LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობერტ დე ნირო არიანა გრანდეს ბრწყინვალესა და იდეალურს უწოდებს

227
photo-collage.png - 2026-10-12T172447.927

რობერტ დე ნირომ ემი პალმერის პოდკასტში სტუმრობისას არიანა გრანდესთან მუშაობის გამოცდილებაზე ისაუბრა.

საკულტო მსახიობმა ახალგაზრდა კოლეგას უმაღლესი შეფასება მისცა და მომავალ კინოსურათში მისი მონაწილეობით კმაყოფილება გამოხატა.

„არიანა უბრალოდ ბრწყინვალე იყო. დიახ, ძალიან საყვარელი ახალგაზრდა ლედია. ამ როლისთვის ის სრულიად იდეალურია“, – აღნიშნა დე ნირომ.

ცნობისთვის, ვარსკვლავური წყვილის გზები ფრენჩაიზის – Fockers მეოთხე ნაწილში – Focker In-Law გადაიკვეთა. კომედია, რომელშიც მთავარ როლებს რობერტ დე ნირო და ბენ სტილერი ასრულებენ, პირველად მაყურებელმა Meet the Parents-ის სახელით, 2000 წელს იხილა. შემდეგი ნაწილები – Meet the Fockers და Little Fockers, 2004 და 2010 წლებში გამოვიდა.

კინოსურათში მოვლენები კვლავ ფოკერებისა და ბერნსების ოჯახის გარშემო განვითარდება, რომელშიც არიანა გრანდეს სახით ახალ პერსონაჟს ვიხილავთ.

არიანა გრანდე შემოქმედებითი პაუზის მიუხედავად, ფილმის – Focker-In-Law სარეკლამო კამპანიაში მიიღებს მონაწილეობას

ეს უკანასკნელი განასახიერებს FBI-ს ყოფილ მძევალთა მომლაპარაკებელს, ოლივია ჯონსს, რომელიც სტილერის პერსონაჟის, გრეგ ფოკერის ვაჟის რჩეულია და დისფუნქციურ ოჯახში თავის დამკვიდრებას ცდილობს.

აღსანიშნავია, რომ ოლივია ადვილად მოიპოვებს დე ნიროს გმირის, მისი ბოიფრენდის ბაბუის, ჯეკ ბერნსის ნდობას, თუმცა სტილერი აღმოჩნდება ეჭვიანი მამის როლში, რომელიც მის წინააღმდეგ ილაშქრებს.

სიუჟეტი სწორედ გრანდესა და სტილერის პერსონაჟების კომიკურ დაპირისპირებაზეა აგებული, რაც კინოსურათის ოფიციალურ თრეილერშიც გამოჩნდა.

ფილმის მსოფლიო პრემიერა კინოთეატრებში 25 ნოემბერს, მადლიერების დღის უქმეებზე იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები