LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,როცა უჭირთ წარმატების გაზიარება, ამის მიღმა ხშირად დგას შურის ფაქტორი“ – FM ქოუჩი

94
tinatinbasilaia

გადაცემის ლაივი LIVE

რატომ უჭირთ ადამიანებს წარმატების გაზიარება – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „FM ქოუჩი“ ქოუჩმა თინათინ ბასილაიამ ისაუბრა.

როგორ ვსწავლობთ წარმტებისა და სიხარულის გაზიარებას?

ერთხელ დედაჩემისგან მოვისმინე ასეთი აზრი, რომ ადამიანები გამოიცდებიან არა ჭირში, არამედ ლხინში. ჭირში შეიძლება სხვებს შევეცოდოთ და გვერდით დაგვიდგნენ, ხოლო ლხინში შეიძლება ყველას არ გაუხარდეს გულწრფელად ჩვენი კეთილდღეობა და კარგად ყოფნა.

ამ აზრმა დამაფიქრა და დავაკვირდი, რომ ცხოვრებაში ზოგჯერ ასეც ხდება, მაგრამ ეს შეგვიძლია შევცვალოთ. ჩემთვის დედა საუკეთესო მაგალითია, გიხაროდეს სხვისი კარგი და უგულშემატკივრო. დედაჩემს გულით უხარია სხვა ადამიანების სიხარული, წარმატება, კარგად ყოფნა, ბედნიერება. ვცდილობ მისგან ვისწავლო.

თუმცა ხდება ცხოვრებაში, რომ შენს წარმატებებთან შესაძლოა თავი მარტო იგრძნო, ზოგჯერ ვერ იგრძნო ის მხარდაჭერა, გულშემატკივრობა, რასაც ელოდი და გაგიხარდებოდა.

რატომ შეიძლება სხვებს არ უხაროდეთ?

ამის მიღმა ხშირად დგას შურის შეგრძნება. შურზე ადამიანებს უმეტესწილად ნეგატიური წარმოდგენა აქვთ. სინამდვილეში მის მიღმა დიდი რესურსია და თუ მას ადამიანი მიიღებს, გააცნობიერებს და კარგად გაიცნობს, შეიძლება აღმოაჩინოს, რომ მას სხვისი შურს მაშინ, როდესაც თავადაც შეუძლია გააკეთოს ის, რასაც სხვა აკეთებს და ბედავს. შეიძლება აღმოაჩინოს, რომ მასშიც არის ეს რესურსი და პოტენციალი, რომ ისიც იმსახურებს და მასაც შეუძლია გაიხსნას ასეთი რეალობის მიმართ.

აქ ერთი მნიშვნელოვანი გასაღებია. ეს გასაღებია სიხარული სხვისი კეთილდღეობის მიმართ. თუ ჩვენ გულწრფელად გაგვიხარდება სხვისი კარგი და მას გავიზიარებთ გულით, ეს ჩვენს რეალობაშიც შემოვა და იმაზე მალეც კი, ვიდრე წარმოგვედგინა.

თუ სხვას ვულოცავთ მთელი გულით, მასთან ურთიერთობით ჩვენც ვხდებით მისი განწყობის, შინაგანი მდგომარეობისა და სიხარულის ვიბრაციების თანაზიარი. ეს შინაგანი მდგომარეობა კი ჩვენ დაგვეხმარება შესაბამისი რეალობა შევქმნათ.

სხვისი წარმატება, სხვისი სიხარული შეგვიძლია აღვიქვათ – როგორც ნიშანი სამყაროსგან. თუ ჩვენს რეალობაში ეს სხვასთან ხდება, ეს ნიშანია, რომ მალე ჩვენს ცხოვრებაშიც მოხდება, ჩვენც გვიახლოვდება და თუ გაგვიხარდება, მივულოცავთ, ვუგულშემატკივრებთ გულწრფელად ამ კარს ჩვენს ცხოვრებაშიც მალევე გავხსნით.

როგორ უნდა დაძლიონ ადამინებმა ის თვისებები, რომლებიც სხვისი წარმატების გაზიარებაში ხელს უშლით?

მნიშვნელოვანია შევხვდეთ ჩვენს ჩრდილოვან მხარეს, დავძლიოთ ის თვისებები თუ გამოვლინებები, რაც არ გვეხმარება, რაც ჩვენს ნამდვილ ბუნებას გვაშორება, ვისწავლოთ ჩვენ ირგვლივ მყოფი ადამიანების მხარდაჭერა, შეგულიანება, მათი სიხარულით გახარება, გაზიარება, ამით შეგვიძლია ჩვენი კარმაც გავიუმჯობესოთ, თუ ჩვენ სხვისი კარგი გაგვიხარდება, მომავალში სხვებსაც გაუხარდებათ ჩვენი ბედნიერება და ჩვენს ირგვლივ შევქმნით ისეთ ველს, სადაც ჩვენი მსგავსი ადამიანები იქნებიან. ეს არის იმის დათევსა ჩვენს ცხოვრებაში, რაც მომავალში გვინდა მოვიმკათ და ვიხილოთ ჩვენს რეალობაში.

სხვა შემთხვევაში თავადვე შეიძლება ჩვენს თავს ხელი შევუშალოთ. შეიძლება დავბლოკოთ წარმატება. თუ ჩვენ თავად ვიქნებით გახსნილი ადამიანი, გულღია, გულით გაგვიხარდება სხვისი ბედნიერება და წარმატება, შიშები გაქრება და ჩვენს მსგავს ადამიანებსაც მოვიზიდავთ ცხოვრებაში.

გვიხაროდეს ერთმანეთის კარგი, ერთმანეთის სიხარული და შევქმნათ მხარდამჭერი გარემო, ეს ყველას ძალიან გვჭირდება, ასეთ გარემოში თვით-რეალიზება კიდევ უფრო სასიამოვნოა ჩვენი და მთელი სამყაროს საკეთილდღეოდ.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g