LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიონის ხეობის გადასარჩენად: პროტესტი ნამახვანის ჰესების კასკადის წინააღმდეგ

245
125565308-287654115890353-5121225570272092483-n

რიონის ხეობის სოფლების მოსახლეობა საერთო მიზნის გარშემო გაერთიანდა და თითქმის ერთი თვეა, საპროტესტო აქციებს უწყვეტად მართავს.

მათი მოთხოვნაა, შეწყდეს ჰიდროელექტროსადგურის მასშტაბური კასკადის – ნამახვან ჰესების მშენებლობა, რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს და კომპანიამ, რომელიც სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს, ადგილიდან ტექნიკა გაიყვანოს.

„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ შესრულებული და მიმდინარე პროექტების ჩამონათვალში, აღნიშნული კასკადის შესახებ წარმოდგენილ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ მისი დადგმული სიმძლავრე 433 მგვტ-ია. ექსპლუატაციაში შესვლის თარიღი 2025-2026 წელი. ხოლო საინვესტიციო ღირებულება 750 მლნ აშშ დოლარი. ტენდერი 2015 წელს გამოცხადდა, 2017 წელს კი გამარჯვებული კომპანია დასახელდა – „CLEAN ENERGY GROUP GEORGIA“ LLC (შპს „ენკა რინიუებლზ“). გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კასკადის მშენებლობაზე დადებითი გადაწყვეტილება 2020 წლის 28 თებერვალს გასცა.

წყალტუბოს რაიონის სოფელ ნამოხვანში, მოსახლეობამ 29 ოქტომბრიდან საპროტესტო აქციები განაახლა. მათ მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები გაშალეს და მორიგეობა დააწესეს.

როგორც ისინი აცხადებდნენ, სამინისტრომ მშენებელ კომპანიას 2021 წლის 13 აპრილამდე მისცა ვადა, რომ წარმოადგინოს პროექტის სრული ვარიანტი სეისმოლოგიურ, გეოლოგიურ და ჰიდროლოგიურ კვლევებთან ერთად. პროექტის სრული ვარიანტის არარსებობის შემთხვევაში კი, უწყებას დადებითი ნებათვის გაცემის უფლება არ ჰქოდა.

14 ნოემბერს, სოფელ ჟონეთში კვლავ გაიმართა საპროტესტო აქცია, რომელიც პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა.

17 ნოემბერს კასკადის მშენებლობის გამოძიების მოთხოვნით, გენერალურ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა ეკოლოგმა ლაშა ჩხარტიშვილმა. „ფორტუნა“ მას კომენტარისთვის დაუკავშირდა.

„საჩივარი შეეხება თავად მშენებლობის უკანონობას, საქართველოში, თუნდაც ფორმალური პროცედურების დარღვევით, არ არის სრულფასოვანი და დიდწილად ხელისუფლების ნებაზე არის დამოკიდებული. ნებართვის გაცემის გარეშე დაიწყო მშენებლობა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ აღნიშნულის უკან დგას სახელმწიფო კორუფცია და ჩვენ ვადანაშაულებთ კონკრეტულად ივანიშვილს და კალაძეს ამ მშენებლობასთან მიმართებაში.
ასევე ვითხოვთ გამოძიებას იმ უკანონო ძალის გამოყენებით მასობრივ და სასტიკ დარბევასთან დაკავშირებით, რომელიც განხორციელდა აღნიშნული მშენებლობის მოწინააღმდეგე ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ“, – გვითხრა ლაშა ჩხარტიშვილმა.

 

„შეწყდეს რაჭა-ლეჩხუმში დამანგრეველი ჰესების მშენებლობა“ – ამ სახელწოდებით პეტიცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

როგორც წერილობით მიმართვაში ვკითხულობთ, ონის და ნამახვანის კასკადები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მდინარე რიონის ხეობას და ბუნებას, არამედ – რაჭის, ლეჩხუმის და ქუთაისის მოსახლეობასაც.

მშენებლობაზე ნებართვის გაცემის შემდეგ, პროექტზე დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა ასოციაცია „მწვანე ალტერნატივამაც“. ორგანიზაციაში აცხადებდნენ, რომ არ იყო გათვალისწინებული ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, მოსახლეობის ჯანმრთელობა და სეისმური საკითხები.

15 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში, რომლის ხელმომწერებიც არიან „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“, „მწვანე ალტერნატივა“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას:

„შეწყვიტოს რეპრესიული მეთოდების გამოყენება ადგილობრივი მოსახლეობის მშვიდობიანი და სამართლიანი პროტესტის წინააღმდეგ და დაუყოვნებლივ შექმნას მოსახლეობასთან რეალური დიალოგის ფორმატი“.

როგორია უფლებამოსილი და პასუხისმგებელი უწყებების პოზიცია და რა პასუხი აქვთ აღნიშნულ ბრალდებებზე – „ფორტუნამ“ სცადა დეტალების გარკვევა, თუმცა პასუხების მიღება ვერ მოახერხა ვერც ეკონომიკის, ვერც გარემოს დაცვის სამინისტროსგან და ვერც „ენერგეტიკის განვითარების ფონდისგან“.

პროცესების შეფასება ვთხოვეთ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის/დედამიწის მეგობრები – საქართველოს“ თავმჯდომარეს, ნინო ჩხობაძეს:

„მშენებლობის ნებართვა ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გაიცა 2016 წელს, უფრო სწორედ, ეკოლოგიური ექსპერტიზა კეთდებოდა როგორც თანმდევი დოკუმენტი მშენებლობის ნებართვისთვის და რომც ყოფილიყო უარყოფითი, მაშინდელი მშენებლობის კანონი ისე მოქმედებდა, რომ ნებართვის გაცემა მაინც შეიძლებოდა.

ეკოლოგიური ექსერტიზის დასკვნა იყო გაცემული ერთ-ერთ წინა არსებულ პროექტზე, რომელშიც თავისთავად იყო მოთხოვნები, რომ უნდა ჩატარდეს კვლევები და ა.შ.

ამის შემდეგ, კომპანიამ შეცვალა პროექტი და, ჩვენდა სამწუხაროდ, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება უკვე გაცემულია არა მშენებლობა-ექსპლუატაციაზე, არამედ მხოლოდ ექსპლუატაციის ცვლილებებია ჩაწერილი შიგნით. ამასობაში შეიცვალა კაშხლის ტანის ადგილმდებარეობა, გადაიწია კილომეტრნახევარზე ზემოთ და წყლის სარკემ მოიმატა 1 მეტრამდე.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მიხედვით, საშიში გეოლოგიური პროცესების გადათვლა მოხდა არა ახალი, არამედ ძველი მონაცემებით.

ეს არის შემაშფოთებელი. არ არის გათვალისწინებული მეწყერები, რომელიც არის ზედა ნაწილში და შეიძლება მოხდეს მისი გააქტიურება. არ ვიცით რამდენი გვაქვს წაყალი. აშკარად შეცვლილია პროექტის კონფიგურაცია და ეს რა ზეგავლენას მოახდენს გარემოზე, ბოლომდე გაწერილი არ არის.

როცა მომატებული რისკი გვაქვს კლიმატის ცვლილების ფონზე, შეიძლება მოხდეს ისეთი წყალმოვარდნა, რომ დაანგრიოს ყველაფერი და საფრთხის წინაშე დააყენოს არა მხოლოდ ლეჩხუმი და წყალტუბო, არამედ ქუთაისიც.

რაიმე რომ მოხდეს, ჩვენ ვერ მოვახერხებთ მოსახლეობის ევაკუაციას. თან XXI საუკუნეში დადასტურდა, რომ ყველა მაღალი, თუნდაც გრავიტაციულად აშენებული კაშხალი, ძალიან დიდ რისკს შეიცავს და მთელს მსოფლიოში ცდილობენ მაღალი კაშხლების მშენებლობა იყოს შეჩერებული”.

magti 5g