LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თეატრის პოეზიაში გადავიყვანე გენიალური პოეტის ნაწარმოები“… „იმედი მაქვს, იმდენად თამამია, რომ ახლახან სითამამისთვის „დახვრეტილ“ ახალგაზრდა რეჟისორებს „მკვდრეთით აღადგენს“ – „ვეფხისტყაოსნის“ პრემიერა, კრიტიკული შეფასებები და რობერტ სტურუას პასუხი

1932
სპექტაკლი ვეფხისტყაოსანი

5 აპრილს, რუსთაველის ეროვნული თეატრის სცენაზე შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით, რეჟისორ რობერტ სტურუას მიერ დადგმული სპექტაკლის პრემიერა შედგა.

სპექ­ტაკ­ლი რეჟისორ სან­დრო ახ­მე­ტე­ლის 140-ე წლის­თავს ეძღვნე­ბა. მის მუსიკალურ გაფორმებაზე თავად ინსცენირების ავტორმა და დამდგმელმა რეჟისორმა, რობერტ სტურუამ და დირიჟორმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, სვიმონ ჯანგულაშვილმა იმუშავეს. სპექტაკლში ჟღერს გია ყან­ჩე­ლი­ს და ზა­ქა­რია ფა­ლი­აშ­ვი­ლის ნა­წარ­მო­ე­ბები, ასევე ქარ­თუ­ლი სა­გა­ლობ­ლე­ბი და არა­ბუ­ლი მე­ლო­დი­ე­ბი. სპექტაკლის ქორეოგრაფი კი კოტე ფურ­ცე­ლა­ძეა.

სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ქეთი სვანაძე, ლევან ხურცია, დავით უფლისაშვილი, ბუკა თოლორდავა, ირაკლი კერესელიძე, ბექა მეძმარიაშვილი, ლაშა ჯუხარაშვილი და სხვები.

„ვეფხისტყაოსნის“ საპრემიერო ჩვენებას დაესწრო კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, რომელმაც სპექტაკლის დასრულების შემდეგ განაცხადა:

„ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი სპექ­ტაკ­ლი ბა­ტო­ნი რო­ბერტ სტუ­რუ­ას მრა­ვალ­წლი­ა­ნი შრო­მის შე­დე­გია. მად­ლო­ბას ვუხ­დი ჩვენს დიდ რე­ჟი­სორს შოთა რუს­თა­ვე­ლის გე­ნი­ა­ლუ­რი პო­ე­მის თა­ნა­მედ­რო­ვე კონ­ტექ­სტში მას­შტა­ბუ­რად გა­და­აზ­რე­ბი­სა და სა­თა­ნა­დო დო­ნე­ზე წარ­მო­ჩე­ნის­თვის.

მად­ლო­ბას ვუხ­დი შე­მოქ­მე­დე­ბით გუნდს. სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ მო­მა­ვალ­ში „ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ შემ­დე­გი ნა­წი­ლის სას­ცე­ნო ვერ­სი­ა­საც ვი­ხი­ლავთ“, – თქვა თი­ნა­თინ რუ­ხა­ძემ.

საპრემიერო ჩვენების შემდეგ, სოციალურ ქსელში გავრცელდა სპექტაკლიდან ვიდეოფრაგმენტები, რომლებსაც არაერთგვაროვანი შეფასებები და საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან კრიტიკული განცხადებები მოჰყვა.

აღნიშნულ კრიტიკას რეპლიკით გამოეხმაურა თავად რეჟისორი რობერტ სტურუაც, რომლის ამსახველ ვიდეოსაც სოციალურ ქსელში მსახიობი გიორგი გასვიანი ავრცელებს.

„სხვათა შორის, თეატრთმცოდნეებს ავიწყდებათ, რომ ის, რასაც ისინი წერენ, ეს ლიტერატურის ნაწილია და ეს ნიშნავს, რომ ხელოვნების ნაწილია…

ერთი სტატია დამისახელე, სადაც შენ აღიქვამ როგორც ხელოვნებას, ყველა დამპალი სტატიაა, შურით, ბოღმით დაწერილი და გიყვებიან სიუჟეტს“, – აღნიშნავს ვიდეოში რობერტ სტურუა.

ამასთან, ჟურნალისტმა მაკა რაზმაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა პრემიერის შემდეგ გადაღებული ვიდეო, რომელშიც რობერტ სტურუა პასუხობს კითხვაზე – არის თუ არა თავად კმაყოფილი პრემიერით.

„დღეს ძალიან კარგი იყო, ამაზე კარგი უნდა იყოს… გამვიდა ის, რაც უნდა გამოვიდეს მუზების კარნახით, ასე კი არ არის, რომ ყველაფერი ჩაფიქრებული… თვითონ არ ვიცი, რას ვაკეთებ, ეს არის პოეტური თარგმანი. თეატრის პოეზიაში გადავიყვანე გენიალური პოეტის ნაწარმოები“, – აღნიშნავს ვიდეოში რობერტ სტურუა.

სპექტაკლის შესახებ გავრცელებულ არაერთგვაროვან შეფასებებს სოციალურ ქსელში სტატუსით გამოეხმაურა რეჟისორი სანდრო ელოშვილი:

„შევეცდები მოკლედ ვთქვა…

მე არ მინახავს სპექტაკლი „ვეფხისტყაოსანი“ და ვერც წარმომიდგენია, როგორ შეიძლება დადგა ეს ნაწარმოები, ისე რომ „წიგნი“ არ ჯობდეს… ამიტომაც ამ თემაზე ვერაფერს გეტყვით!

იმასაც გეტყვით, რომ მე და ბატონი რობერტის ხედვები, სამყაროს თუ არა, საქართველოს მოწყობასთან დაკავშირებით, ნამდვილად რადიკალურად განსხვავდება, განსაკუთრებით ეროვნული მოძრაობის და კონკრეტულად ზვიად გამსახურდიას შეფასებაში…

მაგრამ! (რა ჯადოსნური სიტყვაა)

თუკი სტურუა უნდა განვსაჯოთ, როგორც რეჟისორი, გეტყვით, რომ ამ პროფესიაში ისევე ბერდებიან ადამიანები, როგორც, დავუშვად, ფეხბურთში და 87 წლის ადამიანს, მოვთხოვოთ ის შედეგები, რაც ჰქონდა 37 წლის ასაკში (კავკასიური ცარცის წრე, რიჩარდ III) იგივეა, 70 წლის ალექსანდრე ჩივაძეს მოვთხოვოთ ისევე ითამაშოს, როგორც თამაშობდა 20 წლისას…

ევერესტის სიმაღლე მწვერვალით იზომება, თორემ სადღაც, დასაწყისში ან ბოლოში, ასანთის კოლოფის სიმაღლეზე დაბლა ჩადის…

ერთი კი ფაქტია! „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“ და „მეფე ლირი“ ის მწვერვალებია ქართულ თეატრში, აგერ ნახევარი საუკუნე ვერავინ რომ მიუახლოვდა, გაუტოლდა…

რუსთაველის თეატრი, მცირე მასშტაბში რომ წარმოვიდგინოთ, გლობუსზე სადაც კი ლურჯი არ არის, ანუ მიწაა (ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსის გარდა) ყველგან ნამყოფია…

და სტურუას, არგენტინიდან დაწყებული ავსტრალიით დამთავრებული, ყველგან ფეხზე მდგარი უკრავდნენ ტაშს და იმის იქით მარტო სელაპებს შეუძლიათ ტაშის დაკრვა, მაგრამ სამწუხაროდ, თეატრში არ დადიან!

ასე რომ რობერტ სტურუა, როგორი ადამიანიც არ უნდა იყოს, რა პოზიციაზეც არ უნდა იყოს და შეცდომებიც არ უნდა ჰქონდეს დაშვებული ცხოვრებაში, ქართული თეატრის „დედა ენაა“ ამიტომაც…

აი ია… აი თითი… აი რობერტ სტურუა!“ – წერს სანდრო ელოშვილი საოციალურ ქსელში.

შევეცდები მოკლედ ვთქვა… მე არ მინახავს სპექტაკლი “ვეფხისტყაოსანი“ და ვერც წარმომიდგენია როგორ შეიძლება დადგა ეს…

Posted by სანდრო ელოშვილი on სამშაბათი, 07 აპრილი, 2026

სპექტაკლის პრემიერის შემდეგ გავრცელებულ შეფასებებს, ასევე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მსახიობი გიორგი გასვიანი.

„დახვრეტიდან-დაცინვამდე!

დაცინვა – ყველაზე იაფფასიანი კრიტიკა!

როცა სანდრო ახმეტელი დახვრიტეს, ეს იყო ძალადობის უკიდურესი ფორმა ხელოვნებაზე.

დღეს ხელოვანს აღარ ხვრეტენ – მაგრამ მას დასცინიან, აუფასურებენ, „ქოლავენ“ სოციალურ ქსელებში!

ფორმა შეიცვალა.

არსი – არა.

სხვათა შორის, ეს სპექტაკლი სანდრო ახმეტელის 140 წლისთავს ეძღვნება.

ზოგჯერ ყველაზე ხმამაღლა სწორედ ის იცინის, ვისაც არ ესმის!

რობერტ სტურუა-ს „ვეფხისტყაოსანი“ არ არის სპექტაკლი მათთვის, ვინც თეატრს მხოლოდ ზედაპირულ სანახაობად აღიქვამს! ეს არის ხედვა, ინტერპრეტაცია, დიალოგი, ეს არ არის შიშველი ილუსტრაცია.

სოციალურ ქსელებში კონტექსტოდან ამოგლეჯილი 15 წამიანი სცენების გადაღება, არანაირ რეალურ სურათს არ ქმნის ამ დიდებული სპექტაკლის შესახებ! პირიქით, ასეთი მოკლე ვიდეოები მიზანმიმართულად ვრცელდება დისკრედიტაციისთვის!

თეატრი არ არის მუზეუმი. ის ცოცხალია. და როცა ხელოვნება წინ უსწრებს დროს – მას ყოველთვის ებრძვიან! ერთ დროს ტყვიით! დღეს – სიტყვებით!

არ გკლავენ – მაგრამ ცდილობენ, ხმა ჩაგიხშონ! დაცინვა ყველაზე მარტივი რეაქციაა. გააზრება – ყველაზე რთული.

და თუ ვიღაცას არ მოეწონა – ეს ნორმალურია…

მაგრამ თუ ვერ ხვდები, არ ნიშნავს, რომ ცუდია… პირიქით, შეიძლება გენიალურია, მაგრამ შენ დროს აცდი.

ან ზოგჯერ, უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ ამის მიღებისთვის მზად არ ხარ!“ – წერს გიორგი გასვიანი „ფეისბუკში“.

დახვრეტიდან-დაცინვამდე! დაცინვა – ყველაზე იაფფასიანი კრიტიკა! როცა სანდრო ახმეტელი დახვრიტეს, ეს იყო ძალადობის…

Posted by Giorgi Gasviani on ოთხშაბათი, 08 აპრილი, 2026

რობერტ სტურუას მიერ დადგმული სპექტაკლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს მცირე სტატუსით ეხმაურება ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძეც:

„ძალიან დამაინტერესა „ვეფხისტყაოსნის“ დადგმამ, რომლის გავრცელებული ფრაგმენტების მიხედვით ჟანრი, სტილი, ფორმა არც ერთ მოლოდინს არ დაემთხვა, რაც იმ მაყურებელს შეიძლებოდა ჰქონოდა, რომელსაც ხელოვნების არსი მხოლოდ მაშინ „ესმის“, თუ „გაგება“ ნებადართული ან მიზანშეწონილია და შემდეგ ამის მიხედვით ან ხორხოცებს, ან მრისხანებს, ან აღტაცებულია, ხშირად იმის მიუხედავადაც, უნახავს სპექტაკლი თუ არა.

სპექტაკლი ჯერ არ მინახავს, მაგრამ იმედი მაქვს, იმდენად თამამია და იმდენად „სკანდალური“, რომ ახლახან სითამამისთვის „დახვრეტილ“ ახალგაზრდა რეჟისორებს „მკვდრეთით აღადგენს“, – წერს ნათია ფანჯიკიძე.

სპექტაკლის განხილვის ფონზე, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს მსახიობი რუსკა მაყაშვილიც და მსახიობ ქეთი სვანიძეს [თინათინის როლის შემსრულებელი] სოლიდარობას უცხადებს.

„ახლა ამ საუკუნეში სიშიშვლე არ უნდა გვაკვირვებდეს და არც ნაწარმოების ხელშეუხებლობაზე უნდა ვიგლეჯდეთ თმას, მთავარი მხოლოდ ისაა, როგორ ფორმაშია გადმოცემული. რაც შეიძლება ან მოგვეონდეს, ან არა, ეს უმარტივესია! სოლიდარობა ჩემს მეგობარ მსხიობს, ქეთი სვანიძეს!“ – წერს რუსკა მაყაშვილი „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე.

სპექტაკლთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს ეხმაურება დიზაინერი და ხელოვანი ნინო ჩუბინიშვილი:

„მე დავიცავ დოისაც, დათასაც და რობიკოსაც.. მხატვრებსაც, ნებისმიერ ადამიანს, ვინც იმუშავა და დასცინიან მის ნამუშევარს. დავიცავ ეთიკას ყველა მიმართულებით, რადგან ეს ადამიანის თვისებაა – და რომელსაც პატივს ვცემ და ვფიქრობ, რომ ბევრად გრძელვადიანად მომგებიანია და ჭკვიანურია სახის არ დაკარგვა. არ აქოთება საკუთარი გარემოსი – ვიდრე დაკარგვა.

კრიტიკა მიყვარს თუ გონივრულია. ვერ ვიტან მონებს, ვერც იქით, ვერც აქეთ. ძალიან მიყვარს ხელოვნება და ყოველთვის დავიცავ. პატივისცემით ნ. ჩუბინიშვილი. მცხოვრები ქ. თბილისში 2026“, – წერს ნინო ჩუბინიშვილი სოციალურ ქსელში.

მე დავიცავ დოისაც დათასაც და რობიკოსაც ..მხატვრებსაც ნებისმიერ ადამიანს ვინც იმუშავა და დასცინიან მის ნამუშევარს ….

Posted by Nino Chubika on ოთხშაბათი, 08 აპრილი, 2026

სპექტაკლის დასასრულს გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს ჟურნალისტი მაკა რაზმაძე და წერს:

„აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია სოციალურ ქსელში ატვირთულმა კონტექსტიდან ამოგლეჯილმა ვიდეოებმა და არა თავად სპექტაკლმა. ნახეთ სპექტაკლი, ნახეთ, რატომ იყო ასე ან ისე დადგმული ესა თუ ის სცენა და შეაფასეთ მთლიანი წარმოდგენა და არა მხოლოდ მისი ნაკუწები.

ამ ვიდეოს კი დავდებ, რომ ნახოთ, როგორი იყო დარბაზში მსხომი მაყურებლის შეფასება!თან შეკვეცილია ვიდეო, ბევრად ხანგრძლივი იყო ოვაციები. ვისარ არ სჯერა, შემიძლია სრული ვიდეოც ვაჩვენო. კრიტიკა საჭირო და აუცილებელია, მაგრამ რაც ახლა ამ სივრცეში ხდება, ეს საშინელებაა. მხოლოდ ყველაფრის ლანძღვას ნუ ვაქცევთ ჩვენი ცხოვრების წესად“, – წერს მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში.

magti 5g