საქართველოს რკინიგზის მოშიმშილე ორი თანამშრომლიდან ერთმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა შეწყვიტა.
საქართველოს რკინიგზის შენობასთან მესამე დღეა რკინიგზის ორი თანამშრომელი, უჩა ღვთისიაშვილი და ვახტანგ ცისკარიშვილი, შიმშილობენ. ვახტანგ ცისკარიშვილი შიმშილობის გამო შეუძლოდ გახდა და ექიმების რეკომენდაციით მან შიმშილობა შეწყვიტა.
დღეს, 18:00 საათზე, რკინიგზის დეპარტამენტთან პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას რკინიგზის და პროფკავშირების 7 თანამშრომელი დაიწყებს. პროფკავშირების თავმჯდომარის ინფორმაციით, ისინი დეპარტამენტთან მოშიმშილე უჩა ღვთისიაშვილის სოლიდარობის ნიშნად დაიწყებენ შიმშილობას.
რკინიგზის ორი გაფიცული თანამშრომელი მათთვის სამუშაო ადგილის შეცვლას აპროტესტებს. დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, ისინი სამუშაოდ მარნეულში გადაიყვანეს, თუმცა მათი თქმით, მათთვის ტრანსპორტირების და ცხოვრების ხარჯებს დეპარტამენტი არ უზრუნველყოფს.
რკინიგზის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ რკინიგზელთათვის ყველანაირი სამუშაო პირობა შექმნილია და მათ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამსახურიდან გაათავისუფლებენ.