ცნობს თუ არა დამნაშავედ სასამართლო ხაზარაძე-ჯაფარიძეს 17 მილიონი დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში – ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება დღეს უნდა გამოცხადდეს.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული.
სასამართლოს დადგენილებამდე “ლელოს” ოფისში პარტიის წევრები და მისი მხარდამჭერები იკრიბებიან.
„ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს პარტიის ოფისში განუცხადა, რომ წინასწარ ვერაფერს იტყვის იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს თბილისის საქალაქო სასამართლო, თუმცა დასძენს, რომ ბრძოლას ბოლომდე აპირებს.
„დაველოდოთ, რად გვინდა წინასწარ მკითხაობა. ნახევარი საათი დარჩა და მერე გეტყვით. როდის მუშაობდა სასამართლო გამართულად, რომ დღეს იმუშაოს? მე ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ ჩემი ქვეყნის წარმატებისთვის“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
ცნობისთვის, ბრალდებული პოლიტიკოსები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებას პარტია „ლელოს“ ცენტრალურ ოფისში ელოდებიან. პარტიის ოფისში მივიდნენ სხვა პარტიების წარმომადგენლებიც.