმა დირექტორმა მიშა ბარამაშვილმა განუცხადა, რესტორანში სხვადასხვა სახეობის ყველიც იწარმოება, მათ შორის სულგუნი.
”ჩვენთვის პრიორიტეტულია სამზარეულოს მაღალი ხარისხი. შესაბამისად, აქცენტს ნატურალურ პროდუქციაზე ვაკეთებთ. ამასთან, ჩვენს მომხმარებელს შეუძლია მობრძანდეს და რესტორანშივე წარმოებული სულგუნი და ყველის სხვა სახეობები დააგემოვნოს”, – განმარტა მიშა ბარამაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ”ელარჯი” პრემიუმ კლასის რესტორანია, სადაც კლიენტების მომსახურებაზე კვალიფიციური კადრები ზრუნავენ. გარდა ამისა, ”ელარჯში” მისულ სტუმრებს განწყობის ამაღლების შესაძლებლობაც აქვთ.
”გვაქვს მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა, მათ შორის საქსაფონი და ვიოლინო. გარდა ამისა, გვყავს ქართული ფოლკლორული ცეკვების შემსრულებლები. ამ ყოველივეს ნახვა და მოსმენა კი ჩვენს სტუმრებს საღამოს 19:00-დან 24:00 საათამდე შეუძლიათ”, – აღნიშნა რესტორნის გენერალურმა დირექტორმა.
მიშა ბარამაშვილის თქმით, რესტორანი მომხმარებელს შემსრულებლებთან დაკავშირებით მუდმივად სთავაზობს სიახლეებს.
3 დეკემბერს ”ელარჯში” მისული სტუმრების განწყობაზე ჯგუფი ”ქუჩის ბიჭები” იზრუნებს.
ცნობისთვის, ”ელარჯი” თბილისთან ახლოს, ნატახტარში მდებარეობს. რესტორანი 2016 წლის ივლისში გაიხსნა და აქ ამ დროისთვის 20 ადამიანია დასაქმებული. როგორც რესტორნის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, საზოგადოების მხრიდან თბილისში ”ელარჯის” გახსნაზე დიდი მოთხოვნაა, შესაბამისად, სამომავლოდ ახალი ფილიალის დაარსებაც იგეგმება.