საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი ჩინური ვაქცინებისა და მათი სანდოობის შესახებ ვრცელ სტატუსს აქვეყნებს. ექიმი მიიჩნევს, რომ ავტორიტარულ სახელმწიფოებში ჩინური ვაქცინის გამოყენება უფრო მეტ კითხვას აჩენს.
რევაზ ბოჭორიშვილი:
„ჩინურ ვაქცინებზე სამედიცინო თვალსაზრისით მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ სანდო მონაცემები არ არსებობს… არც ეფექტურობაზე და არც უსაფრთხოებაზე.
აი, ისეთი, „ფაიზერის“, „მოდერნას“, „ასტრაზენეკას“ შესახებ როგორიც გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალებში… დავიჯერო, არ აინტერესებთ საქართველოში? თუნდაც ფილერებზე რა ხდება? დღეს ხომ ყველაზე აქტუალური კითხვა ესაა?
უფრო სერიოზულად კი, იმ ქვეყნების მარეგულირებელი ინსტანციები, სადაც ეს ვაქცინები გამოიყენება, მუდმივად აქვეყნებენ დეტალურ მონაცემებს გვერდით მოვლენებსა და გართულებებზე. საფრანგეთის მედიკამენტების უსაფრთხოების სააგენტოს (ANSM) ბოლო მონაცემები აქ არის მოყვანილი: http://www.amb-chine.fr/fra/zgzfg/zgsg/lsb/t1862090.htm?fbclid=IwAR3-KsES1jg758M3J8s4RprQKBBVkCYvV_F03nRP69OPmOilj5eW6FQRrI0
მსგავსი ჩინური მონაცემები უნახავს ვინმეს, ათეულ მილიონ აცრილზე?
საეჭვო და ავტორიტარული რეპუტაციის ხელისუფლების ქვეყნებში (ბრაზილია, თურქეთი, უნგრეთი და სხვა) ჩინური ვაქცინების მასობრივი გამოყენება ჩემთვის პირადად ბევრ კითხვას უფრო აჩენს და მათი სარგებლიანობის არგუმენტად არ გამოდგება…
ვაქცინების უსაფრთხოების შესახებ დასმულ კითხვაზე ჩინეთის ელჩმა პირდაპირ განაცხადა, „ტრადიციული“ მეთოდით მზადდება და ამიტომ უსაფრთხოაო…
“ტრადიციული“, ცოცხალი ვირუსის ინაქტივირების მეთოდიკა პოტენციურად უფრო საშიშია… თუნდაც პოლიომიელიტის ვაქცინის შექმნის ისტორია ამის მაგალითებს იძლევა… სირცხვილია ამ „ტრადიციულობაზე“ თამაში…
ჯანმოს მიერ იქნება (იქნება!) დამტკიცებულ-აღიარებულიო, მალეო, ერთხმად, ყველაზე ძლიერ არგუმენტად იმეორებენ… ჰოდა, ბატონებო, ჯანმომ არ ბრძანა, პირდაპირ, მიკივ-მოკიბვის გარეშე, „რემდესივირი“ არ გამოიყენოთო, მერე, დაუჯერეს საქართველოში? როცა გვინდა, ჯანმოს სიტყვა შეურყეველი კანონია და როცა არა…
და ბოლოს, სულ ახლახან მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, ჩინეთი უცხოელებისთვის იხსნება, ოღონდ მხოლოდ აცრილებისთვის… ჩინური ვაქცინებით. დიახ, მხოლოდ ჩინურით. ოფიციალური ინფორმაციაც არის, საელჩოების საიტებზე. აგერ საფრანგეთში ჩინეთის საელჩოს გვერდზე პირდაპირ წერია ეს. თან ხაზგასმულია, საფრანგეთში ჩინური ვაქცინები არ გამოიყენება, ამიტომ სხვა ქვეყნებში შეგიძლიათ გაიკეთოთო… ცოტა არ იყოს ,არაკეთილსინდისიერი პოლიტიკური სვლაა, არა?
ჰოდა, მე მიჭირს, ვენდო ამ ქვეყანას, მის ვაქცინებს, თუნდაც „საჩუქრად“ გადმოცემულს… ვაქცინაციის მომხრეობა არ ნიშნავს, ყველანაირი დაბოლება გავატარო. თანაც, მიმაჩნია, ჯერ არააპრობირებული ჩინური ვაქცინის შემოტანა და მისი ისეთი პრეზენტაცია, როგორიც გაკეთდა, ვაქცინაციის საქმეს არ წაადგება. პირიქით“.