ინდირა ჯგერნაიამ ბოლო პერიოდის განმავლობაში 16 კილოგრამი დაიკლო. ამას წინათ, თავისი ეს მიღწევა სოციალურ ქსელში გაგვიზიარა და დადო ფოტო შესადარებლად და პარალელის გასავლებად.

მოგვიანებით, ინდირამ ახალი ფოტოსესია გამოაქვეყნა, სადაც არაჩვეულებრივად გამოიყურება.
fortuna.ge მას დაუკავშირდა იმის გასაგებად, როგორ მიაღწია ამ შედეგს მომღერალმა.
ინდირა ჯგერნაია:
ბევრ ჩვენგანს უყვარს კარგად კვება, თან, როცა კარგი მზარეულიც ხარ და აკეთებ, მერე მიირთმევ კიდევაც. გენეტიკურად წონიანი არავინ მყავს. კომენტარები იწერებოდა, უი, როგორ გასუქებულაო. ვამბობდი, დიდად არ მაინტერესებს-მეთქი, მაგრამ მერე ვიფიქრე, რატომ ვალაპარაკო ეს ხალხი-მეთქი. წონაში მომატება ურეჟიმობით იყო გამოწვეული, სტუდიაში რომ შევიკეტავდი კარს, ჭამის დრო არ მქონდა. მთელი დღე ვერ ვჭამდი და საღამოს მივირთმევდი. როცა რესტორანში ვმუშაობდი, გვიან მიწევდა კვება. სამზარეულოში რომ შევდიოდი, ვეღარ გამოვდიოდი, ხან რას ვამზადებდი, ხან – რას. ახლა ჭკუა ვისწავლე და ჩემს თავს შევუძახე…
როდის შეუძახე შენს თავს?
ყოველი ჭამის მერე რომ დიეტაზე ვართ, ასე ვუძახებდი ყოველ ორშაბათს, მაგრამ იანვრიდან დღემდე 16 კილოგრამი დავიკლე. სექტემბერში დამეტყო ყველაზე მეტად, რადგან სტრესი გადავიტანე და ამანაც შეუწყო ხელი ჩემს დაკლებას.
ახლა შენ თავად იმზადებ საკვებს?
შაქარი, ტკბილი საერთოდ ამოვიღე რაციონიდან. ვისწავლე ჯანსაღი პურის გამოცხობა სახლში, – ოსპით, წიწიბურით და ჰერკულესით, ცოტა ზეითუნის ზეთს დაამატებ და სანელებლებს, ასევე კვერცხის ცილას, რომ ცოტა ამოვიდეს. თავიდან ამ პურს მივირთმევდი, შემდეგ ესეც ამოვიღე რაციონიდან. არანაირ ცომს არ ვჭამ. ჩემი ორგანიზმი სანამ არ გამოშრება იმ ზომამდე და იმ წონამდე, რომლამდეც მინდა მისვლა, მანამდე არ მივირთმევ. კიდევ ექვსი კილოს დაკლება მინდა… რაციონში მაქვს ცილა, ბოსტნეული, ავოკადო… ავოკადო ძალიან კარგია ამ კუთხით, რადგან განაყრებს. იმედია, ამ ინტერვიუს შემდეგ არ გააძვირებენ (იცინის). ავოკადოს ძალიან ვემადლიერები. ვერ ვიტყვი, რომ სრულად სწორად ვიკვებები, გუშინდელი დღე ისე გავიდა, ყავაზე ვიყავი, მაგრამ დღეს ვჭამე თინუსი და „ხლებცი“. მკითხველი რომ არ დავაბნიოთ, ვიტყვი, რომ თავიდან დღეში სამ-ოთხჯერ ვჭამდი, რადგან პურს არ ვიღებდი და მალე მშივდებოდა. თავიდან სრულ დანაყრებამდე მივირთმევდი, სანამ მადა არ დამიქვეითდა. ახლა ისე აღარ მშივდება და თავსაც არ ვიკლავ.
როგორც ვატყობ, კარგი ნებისყოფაც გაქვს…
ექვსი წლის წინ ვთქვი, რომ არანაირ ალკოჰოლს არ მივიღებდი და ასე გრძელდება დღემდე, ასე რომ, კარგი ნებისყოფა მაქვს. ჩვენი ორგანიზმისთვის არ არის კარგი და ამიტომ გადავწყვიტე. ახლა ჯანსაღ კვებას ვცდილობ. ამის მერე კიდევ ერთი მიზანი მაქვს, მერე ალბათ, ფრთები ამომივა (იცინის).
რა მიზანია?
ჯერ არ ვიტყვი, რომ განვახორციელებ, მერე კიდევ დამირეკავ და მოგიყვები (იღიმის).
ახალ ფოტოებს რომ უყურებ, რა შეგრძნება გეუფლება?
ყველაზე კარგი ემოცია მქონდა დღეს. ისევე, როგორც ყველა ქალს, მეც მიყვარს ჩაცმა. დედაჩემი „მეჭინჭეს“ მეძახის. ძვირიანია თუ იაფიანი, თუ მომწონს, ყველგან ყველაფერს ვყიდულობ. არის ჩემს გარდერობში უამრავი ნივთი, რომელშიც თირკმლის ფასი მაქვს გადახდილი, მაგრამ ერთხელ ან ორჯერ მეცვა. ვერც გავაჩუქე, რადგან ვერ გავიმეტე და გული მწყდებოდა, რომ ამ ტანსაცმელში ვერ ჩავდიოდი და არ მეტეოდა. ამას წინათ ვფიქრობდი, რა ჩავიცვა-მეთქი და უცებ გამახსენდა, რომ გარდერობი უნდა გამოვაღო (იცინის). თან, რა ბედნიერი ხარ, როცა ჩაიცვამ იმას, რაც მოგწონს და გიხდება. მოტივაციას გაძლევს ხალხი, გწერენ და გეუბნებიან, რა მაგრად გახდიო. ყოველდღე, დილიდან დაღამებამდე, ეს კომპლიმენტი მესმის. სხვათა შორის, კომპლიმენტს რომ მეუბნებიან, რაღაც დოზით ვიღებ და რა რაღაც დოზით არა, ვცდილობ, გამოვიცნო, რა დგას მის უკან.
განსაკუთრებულად ხომ არ იპრანჭები ვინმესთვის ახლა, როცა ფორმაში ჩადექი?
დამერწმუნე, მხოლოდ საკუთარი თავისთვის!.. ამინდს რომ გავხედავ და ვფიქრობ, ინდირა, დღეს რა დაგრჩა ჩასაცმელი შენი გარდერობიდან-მეთქი… ვეპრანჭები საკუთარ თავს, ვგიჟდები საკუთარ თავზე. ყველა გოგო და ყველა ქალი დამეთანხმება, ამაზე მაგარი არაფერია, როცა შენი შრომით მიღწეული შედეგით ტკბები.
ვარჯიშიც ხომ არ ჩართე ამ ყველაფერში?
ჩემს რეჟიმში ჯერჯერობით ვარჯიშის ადგილი ვერ მოიძებნა. სტუდიიდან მხოლოდ ანდრიას სკოლიდან გამოსაყვანად გამოვდივარ… ახლა საღამოს ათი საათია და ვწევარ, ვისვენებ, არადა, ხალხს ჰგონია, რომ აუ… რა, აუ, ზოგჯერ ისეთი დაღლილი ვარ, კედელ-კედელ დავდივარ (იცინის).
ფოტო: ლანა ვახტანგაძე
