„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები მორიგ ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ საქართველოში რევოლუციური სცენარის ამოქმედება ჯერ კიდევ 3 წლის წინ დაიწყო.
როგორც დეპუტატების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, „ქართული ოცნების“ მიმართ საელჩოს იმთავითვე არ ჰქონდა ომში ჩართვის იმედი, რადგან ზუსტად იცოდნენ, რომ პატრიოტული გრძნობები მის ლიდერებს საკუთარი ქვეყნის განადგურებაზე წასვლის შესაძლებლობას არ მისცემდა:
“შეუძლებელია ქვეყანა ოდნავ მაინც გიყვარდეს და ისეთ ომში შეხვიდე, რომელშიც ის სრული განადგურებისთვის არის განწირული. ბუნებრივია, ამ ყველაფერზე „ქართული ოცნების“ ლიდერები არაფრის ფასად არ წავიდოდნენ, უსამშობლო ნაციონალები კი საქართველოს მეორე ფრონტად ისე აქცევდნენ, რომ ომის შესაძლო შედეგებზე კითხვასაც კი არ დასვამდნენ. სწორედ ამიტომ ცდილობდა საელჩო საპარლამენტო არჩევნებამდე და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სრული დაჟინებით ხელისუფლებაში ნაცმოძრაობისა და მისი სატელიტების მოყვანას.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, რევოლუციური სცენარის ამოქმედება ჯერ კიდევ სამი წლის წინ დაიწყო.
ყველას კარგად ახსოვს, როგორ ამოუგრიხა საელჩომ ხელისუფლებას 2020 წელს ხელი და როგორ აიძულა, ერთი მხრივ, უგულავა და ოქრუაშვილი ციხიდან გამოეშვა, ხოლო, მეორე მხრივ, საარჩევნო სისტემა ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტების სასარგებლოდ შეეცვალა. ხელისუფლება იძულებული გახდა, დათანხმებოდა 120/30 სისტემას ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერით, რომელიც ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის დაბრუნების შანსებს ერთიორად ზრდიდა. თუმცა, მტკივნეული ტაქტიკური დათმობების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ ეს ბრძოლა მოიგო და საპარლამენტო არჩევნებში 90 მანდატი მოიპოვა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ხელისუფლებამ სუფთად ჩაატარა და ეუთო/ოდირისა და სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს მისი არალეგიტიმურად ცნობისათვის საბაბიც კი არ დაუტოვა. თუმცა, მოხდა გაუგონარი რამ, საერთაშორისო მისიების დასკვნების წინააღმდეგ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, რადიკალურმა ოპოზიციამ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა და საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვა. საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ ოპოზიცია „ქართულ ოცნებასთან“ არჩევნების შესახებ დებატებს მუდმივად გაურბოდა, მანამდე კი მათ 200 საარჩევნო უბნის გადათვლაზეც თქვეს უარი. ყველაფრის მიზეზი კი ის იყო, რომ სინამდვილეში ოპოზიციას არჩევნების შესახებ სათქმელი და დასამტკიცებელი არც არაფერი ჰქონდა. ამის მიუხედავად, საელჩომ თავისივე ფავორიტი რადიკალური ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შეყვანა „ვერაფრით მოახერხა“. ნათელაშვილის „ფანჩატური“, რომელიც საზოგადოების უდიდეს ნაწილს სასაცილოდ არ ჰყოფნიდა, მაშინ სწორედ საელჩოს რევოლუციური სცენარის აღსასრულებლად შეიქმნა.
ოპოზიციის მტკიცება არჩევნების გაყალბების შესახებ ხმების პარალელური დათვლის (ე.წ. პივიტის) შედეგებზე იყო აგებული, რომლის გაყალბება საელჩომ, ყველანაირი ლოგიკით, არჩევნებამდე დაგეგმა. ამერიკული დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის – „სამართლიანი არჩევნების“ მაშინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში თქვა კიდეც, რომ ინფორმაცია ცდომილების შესახებ USAID-ის თანამშრომლებს ნოემბერში უკვე ჰქონდათ. თუმცა, აღნიშნული ცდომილება მხოლოდ 11 დეკემბერს იქნა აღიარებული.
არსებითად სწორედ გაყალბებულ პარალელურ ხმის დათვლას დააფუძნა ოპოზიციამ პარლამენტში არშესვლა, რაც ამერიკის საელჩომ მყისიერად „პოლიტიკურ კრიზისად“ გააფორმა და ხელისუფლებისგან ამ კრიზისის დაძლევა მოითხოვა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
