საგანმანათლებლო დაწესებულებებში ზამთრის არდადეგები მოახლოვდა.
? როდის დაიწყება და რამდენ ხანს გაგრძელდება სასკოლო არდადეგები, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, როგორი რეჟიმით განახლდება სწავლა და რა ვითარებაა ამ ეტაპზე სკოლებში – კითხვებით “ფორტუნამ” განათლების სამინისტროს მიმართა.
ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება და 16 იანვრამდე გაგრძელდება. სწავლა 17 იანვარს განახლდება.
რა რეჟიმში განახლდება სასწავლო პროცესი და განიხილება თუ არა სკოლების გადასვლა დისტანციური სწავლებაზე, ამ დროისთვის ჯერ უცნობია:
“როგორი ეპიდემიოლოგიური ვითარება იქნება 17 იანვარს, ჩვენ ჯერ ვერ გეტყვით. ზოგადად, თუ რა შემთხვევაში განიხილება სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა, ამას წყვეტს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო არსებული ეპიდვითარებისა და იმ მონაცემების საფუძველზე, რაც ქვეყანაშია. სწორედ საბჭოს გადაწყვეტილების მიხედვით მოქმედებს შემდეგ სამინისტრო.” – აცხადებენ განათლების სამინისტროში.
რაც შეეხება ამ ეტაპზე არსებულ ეპიდვითარებას სკოლებში, უწყებაში აცხადებენ, რომ სამინისტრო ყოველკვირეულად აქვეყნებს განახლებულ სტატისტიკას და საზოგადოებას აცნობს ინფორმაციას – კვირის განმავლობაში რამდენი სკოლა თუ ცალკეული კლასი იმყოფება სწავლების დისტანციურ რეჟიმზე:
“პროცესი წერტილოვნად იმართება, სადაც ვირუსის გავრცელების შემთხვევები დაფიქსირდება, წერტილოვნად ის კლასი ან სკოლა გადადის დისტანციურ რეჟიმზე.
ეს ხდება ადგილობრივი ეპიდემიოლოგის რეკომენდაციის საფუძველზე, თუ ის იტყვის, რომ საკმარისია მხოლოდ ერთი კლასის გადასვლა ონლაინრეჟიმზე – მხოლოდ ის ერთი კლასი გადადის, სადაც ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. თუ გავრცელება უფრო მეტია – ამ შემთხვევაში სკოლა გადადის სწავლების დისტანციურ რეჟიმზე.
მონაცემები ყოველდღიურად იცვლება, ზოგს გასდის 12-დღიანი კარანტინის ვადა და დასწრებულ რეჟიმზე გადადის, ზოგი კი პირიქით – გადადის დისტანციურ რეჟიმზე, ეს არის ძალიან ცვალებადი რიცხვი და ამიტომ საშუალოდ, კვირაში ერთ დღეს ვაახლებთ კვირის მონაცემებს.” – აცხადებენს განათლების სამინისტროში.
უახლესი მონაცემები კი, რომელიც უწყებამ 4 დეკემბერს გამოაქვეყნა, ასე გამოიყურება:
უწყების ცნობით, გასული ერთი კვირის მონაცემით, საქართველოს მასშტაბით შემცირდა დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლების რიცხვი. ბოლო შვიდი დღის მონაცემებით:
◾ დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 108 სკოლა და 369 ცალკეული კლასი;
◾ დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება რისკის ჯგუფის 115 მასწავლებელი;
◾ ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კოვიდ-19 დაუდასტურდა მასწავლებლების 0.8%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.3%-ს;
რაც შეეხება ვაქცინაციის მაჩვენებელს საგანმანათლებლო დაწესებულებებში:
◾ ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 71%.