საახალწლოდ ბავშვებს ძირითადად პულტიანი მანქანები, ბარბის სახლი, პლანშეტები სურთ. ისინი თოვლის ბაბუს სწორედ ამ სურვილებით მიმართავენ. თუმცა, არიან ბავშვებიც, რომლებმაც არ იციან, მივა თუ არა მათთან “სანტა” და მათი სურვილებიც განსხვავებულია. ძირითადად თბილ ფეხსაცმელს და ტანსაცმელს ან სულაც “რეიტუზებს” ითხოვენ. სოციალურ ქსელში იქმნება გვერდები, ქვეყნდება მათი საახალწლო სურვილები და ზოგიერთ მათგანს “სანტაც” გამოუჩნდება ხოლმე. მაგრამ ეს ბავშვები ახალი წლიდან ახალ წლამდე, დღესასწაულიდან დღესასწაულამდე ცხოვრობენ, რადგან დახმარება ერთჯერადია.
“გაეროს ბავშვთა ფონდის” მონაცემებით, სიღარიბის მაჩვენებლები შემცირდა, მაგრამ ბავშვები კვლავ ყველაზე დაუცველი ჯგუფია ქვეყანაში. საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ხოლო ყოველი მეექვსე ბავშვი საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარს. გიორგი და ლიზი სწორედ მათ რიცხვში არიან. “ფორტუნა” ახალი წლის წინ ორ სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრა.
https://www.youtube.com/watch?v=d3rGuYXLyDw&feature=youtu.be
არასამთავრობო სექტორი ხშირად აღნიშნავს, რომ სოციალური დახმარება უფრო დასაქმებაზე ორიენტირებული უნდა გახდეს. სოციალურ სააგენტოს თბილისისთვის დასაქმების გარკვეული პროგრამები უკვე აქვს, თუმცა, მსგავსის შექმნა უკვე რეგიონებშიც იგეგმება. სააგენტოში განმარტავენ, რომ პროგრამა გლობალური არ არის და ყველა სოციალურად დაუცველის დასაქმება ვერ ხერხდება, თუმცა, ცდილობენ შრომით ბაზარზე მათ წარმოდგენას ხელი შეუწყონ. სააგენტოს მიერ “ფორტუნასთვის” მიწოდებული მონაცემებით, 2017 წლის განმავლობაში სხვადასხვა მომსახურებათა გამოყენებით, ჯამში 1800–მდე ადამიანი დასაქმდა, მათ შორის –102 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი (შშმპ).
საშუამავლო მომსახურების მიწოდების შედეგად 2017 წელს დასაქმებულია 372 სამუშაოს მაძიებელი, მომზადება – გადამზადებისა პროგრამის ფარგლებში– 463 ადამიანი. სამუშაო ადგილების სუბსიდირების პროგრამით დასაქმდა – 22 ადამიანი. გასულ წელს ჩამოყალიბდა მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტთა ჯგუფი, რომელიც თითქმის ყველა რეგიონში ეხმარება შშმ პირებს შრომით ბაზარზე გააქტიურებაში. წელს ამ სერვისის დახმარებით 44 შშმ პირი დასაქმდა.
რაც შეეხება ლელა წიკლაურის მრავალშვილიან ოჯახს, სოციალურ სააგენტოში განმარტავენ, რომ ისინი საარსებო შემწეობის მიმღებნი კვლავ გახდნენ, თუმცა ბაზაში ახლა სხვა საიდენტიფიკაციო კოდით არიან რეგისტირებული და წინა 7 თვის შემწეობას ვეღარ მიიღებენ.
“ოჯახმა 2017 წლის გაზაფხულზე მოითხოვა დეკლარაციის კორექტირება, ანუ ახალი წევრების დამატება. ახალ წევრებთან დაკავშირებით არსებობდა კითხვები, რის გამოც დეკლარაცია დამატებით შეისწავლა კონტროლის სამსახურმა. ამასთან ერთად, ოჯახის შრომისუნარიან წევრებს ჰქონდათ ვალდებულება დარეგისტრირებულიყვნენ WORKNET.GOV.GE-ზე დეკლარაციის შევსებიდან 30 დღის ვადაში, თუმცა გელა ედიშერაშვილი მითითებულ ვადებში არ დარეგისტრირდა შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში, რის გამოც მათი რეგისტრაცია სოცდაუცველთა ბაზაში გაუქმდა”-განმარტავენ სააგენტოში.
ავტორები: თაკო ივანიაძე, ლევან ბებია, ქეთი გიგოლაშვილი