დღეს, სადგურ სამტრედია I-ში, საწარმოო შემთხვევა მოხდა. სამუშაოს შესრულების პროცესში, სამორიგეო კოშკურიდან 56 წლის მამაკაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.
რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის შრომის ინსპექტორები ტრაგედიას ადგილზე შეისწავლიან და შესაბამის დასკვნას უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს.
შეგახსენებთ, შრომის სამინისტროს ინსპექტირების დეპარტამენტმა გასულ წელს შეამოწმა სს “საქართველოს რკინიგზა” და სამუშაო პროცესში, შრომის უსაფრთხოების დარღვევის უამრავი ფაქტი იქნა გამოვლენილი. გაცემული სარეკომენდაციო წერილი 700 გვერდს შეადგენს.
ასევე, ძალაში შევიდა და ამოქმედდა “შრომის უსაფრთხოების შესახებ” კანონი, რომელიც დამსაქმებელს რიგ ვალდებულებებს აკისრებს, მათ შორის, უსაფრთხო სამუშაო გარემოს ორგანიზების პროცესში, პროფკავშირის ჩართვისა და მონაწილეობის შესახებ.
რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი სრულ მზადყოფნას გამოთქვამს და მოუწოდებს ადმინისტრაციას, დაუყოვნებლივ დაიწყოს თანამშრომლობა პროფკავშირთან, შრომის უსაფრთხოების სათანადოდ ორგანიზების საკითხში.