რკინიგზელები შიმშილობის დაწყებას აანონსებენ, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის პრეზიდენტმა, ვიტალი გიორგიძემ დღეს საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით, ამის მიზეზი სამი თანამშრომლის სამუშაო პირობების შეცვლაა. როგორც ის განმარტავს, უჩა ხვთისიაშვილს, ვახტანგ ცისკარიშვილსა და აკაკი ჭარელიშვილს, რომლებიც კახეთის რეგიონში მუშაობდნენ, უთხრეს, რომ მათი სამუშაო ადგილი დედაქალაქი იქნებოდა და ისინი მარნეული-გარდაბნის სარკინიგზო ხაზს მოემსახურებოდნენ. მათი პროტესტი კი იმ ფაქტმა გამოიწივა, რომ მათ ხელფასი იგივე ოდენობით დარჩებოდათ.
„შეუძლებელია, შევასრულოთ ჩვენი საქმიანობა რეგიონიდან 100-150 კმ-ის მოშორებით, რის საფუძველზეც მიუღებლად მიგვაჩნია ჩვენთან გაფორმებულ ინდივიდუალურ ხელშეკრულებაში ცალმხრივად შევიდეს ცვლილებები და შეიცვალოს არსებითი პირობა,“ – განმარტა უჩა ხვთისიაშვილმა.
რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის ცნობით, ადმინისტრაციამ ნაცვლად დასაქმებულებთან მოლაპარაკებების გამართვისა, მათი სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. რკინიგზელების თქმით, მათ ადმინისტრაციას 7-დღიანი ვადა მისცეს, რათა კარგად გაიაზრონ არსებული მდგომარეობის სიმძიმე. მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ისინი 14 აგვისტოდან შიმშილობის დაწყებას აანონსებენ.