LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა დადასტურდება მათი ბრალეულობა, ბიუჯეტში უკან ექნებათ დასაბრუნებელი თანხები – ჯანდაცვის მინისტრის გაფრთხილება კლინიკებს

45
ზურაბ აზარაშვილი

კლინიკებს შეიძლება COVID-19-ის პანდემიის დროს არამართლზომიერად განკარგული თანხების უკან დაბრუნება მოუწიოთ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, კლინიკებთან დაკავშირებით სამინისტროს სულ სამი პრობლემური საკითხი აქვს. აქედან პირველი იყო ექიმებისა და ექთნებისთვის განკუთვნილი დანამატების არამიზნობრივად გამოყენება, მეორეა ინფექციის კონტროლი პანდემიის და მის შემდგომ პერიოდში, მესამე კი პანდემიის დროს გადარიცხული მილიონი ლარის არამიზანმიმართულად დახარჯვა.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, დამტკიცების შემთხვევაში სამინისტრო ამ თანხების დაბრუნებას გეგმავს.

“კოვიდის საკითხებზე სამი მიმართულებით ვმუშაობთ. ერთი იყო ის დანამატი, რაც ექიმებს და ექთნებს უნდა აეღოთ. აქ მნიშვნელოვნადაა შემცირებული პრობლემები, თუ სწორად მახსოვს 20 კლინიკამდეა დარჩენილი პრობლემური, ზოგიერთ კლინიკასთან სამწუხაროდ სასამართლო დავებშიც შევედით მათი მხრიდან არასწორი დამოკიდებულების გამო და ამ თანხებს აუცილებლად გადავახდევინებთ იმ ექთნებისა და ექიმებისთვის, ვისაც ეს უნდა მიეღო. სახელმწიფომ გამოყო ეს თანხები.

მეორე მიმართულებაა ინფექციის კონტროლი, ის პრობლემები რაც პანდემიამ დაგვანახვა და უკვე 80 კლინიკამდე ავედით, ზოგ კლინიკაში უკვე ორჯერ და სამჯერ ვიყავით ამ მიმართულებით და ეს არამხოლოდ ამ პანდემიის პირობებში, სხვა შემთხვევაშიც აუცილებელია, რომ ეს სტანდარტი კლინიკებს გააჩნდეთ. აუცილებლად გავაგრძელებთ კლინიკების გადამოწმებას და პერიოდულობით მოხდება მათი შემოწმება. სამწუხაროდ, ცუდი შედეგები გვქონდა პირველ შემოწმებაზე და მეორე-მესამე შემოწმებისას გამოსწორდა.

მესამე საკითხი თანხების მართვაა, დიახ ეს პრობლემები იყო. საკმაოდ მკაცრად მივყვებით ამასაც, კლინიკებთანაც გვაქვს აქტიური კომუნიკაცია და ახლა ვართ იმ ეტაპზე, როდესაც მიდის განხილვები და იმ კონკრეტული გაანგარიშებების გადახედვა, თუ რამდენად სწორად იყო დახარჯული, კლინიკებთან მიდის ამის განხილვა და საბოლოოდ უკვე როცა დადასტურდება მათი ბრალეულობა, მათ ბიუჯეტში უკან ექნებათ დასაბრუნებელი თანხები და მერწმუნეთ ეს თანხები დაბრუნდება,” – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ამ დროისთვის უცნობია რამდენ მილიონ ლარს ედავება სამინისტრო კლინიკებს, ასევე უცნობია იმ კლინიკების რაოდენობაც, რომელთაც სამინისტრო თანხების დაბრუნებას სთხოვს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g