LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ავირიდოთ კიბერ შემოტევა – სახალხო პლატფორმა

55
IMG_0067

რა უნდა ვიცოდეთ კიბერუსაფრთხოებაზე – გადაცემის „სახალხო პლატფორმის“ სტუმარია ციფრული მმართველობის სააგენტოს ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სტრატეგიული მიმართულებების უფროსი მენეჯერი დიმიტრი გუგუნავა.

რამდენად საყურადღებოა კიბერ უსაფრთხოების  საკითხი?

თუ არ გქონიათ პრობლემა კიბერ სივრცეში, აუცილებლად დადგება ასეთი დღე. დღეს სამუშაო სივრცეც ციფრული სივრცეა. რაც მეტი აქტივობა გადადის ციფრულ სივრცეში, ეს არის უკვე ციფრული ტრანსფორმაცია, რომელიც ბევრი გამოწვევის წინაშე გვაყენებს. ჩვენ არ ვიცით ელემენტარული წესებიც კი, არ ვიცნობთ იმ საფრთხეებს, რაც შეიძლება არსებობდეს ამ მიმართულებით.

სოციალური ქსელები, რომელიც დღეს ძალიან პოპულარულია, შეიძლება იყოს საფრთხის შემცველი?

სოციალური ქსელები ყველაზე პოპულარული არხია კიბერ თაღლითებისთვის. ამ არხებით ვრცელდება ცრუ ბმულები, რომელზე გადასვლის შემთხვევაშიც გვპირდებიან ოქროს სასახლეებს. ბმულის გახსნა უკვე გულისხმობს შესაძლებლობას, რომ ჩვენს კომპიუტერში აღმოჩნდეს მავნე ფაილები. ეს ნიშნავს იმას, რომ ვიღაცამ შეიძლება მოიპოვოს კონტროლი თქვენს კომპიუტერზე, ან მიაგნოს თქვენი პაროლების შესახებ ბმულს.

არის თუ არა საჭირო უსაფრთხოებისთვის სხვადასხვა პაროლების შექმნა?

კიბერ სივრცეში უსაფრთხოება არ არის დამოკიდებული მხოლოდ მომხმარებელზე. შეიძლება ორგანიზაციას, სადაც დარეგისტრირდით, არ ჰქონდეს მიღებული სათანადო ზომები თქვენი პაროლის უსაფრთხო შენახვაზე. სოციალური  ქსელი ინახავს თქვენს მიმოწერაზე მონაცემებს, ზოგიერთი პლატფორმა ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას, ამიტომ რეკომენდაცია, რომელიც პაროლებს ეხება შემდეგია, გამოიყენეთ სხვადასხვა პაროლები, რადგან რომელიმე ვებგვერდმა, სადაც თქვენ ხართ რეგისტრირებული, შეიძლება ვერ მოახერხოს თქვენი მონაცემების დაცვა.

რა არის ციფრული მმართველობის სააგენტოს მთავარი მიზანი?

ციფრული მმართველობის სააგენტოს მთავარი მიზანი საჯარო მმართველობაში ციფრული მმართველობის განვითარებაა. ამავდროულად, სააგენტო უზრუნველყოფს ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის გატარებას; სახელმწიფო საქმიანობაში თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვას და მათი საშუალებით სახელმწიფოს გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობას.

სააგენტოს ფუნქციები ძირითადად სამი მიმართულებითაა განსაზღვრული:

  • ციფრული მმართველობა;
  • ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოება;
  • ინფორმაციულ-ტექნოლოგიური მხარდაჭერა.

კიბერუსაფრთხოების მიმართულებით სააგენტო ორგანიზებას უწევს კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების და საგანმანათლებლო ღონისძიებებს (CyberEXE – კიბერსავარჯიშოები, კიბეროლიმპიადა „კიბერკუბი“, კიბერკლასი, ტრენინგები და სხვა).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები