მომღერალი და მსახიობი ნუცა თოფურია, რომელიც სასიმღერო და თეატრის სცენას უკვე თანაბარი წარმატებით ინაწილებს, სოციალურ ქსელებშიც საკმაოდ აქტიურია, თუმცა ფიქრობს, რომ ამ საქმიანობას მისი დროის ძალიან დიდი ნაწილი მიაქვს.
ნუცა იმდენად დაკავებულია, რომ პირადი ცხოვრებისთვის, შეიძლება ითქვას, ვერ იცლის, თუმცა მეორე ნახევართან დაკავშირებით დიდი ფილტრი აქვს შემუშავებული…
ნუცა fortuna.ge-სთან ინტერვიუში ამ თემებზე საუბრობს.
ნუცა, შენი ინფლუენსერობით დავიწყოთ საუბარი… საკმაოდ აქტიური ხარ სოციალურ ქსელში…
სხვათა შორის, მინდა ვთქვა, რომ სოციალურ ქსელში აქტიურობა თავისით მოვიდა. ასე არ გადამიწყვეტია, რომ ამისთვის დრო უნდა გამომენახა. იცით, რამხელა დრო მიაქვს? თავიდან ვფიქრობდი, რომ ეს იყო მარტივი საქმე, მაგრამ დიდ რესურსს მოითხოვს, როგორც დროის, ასევე ნერვების. გადაიღე, დაამონტაჟე, დამკვეთს გაუგზავნე, იმას რაღაც არ მოეწონება, შეცვალე. ახლა ვფიქრობ, რომ ჩემდა უნებურად გავაქტიურდი. სოციალურ ქსელში, რომ გავიხედე და გამოვიხედე, ყველა პლატფორმაზე მყავდა ბევრი მიმდევარი. ყველა მეკითხებოდა, რატომ არ აქტიურობო. მივხვდი, რომ პროფესიის კუთხითაც სოციალურ ქსელში აქტიურობა მნიშვნელოვანია. ყველა რეკლამა სოციალურ ქსელზეა მორგებული, კონცერტის იქნება თუ სპექტაკლის. მაგალითად, „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ და „ხანუმა“ ტიკ ტოკზეც ძალიან აქტუალურია, რადგან ვირუსულად ვრცელდება ამონარიდები და ბევრი ხალხი მოდის თეატრშიც.
რაც შეეხება დროის რესურსს, ყველაზე დიდი დრო მიაქვს სოციალურ ქსელებში აქტიურობას. თითქმის სულ მაქვს რეკლამა გადასაღები. ვფიქრობ, კონკრეტულ კომპანიებთან ხომ არ გავწყვიტო კონტრაქტი… ძალიან პასუხისმგებლიანი ვარ და როცა დედლაინი მაქვს და ვაცილებ, ვნერვიულობ. ფიზიკურად ვერ ვახერხებ ზოგჯერ ვიდეოს გადაღებას. უნდა მოვაწესრიგო გარემო, მოვწესრიგდე თავად, დავაყენო განათება… სულ მგონია, რომ რაღაცას ვაკლებ და სრულყოფილად შეიძლება ვერ ვახერხებდე ამ საქმის გაკეთებას.
თუმცა ამ საქმეს შემოსავალიც ხომ მოაქვს?
არ მინდა შედარება გამომივიდეს, მაგრამ ისეთი ანაზღაურებაა, კმაყოფილი რომ იქნება ყველა. ჩემთან კომპანიებს იმიტომაც უნდათ თანამშრომლობა, რომ მომღერალიც ვარ და მსახიობიც, ცოტა სხვა აუდიტორია მყავს, სხვადასხვა სეგმენტს მოიცავს. ამას, ალბათ, კომპანიები აკვირდებიან. ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანია, სადაც ვარ, კომფორტულად ვიყო, ანაზღაურების გამო არასდროს არაფერს ვაკეთებ. თუ არ მსიამოვნებს რაღაცის კეთება, ფული ავიღო და თავს ძალა დავატანო, არასდროს ყოფილა ჩემს ცხოვრებაში და იმედია, არც იქნება.
ზოგადად, ჩემი დამოკიდებულება მაქვს ინფლუენსერობასთან დაკავშირებით. ძალიან სწორად მინდა ეს ყველაფერი აღვწერო – შეიძლება, სოციალურ ქსელში ვიყო აქტიური, მაგრამ ჩემს თავს ინფლუენსერს არ ვეძახი. ინფლუენსერობა ისწავლება, ადამიანები სპეციალურ კურსებს გადიან ამისთვის საზღვარგარეთ… ჩვენთან საქართველოში, ვიღაცას რომ ერთი ვიდეო „გაუვარდება“, უკვე ინფლუენსერად მოიხსენიებენ. იჩაგრებიან ის ადამიანები, ვინც უამრავი დრო, რესურსი და ნერვები დახარჯა ამ საქმიანობაში. ჩემი ადგილი ვიცი, ამას სულ ვამბობ (იღიმის). სინამდვილეში ინფლუენსერობა დიდი პასუხისმგებლობაა. შენი აუდიტორია სწორი მიმართულებით უნდა მიგყავდეს. მე მაქვს ჩემი ცხოვრება, ჩემი პლატფორმა, ვაკეთებ იმის რეკლამას, რასაც მე თვითონვე ვიყენებ და მომწონს… არ მინდა, რომ ინფლუენსერის სტატუსი მივიმაგრო. წამყვანი ინფლუენსერები მახსენდებიან, ვინც ბევრი წელია, ამ საქმეშია. არავინ იცნობდა და სწორად წაიყვანეს საკუთარი სოციალური ქსელი, ამით გახდნენ პოპულარულები… მე კი ვარ მომღერალი, მსახიობი, ესეც ახლახან გადავწყვიტე, თამამად ვამბობ, რომ მსახიობი ვარ, იმდენმა ადამიანმა მითხრა უკვე (იღიმის)… თუ მივაღწიე ისეთ დონეს, რომ ჩავთვლი, სასარგებლო რამეს ვაკეთებ მასშტაბურად, მეც ვიტყვი, რომ ვარ ინფლუენსერი.
აღნიშნე, რომ ახლახან გადაწყვიტე, რომ მსახიობი ხარ… რამდენი ხანი დაგჭირდა ამისთვის?
ზედმეტად თვითკრიტიკული ვარ. ამას ნამდვილად მივხვდი. თეატრში თავიდან მსახიობებთან უხერხულობის შეგრძნება მქონდა, რადგან თეატრალურ უნივერსიტეტში არასდროს მისწავლია. ყველამ იცოდა, რომ მე ჩემი ადგილი ვიცოდი. ვიყავი მორიდებულად. ვთამაშობდი „დარაბებს მიღმა გაზაფხულიას“. მერე, თვითონვე მივხვდი, რომ თავისუფალი ვიყავი და დავფრინავდი, როცა სპექტაკლზე მივდიოდი… „ხანუმაში“ მთავარ როლზე რომ დამაკავეს, მივედი და ვიკითხე, ჩემზე უკეთესი მსახიობები ხომ გყავთ თეატრში, სხვა ხომ ჩემზე უკეთ ითამაშებს ამ როლს-მეთქი. შენნაირი არავინ გვინახავს, ასე რომ ეთქვას, სხვა შეიფერებდა და გაუხარდებოდაო. „მერი პოპინსშიც“ რომ მთავარი როლი მომცეს, ვიფიქრე, მსახიობებში არ გამომეწვია აგრესია, არ ეფიქრათ, რომ ტელევიზიით თუ სოციალურ ქსელში პოპულარული რადგან ვარ, ამიტომ ვიღებ მთავარ როლს, მაგრამ მერე თავად მსახიობებმა აღნიშნეს, რომ უნიჭო მსახიობი თეატრში არ დაიმალება, ამის შესახებ დაიწერება, ამას მაყურებელიც აღნიშნავს და სხვა სპექტაკლში აღარ დაგაკავებენ. დიდი გზა გავიარე, რომ ამას მივხვედრილიყავი და მიმეღო ნუცა, როგორც მსახიობი. სანამ თავად არ მივიღებ საკუთარ თავს, მანამდე თავდაჯერებული ვერ ვარ… თუ სინამდვილეში ინფლუენსერი ვარ, ალბათ, დრო დადგება და მივიღებ ამასაც. მომღერლობა არის ერთადერთი საქმიანობა, სადაც ვარ ობიექტური…
ამდენი საქმის პატრონს რაიმე დრო თუ გრჩება იმისთვის, რომ პირადი ცხოვრებისთვის მოიცალო?
ყველა საღამო დაკავებული მაქვს, ან თეატრში ვარ, ან სადმე ივენთზე, როგორც მომღერალი. კარიერულად ვამბობ, რომ განსაკუთრებულად დიდი გამოწვევისთვის ვემზადები… აუცილებლად ვისაუბრებ ამაზე, დრო როცა დადგება… ეს მუსიკალურ კარიერას უკავშირდება…
რაც შეეხება პირად ცხოვრებას – ფიზიკურად დრო არ მაქვს. შეყვარებული რომ მყავდეს, ან გადაირეოდა, ან ჩემნაირი გიჟი იქნებოდა, ჩემნაირი ცხოვრება უნდა ჰქონდეს მინიმუმ… ვერ ამყვებოდა ამ ყველაფერში, ასე ვფიქრობ, მეც დისკომფორტს შევუქმნიდი, მერე მეც შემექმნებოდა დისკომფორტი. ჩემ გვერდზე ვინც იქნება, თუ ჩემი რუტინა, აქტიურობა, ყურადღების ცენტრში ყოფნა, კომპლიმენტები, თეატრში ვიღაცას რომ ვკოცნი, ეს ვერ მიიღო, არ ვიცი… ძალიან გულწრფელად ვამბობ, რთულია ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც რაღაცაზე არ „გაგიჭედავს“ და შეგზღუდავს და თუ არსებობს, იმედია, შევხვდები და ვიპოვი. გამორიცხულია, რომ ჩვენ ერთად ყოფნა შევძლოთ, თუ მას დისკომფორტს შეუქმნის ჩემი საქმიანობა. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ რაღაცაში გავითვალისწინებ, ეს ბუნებრივად მოდის ურთიერთობაში, მაგრამ კონცერტიდან გვიან რომ გამოვალ ან თეატრიდან – და მსახიობობა უკვე ჩემი ერთ-ერთი პროფესია გახდა, არ მინდა, რომ ამან კომპლექსები გააჩინოს ჩემს მეორე ნახევარში…
დედაჩემი ძალიან სასაცილოა ხოლმე, როცა მეუბნება, ნუ იფრენ ასე ბიჭებს პირდაპირო. შეიძლება, ბიჭმა დასაწყისში საერთოდ არ გამოავლინოს თავისი ხასიათი, მაგრამ ერთ რეაქციაზე მივხვდები, სამომავლოდ რასთან დაკავშირებით შეიძლება ჰქონდეს პრობლემა. არ მაქვს იმის ნერვები, რომ ამაში დავხარჯო…
ვფიქრობ, შემხვდება ძალიან კომფორტული, ჩემიანი ადამიანი, ჩემს ტალღაზე მყოფი, პირიქით, რომ დამეხმარება, გვერდში დამიდგება და მიგულშემატკივრებს, თვითონ გადამიღებს ვიდეოებს და თვითონ წამომყვება თეატრში. ამის იმედი მაქვს და მგონია, რომ ყველა ვარიანტში შემხვდება. ჰარმონიული ურთიერთობა მექნება. ასეთი მოლოდინი მაქვს და იმედია, ჩემ შემთხვევაშიც გამართლდება, რადგან ჩემი მეგობრების შემთხვევაში ჩემი წინასწარმეტყველებები მართლდება… იმედია, ჩემს თავზეც იმოქმედებს… (იღიმის).
