LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რით განსხვავდება სტრესის მიმართ ქოუჩინგური მიდგომა – FM ქოუჩი

27
couchi

გადაცემის ლაივი LIVE

სტრესი და ქოუჩინგი – თემაზე გადაცემაში „FM ქოუჩი“ ქოუჩმა ეთერ მაზანაშვილმა ისაუბრა.

რა არის სტრესი მეცნიერული თვალსაზრისით?

ტერმინი სტრესი შემოიტანა ჰანს სელიემ, რომელმაც ამით აღნიშნა ორგანიზმის ნებისმიერი არასპეციფიკური პასუხი ცხოვრებისგან მომდინარე ახალ მოთხოვნებზე. არსობრივად, სტრესი არის მდგომარეობა, რომელშიც ვიმყოფებით ნებისმიერი ახალი სიტუაციისადმი ადაპტაციის პროცესში. სტრესში ვართ მაშინაც, როცა ვმოგზაურობთ და აღფრთოვანებულები ვართ კურორტის კომფორტული პირობებით, როცა ვქმნით ოჯახს, და მაშინაც, როცა წარუმატებლობას განვიცდით.

პირველი ორი მაგალითი ეუსტრესის ანუ დადებითი სტრესის შემთხვევაა, უკანასკნელი კი დისტრესისა, ანუ ნეგატიური სტრესის. ეს მეცნიერული განსაზღვრებაა. დისტრესი ადამიანზე უარყოფით გავლენას ახდენს და თუ ეს მდგომარეობა დიდხანს გრძელდება, ადამიანის ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობას საკმაო ზიანი ადგება. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, განვითარებული გვქონდეს უნარი – ამოვიცნოთ სტრესული მდგომარეობა, განვსაზღვროთ მასთან გამკლავების სტრატეგია და ვიმოქმედოთ, რათა მაქსიმალურად შევამციროთ ჩვენზე ზემოქმედების ზიანი და მივიღოთ სასურველი შედეგიც.

რით განსხვავდება ქოუჩინგური მიდგომა ამ საკითხისადმი?

პირველ რიგში, ეს არის აბსოლუტურად ინდივიდუალური მიდგომა, რაც გულისხმობს იმას, რომ რამდენი ადამიანიც არსებობს ამ სამყაროში, სწორედ იმდენი უნიკალური სტრატეგიაც გაგვაჩნია, მეტ-ნაკლებად მსგავსი ან განსხვავებული, მაგრამ მაინც ერთადერთი და განუმეორებელი. მეორე, ქოუჩინგი მომავალზე და შედეგებზეა ორიენტირებული, შესაბამისად, ის მუშაობს არა სტრესის ზეგავლენის განსაქარვებლად, არამედ სტრეს გამძლეობის სტრატეგიის შემუშავებაზე, რომელიც კლიენტს მომავალში დაეხმარება, იოლად გაუმკლავდეს სტრეს ფაქტორებს, უფრო მოკლედ, სწრაფად შეძლოს დისტრესის ეუ-სტრესად გადაქცევა. რა თქმა უნდა, აქ წარსულის გამოცდილება საკმაოდ მნიშვნელოვანია, თუმცა მხოლოდ რესურსის თვალსაზრისით. კლიენტს შეუძლია აღადგინოს მის მეხსიერებაში არსებული სტრესთან გამკლავების საუკეთესო ვარიანტი წარსულიდან და შექმნას გაცნობიერებული სტრატეგია. და მესამე, ქოუჩინგის ეფექტიანობის ერთ-ერთი მიზეზი ადამიანის ღირებულებებზე კონცენტრირებაა. თითოეული ადამიანის ბედნიერება მათი უნიკალური ღირებულებების საფუძველზეა დამყარებული, შესაბამისად, სტრეს ფაქტორების, ჩვენს მიერ აღქმული საფრთხეების უკან ჩვენთვის მნიშვნელოვანი ღირებულებები იმალება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა გააცნობიეროს თავისი წამყვანი ღირებულება და შემდგომ სტრესული სიტუაციის წარმოქმნის შემთხვევაში, განიხილოს ყველა ის შესაძლებლობა, რომლითაც ამ ღირებულებების დაცვას შეძლებს. ასეთი სტრატეგიების შექმნის შესაძლებლობას ქოუჩინგში იძლევა პოზიტიური ფორმულირებით აზროვნება, რაც „არ მინდა“-ს „მინდა“-თი შეცვლას გულისხმობს. სტრესული სიტუაციის უარყოფით გავლენას, როგორც წესი იწვევს ჩვენი „არ მინდა“: არ მინდა კონფლიქტი, არ მინდა სამსახურის დაკარგვა, არ მინდა საყვარელ ადამიანთან დაშორება, არ მინდა ომი, არ მინდა ავადმყოფობა და ასე შემდეგ. თუ გავაცნობიერებთ, რა გვინდა ამ ყოველივეს ნაცვლად და ამ უსიამოვნო ფიქრებს ჩავანაცვლებთ პოზიტიური ფორმულირებით, დაახლოებით, ასეთ რამეს მივიღებთ: მე მინდა მშვიდი ურთიერთობები, ამ სამსახურის შენარჩუნება მინდა იმიტომ, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია „რაღაც გარკვეული ფაქტორი“ (ღირებულება), რომელიც მე შემიძლია სხვაგვარადაც შევინარჩუნო, მინდა ჯანმრთელობა (და ნაცვლად ნერვიულობისა, გონება კონცენტრირდება ყველა იმ საშუალებაზე, რომლითაც ჯანმრთელობის განმტკიცება იქნება შესაძლებელი) და ასე შემდეგ. ამგვარად, პრობლემა გამოწვევად იქცევა.

როგორი იქნება რეკომენდაციები ამ მიმართულებით?

ერთ-ერთი რეკომენდაცია, რასაც სიამოვნებით მივაწვდიდი მსმენელს – დააკვირდით, თქვენს „არ მინდებს“, გაეცანით თქვენს რეალურ მისწრაფებებსა და სურვილებს, განსაკუთრებით იქ, სადაც გრძნობთ, რომ ხშირად ისტრესებით. დავაკვირდეთ დღევანდელ სიტუაციას, უკრაინაში დაწყებული ომი როგორ მოქმედებს ადამიანებზე. ცხადია, დღევანდელი მდგომარეობა ძალიან გვსტრესავს. როგორ უმკლავდება ხალხი ამ სტრესს? როცა სტრესული სიტუაცია დიდხანს გრძელდება, მაგალითად, იგივე უკრაინაში ომის გახანგრძლივების პირობებში, საჭირო ხდება ფსიქოლოგებისა და ფსიქოთერაპევტების ჩართვა, თუმცა რომ დავაკვირდეთ, რამდენად წინ წამოიწია მათთვის ღირებულებებმა, როგორებიცაა სამშობლო, საკუთარი ხალხის სიყვარული და უამრავი სხვა, დავინახავთ, რომ მათი სტრეს მედეგობაც მოცემულ სიტუაციაში სასწაულებს ახდენს. ჩვენი თანამემამულეები კი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ადამიანების სიცოცხლე, მათი კეთილდღეობა, სიკეთე და ასევე წინ იწევს სამშობლოს, დამოუკიდებლობის, თანადგომის და სხვა მნიშვნელოვანი ღირებულებები, აქტიურად არიან ჩართულები უამრავ საქველმოქმედო და მხარდამჭერ აქციებში. შესაბამისად, ეს ადამიანები მძიმე სიტუაციის მსხვერპლის პოზიციიდან გმირების პოზიციაზე ინაცვლებენ. ეს არის მაგალითი იმისა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი, გავაცნობიეროთ, რომელ ღირებულებას ემუქრება საფრთხე სტრესულ სიტუაციაში და მოვძებნოთ გზები მათი დაცვისა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები