49 წლის მილიარდერი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, კრეატიული და რისკიანი ადამიანია, რომელიც მარსის კოლონიზებაზე და სამყაროს შეცვლაზე ოცნებობს. ილონ მასკს ხშირად „ნამდვილ ტონი სტარკს“ უწოდებენ და ის პრინციპში, მარველის კომიქსების ლეენდარულ გმირს მართლაც ბევრი რამით წააგავს. თუმცა ტონი სტარკისგან განსხვავებით, მასკი მილიარდერად არ დაბადებულა. იგი მილიარდერი გახდა. მასკი ათასობით ახალგაზრდის შთაგონების წყაროა, თუმცა მისი ცხოვრების გზა იოლი არ ყოფილა. გთავაზოთ საინტერესო და უცნობ ფაქტებს „მეოცნებე მილიარდერის“ შესახებ.
მისი ბავშვობა საკმაოდ რთული იყო – ილონი სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები თეთრკანიანი ბავშვი იყო და ბუნებრივია, მუდმივი კონფლიქტები ჰქონდა თანატოლებთან. ერთ-ერთი ჩხუბის შემდეგ გამრუდებული ცხვირის ძგიდე მასკმა მხოლდო 41 წლის ასაკში გაკეთებული ოპერაციით გაისწორა.
12 წლის ასაკში ილონ მასკმა თავისი პირველი ვიდეოთამაში შექმნა და გაყიდა – 500 აშშ დოლარად. 12 წლის ილონის მიერ შექმნილი ვიდეოთამაში „ბლასტერი“ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის იყო და სხვა „კოსმოსურ“ თამაშებს ჰგავდა. ვიდეოთამაში ერთ-ერთმა სამხრეთაფრიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ 500 აშშ დოლარად შეიძინა.
ილონ მასკს ჯეიმს ბონდის ერთ-ერთი ავტომანქანა ჰყავს – მან 2013 წელს აუქციონზე 866,000 აშშ დოლარად იყიდა აგენტ 007-ის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული მანქანა – „ლოტუს ესპრიტი“, რომელიც 1977 წელს გადაღებულ ფილმში „ჯაშუში, რომელსაც ვუყვარდი“, წყალქვეშა ავტომობილია. მილიარდერის განცხადებით ბავშვობაში მას ეგონა, რომ ავტომობილს მართლა შეეძლო წყალქვეშ გადაადგილება და გული დასწყდა, როცა აღმოაჩინა, რომ ეს ასე არ არის. თუმცა ჩვენ ხომ ილონ მასკზე ვსაუბრობთ – ის გეგმავს ავტომობილის მოდიფიცირებას ისე, რომ მან მართლა შეძლოს ცურვა.
ილონ მასკი რობერტ დაუნი უმცროსის შთაგონების წყარო იყო. მას შემდეგ, რაც დაუნი უმცროსი „მარველ სტუდიომ“ ტონი სტარკის როლზე დაამტკიცა, მსახიობი რამოდენიმეჯერ ესტუმრა ილონ მასკს, რათა უკეთ შესულიყო როლში. მსახიობის თქმით იმაში, რომ მან „რკინის კაცი“ შესანიშნავად განასახიერა, ილონ მასკის წვლილიც არის.
მასკს თავისი შვილებისთვის სპეციალური სკოლა აქვს. კერძო სკოლა Ad Astra „სფეის იქსის“ ბაზაზე ფუნქციონირებს და მასში არა მხოლოდ ილონის შვილები, არამედ კომპანიის სხვა თანამშრომლების შვილებიც სწავლობენ. მილიარდერის განცხადებით ეს ჩვეულებრივი სკოლა არ არის, რადგან ჩვეულებრივი სკოლებისგან განსხვავებით აქ ბავშვები ძირითადად იმას სწავლობენ, რაც აინტერესებთ და შესაბამისად, ისინი ზრდასრულ ცხოვრებას ბევრად უკეთ მომზადებულები შეხვდებიან.
ილონ მასკმა სტენფორდის უნივერსიტეტში მხოლოდ 2 დღე ისწავლა. ილონი ფიზიკის ფაკულტეტის ასპირანტურაში 1995 წელს ჩაირიცხა, თუმცა ორ დღეში გადაწყვიტა, რომ უფრო მეტად ინტერნეტი აინტერესებდა და სწავლას თავი დაანება. ძალიან მალე მასკმა თავის ძმასთან ერთად კომპანია „ზიპ 2“ დააარსა, რომელიც მსურბველებს რუკებითა და კატალოგებით ამარაგებდა. ილონმა ეს კომპანია 1999 წელს 300 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა.
სტუდენტობისას მასკმა სახლში ღამის კლუბი მოაწყო – პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლის დროს თავის მეგობართან, ანდეო რესისთან ერთად მასკმა უზარმაზარი სახლი იქირავა, იმისათვის კი, რათა ქირის გადახდა შესძლებოდა, იქ ღამის კლუბი მოაწყო. წვეულებებს 1000-მდე ადამიანი ესწრებოდა, თუმცა როგორც რესი იხსენებს, მასკი მათში არ მონაწილეობდა. იგი ძირითადად თავის ოთახში, კომპიუტერთან ატარებდა დროს.
ილონს ინოვაციური ტრანსპორტის იდეა აქვს – მისი აზრით თანამედროვე ცხოვრების რიტმის გათვალისწინებით, ადამიანებს რაც შეიძლება ჩქარა გადაადგილება უნდა შეეძლოთ, ამისათვის კი საჭიროა გვირაბების სისტემა და ზეჩქაროსნული ტრანსპორტია. გვირაბში მოძრავ ტრანსპორტს ამინდი ვერაფერს დააკლებს, მისი სიჩქარის გათვალისწინებით კი დიდი მანძილების უმცირეს დროში დაფარვა იქნება შესაძლებელი. მასკის აზრით, ტრანსპორტის ფუნქციონირებისათვის საჭირო ენერგიის გამომუშავება მზის პანელებით შეიძლება, ამის წყალობით კი ეს ტრანსპორტი ბევრად იაფი იქნება, ვიდრე თვითმფრინავი.
ის ოჯახში ერთადერთი ცნობილი სახე არ არის – დედამისი მეი ილონის დაბადებამდეც მოდელი იყო და ასაკის მიუხედავად, მისი წარმატებული კარიერა დღესაც გრძელდება. 72 წლის მეი სხვადასხვა ბრენდების სახეა. გარდა ამისა იგი წარმატებული დიეტოლოგია და სხვებსაც ასწავლის, როგორ მისდიონ ცხოვრების ჯანსაღ წესს.
ილონ მასკი ადამიანის მარსზე გაგზავნას 2024 წელს გეგმავს – მისი თქმით, 2022 წელს წითელ პლანეტაზე „სფეის იქსი“ სატვირთო ხომალდებს გაუშვებს, 2024 წელს კი უკვე ადამიანებს შეეძლებათ გამგზავრება და შესაბამისად, დედამიწა აღარ იქნება ერთადერთი პლანეტა, რომელზეც ადამიანები ცხოვრობენ. მასკს მიაჩნია, რომ ადამიანს მარსის ტერაფორმირება, მისი ატმოსფეროს შეცვლა და წითელ პლანეტაზე ახალი სახლის აშენება შეუძლია და ეს უახლოეს მომავალში მოხდება.