საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ რიგგარეშე სხდომის არდანიშვნა კონსტიტუციასთან შეუსაბამოა, თუმცა მსგავსს ქმედებებს პარლამენტი პრეზიდენტისგან მიჩვეულია.
როგორც კობახიძემ განაცხადა, გიორგი მარგველაშვილმა შექმნა პრეცედენტი იმის, რომ არ დანიშნოს რიგგარეშე სხდომები.
„ეს მოსალოდნელი იყო, თუმცა კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტი რიგგარეშე სხდომას ნიშნავს პარლამენტის მოთხოვნით და მთავრობის წარდგინებით. წარდგინებას და მოთხოვნას შორის ზუსტად ის განსხვავებაა, რომ ერთ შემთხვევაში დისკრეცია აქვს პრეზიდენტს, მეორე შემთხვევაში, როცა პარლამენტის მოთხოვნაზეა საუბარი, პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს რიგგარეშე სხდომა. შესაბამისად, სხდომის არდანიშვნა არის კონსტიტუციასთან შეუსაბამო და ეს არის ასევე, პარლამენტისადმი უპატივცემულობის გამოხატულება, თუმცა ამას მიჩვეული ვართ,“ – განაცხადა კობახიძემ.