LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა ბავშვი ლაპარაკს აგვიანებს, ფრაზები „მამამისიც ასე იყო“ და „დაველოდოთ“, არის  შეცდომა –  ირინა ნიკოლაიშვილი

315
ირინა-ნიკოლაიშვილი

რატომ არის საგანგაშო, როცა ბავშვი ლაპარაკის დაწყებას აგვიანებს, ამ საინტერესო კითხვას ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ბავშვთა ფსიქოლოგმა ირინა ნიკოლაიშვილმა უპასუხა.

„ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური ხდება მაშინ, როდესაც მშობლებს ბავშვების ბაღში ან სკოლაში მიყვანა უწევთ, რადგან მაშინ ახსენდებათ, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც უნდა იყოს და რომ ბავშვი შესაბამისად ვერ აკმაყოფილებს ნორმებს. დღევანდელი რეგულაციებით მათ ბაღის ან სკოლის ფსიქოლოგთან უწევთ შეხება და სწორედ მაშინ აწყდებიან პრობლემას და ხვდებიან, რომ ყველაფერი ისე არ არის მათ შვილთან, როგორც სხვა ბავშვებთან და რომ მათი შვილი არ არის ნორმასთან ახლოს. ასეთ დროს კი მშობლები აღნიშნული დაწესებულებებიდან იღებენ გარკვეულ მითითებებს, ზოგიერთ შემთხვევაში უარსაც კი, რადგან მათი ბავშვი არ არის სასკოლო ან ბაღის ასაკისთვის მზად. სწორედ ამის შემდეგ ვახსენდებით ჩვენ და ძალიან ხშირი არის ხოლმე წლის ბოლოს ერთ თვიანი კურსის მოთხოვნა. პირადად ჩემთვის სახლში სიარულიც კი შემოუთავაზებიათ, რომ ბავშვისთვის გარკვეული პირობები შემექმნა. სიმართლე გითხრათ, ამ საკითხზე გული შემტკივა, რადგან ეს ბავშვის პრობლემა კი არა, არამედ მშობლის პრობლემაა. მესმის, რომ დღეს, ამ სოციალურ ვითარებაში, ასეთ რიტმში, ქუჩაში თუ სამსახურში ძალიან ბევრ პრობლემას აწყდება ადამიანი, მაგრამ ეს საკითხი უმნიშვნელოვანესია და თითოეული მშობელი გაცილებით დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ბავშვის მეტყველებასთან დაკავშირებულ ყველა დეტალს. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როდესაც ასეთ პრობლემასთან შეჯახებისას, უფროსი თაობის წარმომადგენლები ახალგაზრდა მშობლების დამშვიდებას შემდეგი ფრაზებით იწყებენ: „შენც ასე იყავი“, „მამამისიც ასე იყო“, „არ მიაქციო ყურადღება“, „დაველოდოთ“ და ა.შ. ხშირად მშობლები მხოლოდ შფოთავენ, მხოლოდ ღელავენ და არაფერს არ აკეთებენ ამ პრობლემის მოსაგვარებლად, საერთოდ არცერთ ნაბიჯს არ დგამენ, ელოდებიან, თავისით როდის დაიწყებს ბავშვი  საუბარს.

როგორ ავალაპარაკოთ ბავშვი, თუ მან მეტყველება დააგვიანა – ირინა ნიკოლაიშვილის რჩევები მშობლებს

დღის განმავლობაში 10 სხვადასხვა ადამიანს ვხვდები, 10 სხვადასხვა ისტორიას ვისმენ, თითოეულ დეტალთან დაკავშირებით უამრავ კითხვას ვსვამ და საუბრის ბოლოს ვისმენ ფრაზებს: „მე რომ ეს მცოდნოდა“, „ამასთან შეხება რომ მქონოდა, გაცილებით ადრე დავიწყებდი ზრუნვას“ და ა. შ. ხშირად მშობელი, რომელიც 3-4 წლის ასაკში ბავშვისგან მეტყველებას ითხოვს, კითხვებზე, ჰქონდა თუ არა ბავშვს რაიმე ბგერები, ახმოვანებდა თუ არა გარკვეულ ხმებს, გბაძავდათ თუ არა, ამბობს, რომ მსგავსი არაფერი ახსენდება.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მეტყველება ერთ მშვენიერ დღეს არ იწყება. მეტყველებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს: საარტიკულაციო აპარატის მზაობას, პირის აპარატის მზაობას, ლაგმის არსებობას, ენის ფორმას, სასის სიმაღლეს. თუ ბავშვს ლაგამი დაბმული აქვს, იქ მეტყველება თავისთავად დაიგვიანებს. შემდეგ მივდივართ სამშობიაროში, ვიგებთ, როგორ იქნა ეს ბავშვი შეფასებული, რატომ გამოატანეს მშობლებს ბავშვი ასეთ მდგომარეობაში, რატომ არ იყო აღნიშნული ეს დეტალი, რომ მალევე მომხდარიყო შესაბამისი ჩარევა. ძალიან მაშფოთებს ის ფაქტი, რომ დღევანდელი თაობა, რომელიც შვილოსნობისთვის ემზადება, არანაირად არ არის ინფორმირებული იმ სავალალო შედეგებზე, რომელიც მათ გართობას სდევს.

თითქმის 30 წელია, რაც ამ საქმიანობით ვარ დაკავებული და თუ ჩემი საქმიანობის დასაწყისში 1-2 შემთხვევა მყავდა პაციენტების, რომელთაც მეტყველების თუ მენტალური შეფერხება ჰქონდათ, ახლა 10 ბავშვიდან 5-6 ბავშვთან მეტყველების ან ქცევის თერაპიით ვარ დაკავებული. ეს ყველაფერი კი არაჯანმრთელმა ფეხმძიმობის რიტმმა მოიტანა. მშობლები არ არიან ინფორმირებულები, არ იციან, თუ რა კვალს ტოვებს ახალგაზრდობაში მიღებული სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებები, ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლი, ტრანკვილიზატორები და ა.შ.“ – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

ფსიქოლოგი ირინა ნიკოლაიშვილი: „უფროსი თაობა საერთოდ არ ფლობს ინფორმაციას, რა დღეში არიან მათი შვილები…“

„ჩემი  საქმიანობის დასაწყისში 1-2 შემთხვევა მქონდა პაციენტების, რომელთაც მეტყველების თუ მენტალური შეფერხება ჰქონდათ, ახლა 10 ბავშვიდან 5-6 ბავშვთან ეს პრობლემებია“ –  ირინა ნიკოლაიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g