LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის არის საყურადღებო თავის ტკივილი ბავშვებში და რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა – ნევროლოგი ნანა ტატიშვილი

126
pulsi115

გადაცემის ლაივი LIVE

5 ნოემბერს რადიო ,,ფორტუნას” და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას “პულსი” ნევროლოგი, პროფესორი ნანა ტატიშვილი სტუმრობდა, რომელმაც ბავშვებს შორის გავრცელებულ თავის ტკივილზე ისაუბრა.

– ქალბატონო ნანა, რა თქმა უნდა, ბავშვის ხშირი თავის ტკივილი მშობლების შეშფოთებას იწვევს. რას წარმოადგენს თავის ტკივილი ზოგადად, რა ასაკში ვლინდება და რა ფორმით?

– პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ თანამედროვე სამყაროში თავი ტკივილი მართლაც სერიოზული გამოწვევაა. სწორედ ამ პრობლემით მიმართავენ მშობლები ყველაზე ხშირად პედიატრსა და ნევროლოგს. საბედნიეროდ, მეტწილად თავის ტკივილი უსაფრთხო და ნაკლებად საშიშია, არასდროს აყენებს ზიანს ბავშვის ჯანმრთელობას და მით უფრო მის სიცოცხლეს. მართალია იშვიათად, მაგრამ თავის ტკივილის მეტად ადრეული შემთხვევებიც არსებობს, როცა არასასიამოვნო შეგრძნება ბავშვს რამდენიმე თვის ასაკში უჩნდება, ერთი წლისა კი, უკვე თვითონ მიანიშნებს მშობელს საკუთარ პრობლემებზე. აღსანიშნავია, რომ ტკივილს თავის ტვინის სისხლძარღვების ან გარსების, ვენური სინუსების ან სამწვერა ნერვის გაღიზიანება იწვევს. მართალია, ბავშვების 90 პროცენტს პირველად და უმიზეზო ანუ ყველასთვის კარგად ცნობილი შაკიკი და დაძაბულობის თავის ტკივილი აწუხებს, მაგრამ არა მხოლოდ ბავშვებმა, ხშირად უფროსებმაც არ იციან, რომ შაკიკით იტანჯებიან. სამწუხაროდ, შაკიკი ქრონიკული, განმეორებადი დაავადებაა, რომელიც არ იკურნება. სწორედ ამიტომაა აუცილებელი დიაგნოზის დროული დასმა, რათა პაციენტი ერთის მხრივ, დამშვიდდეს და უმიზეზოდ არ იშფოთოს, მეორეს მხრივ, გაითვალისწინოს მისი მაპროვოცირებელი ფაქტორები.

– საინტერესოა, რა იწვევს თავის ტკივილს და კონკრეტულად შაკიკს?

– სამწუხაროდ, შაკიკის პათოგენეზი დღემდე არაა ბოლომდე შესწავლილი, შესაბამისად არც გამომწვევი მიზეზებია დადგენილი. სავარაუდოდ, შაკიკი მრავალი ფაქტორის ურთიერთშედეგია, წამყვანი კი, გენეტიკური წინასწარგანწყობაა, თუმცა არანაკლებ საყურადღებოა თავის ტვინის სისხლძარღვების და სამწვერა ნერვის გაღიზიანება. რაც შეეხება მაპროვოცირებელ ფაქტორებს – საკმაოდ ბევრია ჯანსაღი ძილის დარღვევით დაწყებული, საკვები პროდუქტით (შოკოლადი, ციტრუსი, თხილი, ნუში და ჩიფსები, წითელი ღვინო და “კოკა-კოლა”, სწრაფი კვების და შებოლილი პროდუქტი) დასრულებული. აღსანიშნავია, რომ აბსოლუტურად უშედეგოა ტკივილის გასაყუჩებლად მედიკამენტის მიღება, როცა რეჟიმი იგივე რჩება. მეტიც, ხშირია მედიკამენტების გადაჭარბებით გამოწვეული თავის ტკივილის შემთხვევებიც, ამიტომ თუ ადამიანი სისტემატურად, კვირაში მინიმუმ სამჯერ იღებს ტკივილგამაყუჩებელს, მან აუცილებლად ექიმს უნდა მიმართოს. ხაზგასასმელია, რომ ბავშვებში, მხოლოდ 6 წლამდე განვითარებული თავი ტკივილს ან კეფის არეში ტკივილის დიაგნოზირებისთვისაა საჭირო კომპიუტერული ტომოგრაფიის და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის გამოყენება, რადგან ნაკლებად სახიფათოა, ტკივილი შუბლის არეში, რომელიც რამდენიმე წლის მანძილზე გრძელდება გამწვავების გარეშე.

– რა სადიაგნოსტიკო საშუალებებია ხელმისაწვდომი საქართველოში და ზოგადად მსოფლიოში?

– უცხოელი კოლეგების მსგავსად, ქართველ ექიმებიც აბსოლუტურად ყველა შესაძლებლობას ფლობენ დროული დიაგნოზირებისა და მკურნალობისთვის. სხვათა შორის, შაკიკი კლინიკური დიაგნოზია, რომელსაც კვლევა არ სჭირდება, მთავარ სიმპტომებად კი, სულ მცირე ხუთი სტერეოტიპული შეტევა და საშუალო ან მძიმე ხასიათის ტკივილი ითვლება, რომელიც უფროსებში ცალ მხარეს ვითარდება და 4-დან 72 საათამდე, ბავშვებში კი, ორმხრივია და მაქსიმუმ 1 საათი გრძელდება. ამასთანავე, შაკიკს პრაქტიკულად ყოველთვის თან ახლავს თავბრუსხვევა და გულისრევა, სინათლის და ხმაურის შიში.

– თანამედროვე ბავშვები ზედმეტად არიან გატაცებული გაჯეტებით. რას ურჩევთ ამ შემთხვევაში მშობლებს?

– სამწუხაროდ, ბავშვები მართლაც დამოკიდებული არიან ე.წ. “მავნე სათამაშოებზე”. სინამდვილეში, 2 წლამდე პატარას საერთოდ ეკრძალება ეკრანის ყურება, 2-6 წლის ბავშვს – მხოლოდ 30-40 წუთი, შედარებით მოზრდილს კი, მაქსიმუმ 2 საათი შეუძლია გართობა. მნიშვნელოვანია  ძილის რეჟიმის დაცვა, სტაბილურობის შენარჩუნება და იშვიათად შეცვლა. სხვათა შორის, შაკიკი ყველაზე მეტად მოზარდ გოგონებს აწუხებთ 14-15 წლის ასაკში, რაც საგრძნობლად აუარესებს მათი ცხოვრების ხარისხს. სწორედ მათთვისაა აუცილებელი ძილის რეჟიმის დაცვა და სულ მცირე 8 საათი დასვენება. თუმცა, არც გამოძინება და გვიან გაღვიძებაა რეკომენდებული რადგან რეჟიმის დარღვევა ნებისმიერ შემთხვევაში ნეგატიურად აისახება განწყობასა და შრომისუნარიანობაზე.

– როგორ შეიძლება შაკიკის შემსუბუქება?

– ძილის რეჟიმთან ერთად კვების რეჟიმის დაცვაც აუცილებელია. შაკიკისკენ მიდრეკილმა ბავშვმა აუცილებლად უნდა ისაუზმოს და მიიღოს საკმარისი სითხე. ამასთანავე, საჭიროა დღის მანძილზე დასვენება, ინტერვალი საკვების მიღებას შორის კი, არ უნდა აღემატებოდეს რამდენიმე საათს. მხოლოდ ამგვარი რეჟიმის დაცვის შემთხვევაშია შესაძლებელი თავის ტკივილის შემსუბუქება და სრულფასოვანი ცხოვრების შენარჩუნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები