რა თქმა უნდა, ყველა მშობელი დარწმუნებულია, რომ მისი შვილი ყველაზე ჭკვიანი და გონიერია. თუმცა, თუ გსურთ რეალურად განსაზღვროთ თქვენი პატარას ნიჭი და შესაძლებლობები, აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი მახასიათებლები.
თავდაჯერებული საუბარი – ნიჭიერი ბავშვი ყოველთვის სწრაფად ითვისებს ახალ ინფორმაციას და მარტივად სწავლობს უცხო ენას, მდიდარი ლექსიკური მარაგი აქვს და ყოველთვის გრძელი, საკმაოდ რთული წინადადებებით საუბრობს.
წიგნების სიყვარული – ნიჭიერი ბავშვი საოცრად ცნობისმოყვარეა, ინტერესს კი, ნებისმიერი შინაარსის წიგნის კითხვით იკმაყოფილებს.
განსაკუთრებული მიდრეკილებები – ზოგჯერ ბავშვი თანდაყოლილი ინტერესით ხასიათდება გარკვეული სფეროს (სპორტი, მედიცინა, ხელოვნება) მიმართ, რაც ნიჭიერების კიდევ ერთი მანიშნებელია.
უფროსების კომპანია – კარგად განვითარებული გონებრივი შესაძლებლობების წყალობით, ნიჭიერ ბავშვს სწრაფად ბეზრდება თანატოლებთან ურთიერთობა და ყოველთვის უფროსების კომპანიას ანიჭებს უპირატესობას.
კონცენტრაციის უნარი – ნიჭიერ ბავშვთა უმეტესობას კონცენტრირების საოცარი უნარი აქვს და თუ რაიმეთი დაინტერესდა, დიდი ხნით შეუძლია გატაცება. ზოგჯერ ასეთ ბავშვს მასწავლებლები უყურადღებოდ ახასიათებენ და ვერ ხვდებიან, რომ თვითონ არ გამოსდით მისი დაინტერესება.
მოწიფულობა – ნიჭიერი ბავშვი არა მხოლოდ გარეგნულად გამოიყურება მოწიფულად, არამედ, ემოციური ინტელექტიც ასაკთან შედარებით ბევრად კარგად აქვს განვითარებული, ნაკლებადაა მიდრეკილი ბავშვური ანცობისკენ და არც თანატოლების ცელაქობას იზიარებს.
ორიგინალურობა – ბავშვი, რომელსაც არ აშინებს სირთულეები და პრობლემის გადაჭრის ყოველთვის განსხვავებულ მეთოდებს პოულობს, ის უდავოდ ნიჭიერია.
ლიდერობა – მოწიფულობის, პრობლემების მარტივად გადაჭრის და არასტანდარტულად აზროვნების ხარჯზე, ნიჭიერი ბავშვი ყოველთვის კარგი ლიდერია, რაც განსაკუთრებით აშკარად მისთვის კომფორტულ გარემოში ვლინდება.
მოჭარბებული ენერგია – ნიჭიერი ბავშვი მუდმივად მოძრაობაშია, რადგან მისი გონება შესვენების გარეშე მუშაობს. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ გონიერი ბავშვი ყოველთვის სწრაფად საუბრობს, თითქოს არ სურს სიტყვები ჩამორჩეს ფიქრებს.
ბუნების სიყვარული – მათ, ვისაც შემოქმედებითი უნარები აქვთ კარგად განვითარებული, განსაკუთრებით მოსწონთ ლამაზი ხედები და ბუნების ხმა. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მათი ცნობისმოყვარეობა ყველაზე კარგად სწორედ ბუნებაში ვლინდება.
რჩევა მშობლებს – თუ დარწმუნდით, რომ თქვენი შვილი მართლაც ნიჭიერია, ეცადეთ შესაბამისად მოექცეთ. ნურასდროს მიუთითებთ როგორ იმოქმედოს და ნუ დაარიგებთ ზედმეტად ჭკუას, მიეცით თავისუფლება და არჩევანის დამოუკიდებლად გაკეთების საშუალება.
ნუ შეშფოთდებით უმიზეზოდ, თუ ქვენს პატარას მარტოობა ურჩევნია თანატოლების კომპანიას, რადგან მხოლოდ საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენილს შეუძლია საკუთარი შემოქმედებითი ნიჭის განვითარება.
თუ თქვენი შვილი ერთმა კონკრეტულმა სფერომ გაიტაცა, მაქსიმალურად დაეხმარეთ პოტენციალის სრულად გამოვლენაში. ნუ ეცდებით მისი ნიჭის და ენერგიის რამდენიმე სფეროზე გადანაწილებას