გაერთიანებული ოპოზიცია აცხადებს, რომ 4 აპრილს დაგეგმილი საპროტესტო აქცია კორონავიუსის გამო შესაძლოა, გადაიდოს.
ოპოზიციამ საკუთარი შესაძლებლობები რეალურად შეაფასა და ჩათვალა, რომ მოსახლეობა მათ მიერ დაგეგმილ აქციაზე აღარ მივიდოდა, თუ კორონავირუსიც მათ წინააღმდეგ მოქმედებებს? ამ კითხვით „ფორტუნამ“ ექსპერტებს მიმართა.
ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ყველაზე კარგი იქნება, თუ ქვეყანა ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში გადავა.
„კორონავირუსი ყველას წინააღმდეგაა, ის ერთმანეთისგან არ არჩევს ხელისუფლებასა და ოპოზიციას. ერთი პლუსი აქვს კორონავირუსს, რომ „დემოკრატიულად“ იქცევა და ამ მხრივ განსხვავებას ვერ ხედავს. სიმართლე გითხრათ, არ მიმაჩნია 4 აპრილს დაგეგმილი აქცია მნიშვნელოვან მოვლენად. საპროტესტო აქციის გამართვა მოგვიანებითაც შეიძლება და არ იქნება დაგვიანებული. სასურველი იქნება, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ სასურველ შედეგს მიაღწიონ, რომ ჩვენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში გადავიდეთ. გასაგებია, რომ ხელისუფლებამ მთელ საზოგადოებას დიდი გადაგდება მოუწყო პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით. რისი გამოგლეჯვაც შეიძლება, უნდა გამოვგლიჯოთ ხელისუფლებას და პასუხი არჩევნების გზით მოვითხოვოთ“, – აცხადებს ექსპერტი.
ხუხაშვილის აზრით, ამომრჩეველთა უმეტესობა არჩევანის გარეშე არის დარჩენილი.
„ამომრჩევლის დიდი უმრავლესობა არჩევანის გარეშე არის დარჩენილი. არ მგონია, რომ ამომრჩეველი მომხრე იყოს ისეთი აქტიური მოქმედებებისთვის, რაც სტაბილურობას შეუქმნის საფრთხეს. უმჯობესია, ოპოზიციამ ტრადიციულ დღის წესრიგზე იმუშაოს და დაარწმუნოს ელექტორატი, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უკეთესი მდგომარეობა იქნება. აქციების გამართვა, აქციებზე თავების თვლა და მერე „მთავარი არხის“ და „იმედის“ დრონით სიტუაციაზე დაკვირვება,( რომელიც ამ შემთხვევაში ძალიან მაღლა დაფრინავს), ეს ყველაფერი უკანა „პლანზე“ უნდა გადავიდეს და ეს აღარ არის ეფექტური. და ეს ყველაფერი ვერაფერს ცვლის. მოწინააღმდეგე მოწინააღმდეგედ რჩება. ამიტომ ჯობია, რომ მომავლის იმედები შევქმნათ და მას დავუკავშიროთ საკუთარი პოლიტიკური გეგმები. ამ მხრივ არის ჩემი აზრით სამუშაო. კუნთების თამაშით ხელისუფლებას ვერ მოუგებ. კუნთებს მუდმივი კვება სჭირდება. გასაგებია, რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლებას უფრო მეტი რესურსი აქვს, ვიდრე ოპოზიციას“, – აცხადებს ხუხაშვილი სააგენტოსთან საუბარში.
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის შანსები არც აქციამდე და არც აქციის შემდეგ დიდი არ იქნება.
„ადამიანთა დიდი რაოდენობით გაერთიანებული ოპოზიციის აქციები კორონავირუსამდეც არ გამოირჩეოდა. აქციების ორგანიზატორებს შეიძლება აწყობს კიდეც, რომ რაიმე მიზეზით აიცილონ თავიდან მარცხი. მგონია, რომ მხოლოდ კორონავირუსი არ უნდა იყოს ამ გადაწყვეტილების საფუძველი.
კითხვაზე, რატომ დაგეგმა ოპოზიციამ დაახლოებით ერთი თვით ადრე აქცია (რაც საქართველოს ისტორიას არ ახსოვს), ექსპერტი პასუხობს, რომ ეს შეიძლება მათ სისუსტეზე მიუთითებდეს.
„თუ გახსოთ, ბოდიშიც მოიხადეს აქციის დაგეგმვისას, უფრო ადრე ვერ ვახერხებთო. იმ პერიოდში აქციის ორგანიზატორებს მოსახლეობა საყვედურობდა, აქამდე რატომ ვერ გაარკვიეთ, რას აპირებთო. ოპოზიციამ შეიცვალა გეგმები და გადაწყვიტა, აღარ იმოქმედოს ბოქლომების მეთოდებით. რომ ჰკითხა საზოგადოებამ როგორ აპირებთ ბრძოლასო, მგონი, სწორედ ამან გამოიწვია ამ დრომდე გადატანა. თქვეს, რომ აქციაზე გააჟღერებდნენ სამოქმედო გეგმას.
გაერთიანებული ოპოზიციის შანსებზე როცა არის საუბარი შეიძლება, ვინმეს ეწყინოს, მაგრამ ჩემ აზრს ვიტყვი. მეეჭვება, რომ ოპოზიციას გამარჯვების შანსი ჰქონდეს ამ ეტაპზე, რადგან მოსახლეობამ უნდა აირჩიოს ქვეყნის მმართველი. მეეჭვება, რომ მოსახლეობას სურდეს ქვეყნის მმართველებად იხილოს ადამიანები, რომლებსაც ის ხიბლი აქვს, რაც გამოავლინა ოპოზიციამ. არცთუ ისე სერიოზული და ხშირად ისტერიული. მგონი, ამ სტილის არჩევა ოპოზიციისთვის იყო შეცდომა და როცა შეცდომით მოქმედებს რომელიმე მხარე, ბუნებრივია, გამარჯვება ძნელია“, – განაცხადა „ფორტუნასთან“ საუბარში რამაზ საყვარელიძემ.