რა განსხვავებაა ინდივიდუალურ, ჯგუფურ და გუნდურ ქოუჩინგს შორის – თემაზე გადაცემაში ,,FM ქოუჩი” ბიზნეს ქოუჩმა ნინო ვახანიამ ისაუბრა.
ვის სჭირდება გუნდური ქოუჩინგი?
თუ ქოუჩთან მუშაობს 2 ან მეტი ადამიანი ერთად, მათ უკვე უტარდებათ გუნდური ქოუჩინგი. ასეთი მომსახურებით სარგებლობენ ის ადამიანები, ვისაც გუნდთან მუშაობა აინტერესებს, მაგალითად, პერსონალის მართვის განყოფილების თანამშრომლები, ორგანიზაციის ხელმძღვანელები, დეპარტამენტის უფროსები, დირექტორები, ოჯახის წევრები, წყვილები… ეს პროცესი, პირველ რიგში, არის მუშაობა საკუთარ ღირებულებებზე, წინააღმდეგობრივი ბარიერების აღმოჩენაზე, საერთო მიზნის ფორმირებაზე, მეტად გახსნილობასა და ურთიერთნდობის ატმოსფეროს შექმნის საკუთარი ხედვის შემუშავებაზე. ზოგჯერ, ორგანიზაციაში მენეჯერი ღირებული თანაშრომლის მხრიდან მოულოდნელად აწყდება ცვლილებების მიმართ იმუნიტეტს, ვერ ხედავს მოტივაციას ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობისას და აღმოჩნდება დილემის წინაშე, როგორც ლიდერი. მის წინაშე არის გამოწვევა, გამოიცნოს, რა სჭირდება გუნდს „ახლა და ამჟამად“: ტრენინგები? კონსულტანტი? ახალი Hღ სამოტივაციო სქემა? თანაშრომელთა შეფასების ახალი სისტემა? მენტორი ადგილზე? ე.წ. “თეამ ბუილდინგ”-ი, თუ რაღაც ახალი რამ, რაც მეტ ნათელს მოჰფენს ერთი შეხედვით მარტივ, მაგრამ გადაუჭრელ ამოცანას. სწორედ ამ დროს ერთვება ქოუჩი, რომელიც მთლიან გუნდთან მუშაობს, როგორც ერთ კლიენტთან. მისი ფასილიტაცია ეხმარება მათ გაერკვნენ დასახული ამოცანის არსში და გადაადგილდნენ შემდეგ საფეხურზე.
რით განსხვავდება ინდივიდუალური, ჯგუფური და გუნდური ქოუჩინგი?
ქოუჩინგი, პირველ რიგში, არის არის კითხვების დასმის ხელოვნება იმისთვის, რომ ადამიანმა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლინება შეძლოს.
ინდივიდუალური ქოუჩინგის დროს კლიენტი თვითონ ირჩევს თემას და დამოუკიდებლად მუშაობს ქოუჩთან.
ჯგუფური ქოუჩინგის დროს ინდივიდებს აქვთ ერთი საერთო ინტერესი, მაგრამ სხვადასხვა მიზანი. მათი ბიზნეს ამოცანაა, იმუშაონ რომელიმე ერთ თემაზე ან განივითარონ რაიმე კომპეტენცია, რაც საერთო ინტერესის სფეროს წარმოადგენს ყველა წევრისათვის. მათ არ აკავშირებთ ერთმანეთთან რომელიმე კონკრეტულ მიზანზე მუშაობა, რაც ერთობლივი ძალისხმევით უნდა გადაიჭრას.
ხშირად, ორგანიზაციები ჯგუფურ ქოუჩინგს მიმართავენ იმ შემთხვევაში, როცა დრო ან რესურსი არ არის ინდივიდუალური მუშაობისათვის, როცა დიდი რაოდენობით სხვადასხვა მიმართულების საშუალო მენეჯერების ან პროფესიონალების განვითარება აქვთ განზრახული და სურთ, რომ თითოეულმა მათგანმა მეტი რეფლექსია მოახდინოს მიმდინარე საკითხებზე, მეტად ამოწიოს საკუთარი შესაძლებლობები და ახლებურად მიუდგეს მის წინაშე დასახულ ამოცანებს. ქოუჩი არც ასწავლის და არც ლექციას კითხულობს, არამედ პარტნიორობს ჯგუფთან ეფექტიანი სააზროვნო გარემოს შესაქმნელად.
გუნდური ქოუჩინგი არის ფასილიტაციის ხელოვნება, როგორ გამოვიწვიოთ რეალური გუნდი საკუთარი შრომისუნარიანობის მაქსიმალურ გამოვლენაში ისე, რომ ორგანიზაციის მიზნების გადაჭრის დროს მიიღონ სიამოვნება და კმაყოფილება. მისი ბიზნეს ამოცანაა, თითოეული ინდივიდის ცოდნა და უნარები მიმართული იყოს საერთო შედეგის მიღწევაზე, რომელზეც პასუხისმგებლობას იღებს თითოეული მათგანი. ამ დროს სესიებს ერთად ესწრებიან ხელმძღვანელი და მისი უშუალო ყველა დაქვემდებარებული.
გუნდური ქოუჩინგის დროს ერთი გუნდის თანამშრომლებს სურთ მიაღწიონ საერთო მიზანს. აქ მნიშვნელოვანია როლების მორგება და თითოეული წევრის მიერ საკუთარი წვლილის აუცილებლობის დანახვა. ეს ამაღლებს მათ მოტივაციას და ურთიერთთანამშრომლობისა და სანდოობის ატმოსფეროს ქმნის კოლექტივში. გუნდური ქოუჩის ამოცანაა, მათ დაეხმაროს ხედვისა და სტრატეგიის განსაზღვრაში, საკუთარი მისიებისა და ღირებულებების დანახვაში, ახალი წევრების მიმართ ნდობითი დამოკიდებულების გაჩენაში, პრობლემებზე ღიად და „უსაფრთხოდ“ საუბრის ჩვევის განვითარებაში.
გუნდი სესიების დროს ერთად დებს ე.წ. „კონტრაქტს“, ადგენს თამაშის წესებს სხვათა აზრის პატივისცემის დაცვით, განსაზღვრავს და გასაგებად განმარტავს მიზანს და მისი მიღწევის შემაფასებელ კრიტერიუმებს. ერთიანი ღირებულებებისა და ხედვების შემუშავება ხდება ისე, რომ არ დაიკარგოს მთავარ ამოცანა – კომპანიის მიზანი. ამ დროს ხდება ფარული და ღია კონფლიქტების მოგვარება, ძლიერი დებატები – ტოქსიური ურთიერთობების გარეშე, ნდობის გაღვივება, აზრთა სხვადასხვაობის დროს ფოკუსი საკითხზე და არა პიროვნულ თვისებებზე; იქმნება კრეატიული გარემო ინიციატივებისა და ახალი იდეებისათვის; „მე“-დან „ჩვენ“ პოზიციაში გადასვლა გუნდის თითოეული წევრის როლის დადგენით; გუნდის მისიაში იქმნება ყველაზე მნიშვნელოვანი – ახალი ორგანიზაციული კულტურა.