ჭიათურაში საბაგიროების რეაბილიტაცია 2017 წლის გაზაფხულზე დასრულდება.
როგორც ”ფორტუნას” ინფრასტრუქტურისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ლაშა გოცაძემ აცნობა, სამუშაოები დადგენილი ტემპით მიმდინარეობს.
საბაგირო გზას რეკონსტრუქცია ჭიათურის 4 უბნის – სანატორიუმის, ნაგუთის, ლეჟუბანისა და მუხაძის მიმართულებით უტარდება.
ყველაზე გრძელ მონაკვეთს, რომელიც ნაგუთის მიმართულებითაა, საბაგირო 2 წუთსა და 3 წამში დაფარავს. მას 6-6 მგზავრის გადაყვანა შეეძლება.
საბაგიროს აშენება-რეაბილიტაცია დაახლოებით 42 მილიონი ლარი დაჯდება.
ლაშა გოცაძის თქმით, რეაბილიტირებული საბაგიროთი მგზავრობის საფასური კვლავ 20 თეთრი იქნება.
”საბაგირო მუნიციპალური ტრანსპორტია, შესაბამისად, მგზავრობის საფასური იგივე დარჩება. საბაგიროს პროექტი კომპანია ”პომამ” მოამზადა. მას ახლა ქვეკონტრაქტორები ჰყავს. მონტაჟზე ამჟამად ტენდერია გამოცხადებული. ცალკ-ცალკე ცხადდება ტენდერი, დემონტაჟზე, მონტაჟზე და ა.შ”, – განაცხადა ლაშა გოცაძემ ”ფორტუნასთან”.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ჭიათურაში საბაგირო გზების სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს საფრანგეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიხედვით, სამუშაოები ჭიათურის საბაგირო გზის 4 მიმართულებაზე ჩატარდება, რომლის ჯამური სიგრძე 2480 მეტრია.
ჭიათურის საბაგირო ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი სატრანსპორტო საშუალებაა, რომლითაც ყოველდღიურად 10 ათასზე მეტი პირი სარგებლობს.
ჭიათურაში დღეისათვის 15 მოქმედი საბაგირო გზაა. აქედან ოთხი, რომლის მოდერნიზებაც იგეგმება, მუნიციპალიტეტის ბალანსზეა. დანარჩენი 11 კი კომპანია “ჯორჯიან მარგანეცს” ეკუთვნის.
საბაგირო გზები დღემდე იმ მანქანა-დანადგარებით ფუნქციონირებს, რომელიც მისი თავდაპირველი ექსპლუატაციის დროს 1963 წელს დამონტაჟდა. ბაგირ-გზებზე სარემონტო სამუშაოები 1990-იანი წლებიდან აღარ ჩატარებულა.