თბოსადგურებისთვის ტარიფის დადგენა ავტომატურად არ ნიშნავს საბოლოო სამომხმარებლო ტარიფის დადგენას, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საჯარო სხდომაზე სემეკმა იმსჯელა თბოელექტროსადგურებისთვის ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფების დადგენის შესახებ. როგორც სემეკ-ში განმარტეს, თბოსადგურებისთვის ტარიფის დადგენა ავტომატურად არ ნიშნავს საბოლოო სამომხმარებლო ტარიფის დადგენას. კომისია სს „თელასისა“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებისთვის სამომხმარებლო ტარიფების დადგენაზე მიმდინარე წლის 26 დეკემბერს იმსჯელებს.
”სხდომაზე კომისიამ მიიღო გადაწყვეტილებები შპს „გარდაბნის თბოსადგურისთვის“, შპს „ჯიფაუერისთვის“, შპს „მტკვარი ენერჯისთვის“, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის“ გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ზღვრული ტარიფების დადგენის შესახებ.
კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად, შპს „გარდაბნის თბოსადგურის“ გარანტირებული სიმძლავრის საფასურმა შეადგინა – 343 884 ლარი/დღეზე; გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ზღვრული ტარიფი -9.056 თეთრი/კვტსთ-ით განისაზღვრა.
შპს „ჯიფაუერის“ გარანტირებული სიმძლავრის საფასურმა შეადგინა – 42 256 ლარი/დღეზე; გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ზღვრული ტარიფი – 14.120 თეთრი/კვტსთ-თ განისაზღვრა.
შპს „მტკვარი ენერჯის“ (N9 ენერგობლოკი) გარანტირებული სიმძლავრის საფასურმა შეადგინა 66 264 ლარი/დღეზე; გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ზღვრული ტარიფი – 12.194 თეთრი/კვტსთ-ით განისაზღვრა.
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ (N3,N4 ენერგობლოკები) გარანტირებული სიმძლავრის საფასურმა N3 ენერგობლოკისთვის შეადგინა – 17 513 ლარი/დღეზე; N4 ენერგობლოკისთვის – 18 340 ლარი/დღეზე. გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი – 14.234 თეთრი/კვტსთ-ით განისაზღვრა.
გარანტირებული სიმძლავრის საფასური და ელექტროენერგიის წარმოების ზღვრული ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე. მოქმედების ვადაა 2017 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით”, – ნათქვამია სემეკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.