პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, “ქართული ოცნება” კატეგორიულად უარს აცხადებს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე, რომელიც რიგგარეშე არჩევნებს უკავშირდება. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ეს საკითხი დახურულია და არ განიხილება.
პრემიერობის კანდიდატი ფიქრობს, რომ ოპოზიციას არ სურს არც რიგგარეშე არჩევნები, არც სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები, არამედ სურს ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.
ღარიბაშვილის თქმით, გაუთავებელი ურთიერთბრალდებები და ურთიერთშეურაცხყოფები არავის სიამოვნებს, თუმცა, მისივე განცხადებით,”როდესაც თავს გესხმიან, გაბრალებენ ყველაფერს, გლანძღავენ უშვერი სიტყვებით, არნახული აბსურდული ბრალდებებით, ცილისწამებებით, გიჩნდება ერთადერთი სურვილი – უპასუხო და არ დატოვო რეაგირების გარეშე.”
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის აზრით, ეს კარგად გათვლილი მიზანია და ოპოზიციამ იცის, რომ აღნიშნული მოსახლეობისთვის აუტანელი და შეუძლებელია.
“მეორე მხრივ, ჩვენ უნდა დავინახოთ პოზიტივი ამ უნიკალურ შესაძლებლობაში. ვთქვათ პირდაპირ, რომ ვერ ვინატრებდით, „ნაციონალური მოძრაობის,“ ამ რადიკალური დესტრუქციული ძალების წარმომადგენლები არ შემოსულიყვნენ პარლამენტში. ეს შეიძლება, ყოფილიყო ჩვენი ოცნება, მაგრამ ასე მოხდა ბუნებრივად, მათივე არჩევანითა და სურვილით.
თუ მოახერხებენ ოპოზიციის წარმომადგენლები, გაემიჯნონ სააკაშვილის ძალადობასა და შანტაჟს, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, დიალოგისთვის, ცხარე დებატებისთვის, რაც ჯდება თანამედროვე, დემოკრატიული ქვეყნისთვის მიღებულ პრაქტიკაში,” – განაცხადა პარლამენტში ღარიბაშვილმა.