დღეს ცნობილ ქართველ რეჟისორს, რობერტ სტურუას 81 წელი შეუსრულდა. ქართული თეატრისა და კინოს რეჟისორი 1938 წლის 31 ივლისს თბილისში დაიბადა.
1965 წელს რუსთაველის თეატრის სცენაზე სტურუამ დადგა ა. მილერის „სეილემის პროცესი“, რამაც რეჟისორს პირველი ნამდვილი წარმატება მოუტანა. თეატრალური ფორმის ოსტატობა გამოჩნდა მის მეორე მნიშვნელოვან ნამუშევარში, დ. კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“, რომელიც თ. ჩხეიძესთან ერთად დადგა. მნიშვნელოვანი წარმატება მოჰყვა სპექტაკლს „ხანუმა“.
1970-იან წლებში უკვე გაჩნდა ცნება „რობერტ სტურუას თეატრი“. პ. კაკაბაძის „ყვარყვარეში“ რეჟისორი სვამს სცენას ბ. ბრეხტის პიესიდან „არტურ უის კარიერა“. აქედან იწყება სტურუას შემოქმედებაში ბრეხტის პერიოდი, რაც რეალობის თეატრალურ მოდელირებას გულისხმობს. ამ დროს რეჟისორი მჭიდროდ თანამშრომლობდა რ. ჩხიკვაძესთან, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა სტურუას მსოფლიო მნიშვნელობის სპექტაკლებში: უ. შექსპირის „რიჩარდ III“ (1979) და ბ. ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“ (1975).
სტურუას ჰყავს ორი მუდმივი თანაავტორი: მხატვარი გიორგი ალექსი-მესხიშვილი და კომპოზიტორი გია ყანჩელი. რეჟისორი ბევრს მუშაობდა საზღვარგარეთ, მსოფლიოს სხვადასხვა თეატრებში დადგმული აქვს შექსპირის, სოფოკლეს, მოლიერის, ჩეხოვის, ბრეხტის პიესები. მიღებული აქვს მრავალი თეატრალური პრემია.
