LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავამყაროთ კარგი ურთიერთობა ადამიანებთან – FM ქოუჩი

244
gvancabarabadze20924

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ დავამყაროთ კარგი ურთიერთობა ადამიანებთან – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში FM ქოუჩი, ქოუჩმა გვანცა ბარაბაძემ ისაუბრა.

რას ნიშნავს „ნეთვორკინგი“?

ადამიანებთან კავშირების დამყარება და შემდგომ ამ კავშირების განვითარება, იგივე „ნეთვორქინგი“, აუცილებელი უნარია პიროვნული თუ პროფესიული წარმატებისთვის. გამომდინარე ჩვენში გავრცელებული იმ მოსაზრებიდან, რომ „ყველაფერი ნაცნობობითაა“, მარტივ მიზეზთა გამო ნაცნობებისგან უფრო იოლია დახმარების მიღება, ვიდრე უცნობებისგან. ამიტომ მნიშვნელოვანია თქვენთვის საინტერესო სფეროში გყავდეთ რაც შეიძლება მეტი და ღირებული ნაცნობი.

მახსოვს სტუდენტობის პერიოდში, სამსახურის ძებნისას ლექტორს ვთხოვე დახმარება, რომ ჩემთვის აუცილებელი გამოცდილების მისაღებად სასარგებლო რჩევა მოეცა. რის შედეგადაც ღირებულ რჩევასთან ერთად, ერთ-ერთ ორგანიზაციაში წარსადგენად მისი რეკომენდაციაც მივიღე. ამდენად, სანაცნობო ქსელის შექმნა და მისი განვითარება ერთ-ერთი მთავარი რესურსია თითოეული ადამიანისათვის. და რაც ყველაზე მთავარია, სწორედ ამ პროცესში იძენ ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანურ ურთიერთობებს.

ეს არის უნარი და შესაძლებლობა იყო არსებულზე უფრო ეფექტური და რეალიზებული, რათა ხელგეწიფებოდეს საჭირო და ღირებული ორმხრივი ურთიერთობების დამყარება შენთვის ჯერ კიდევ უცნობ ადამიანებთან.

კვლევები აჩვენებს რომ პროფესიული კავშირები გვეხმარება დროულად მივიღოთ ინფორმაცია არსებული ვაკანსიებისა თუ ბიზნეს შესაძლებლობების შესახებ. ასევე გავიღრმავოთ ცოდნა და მივაღწიოთ ეფექტურობას. გარდა ამისა, სანაცნობო ქსელის შექმნა და მისი განვითარება აუმჯობესებს სამუშაო კმაყოფილებასა და ცხოვრების ხარისხს.

რა გვიშლის ხელს კონტაქტების დამყარებაში?

მიუხედავად იმისა, რომ კონტაქტების დამყარება აუცილებელია, ბევრი ადამიანისთვის ეს არც ისე მარტივია. ზოგადად ცნობილია რამოდენიმე დაბრკოლება, რომლებიც ხელს გვიშლის კონტაქტის დამყარებაში:

1. უცნობ ადამიანებთან შეხვედრის დისკომფორტი

თუ ექსტროვერტისთვის კავშირების დამყარება ბუნებრივია და მას ეს თავისუფლად გამოსდის, ინტროვერტისთვის ეს ექიმთან წასვლის ტოლფასია. ზოგადად, ნებისმიერი სიახლე ადამიანში იწვევს დისკომფორტს. ჩვენ კომფორტულად ვგრძნობთ თავს მხოლოდ ჩვენთვის ჩვეულ მოცემულობაში. თუმცა თუ გავიხსენებთ და თვალს გადავავლებთ ჩვენს მეგობრებსა და ახლობლებს, ისინიც ერთ დროს უცნობი ადამიანები იყვნენ ჩვენთვის.

2. მარცხის შიში

ხშირად დისკომფორტს იწვევს არა უცნობი, არამედ ნაცნობ ადამიანთან კონტაქტის დამყარება. თუ ადამიანი, ვისთანაც ნაცნობობა გსურთ, თქვენთვის კარგად ნაცნობი და პატივსაცემია, ამან შესაძლებელია მარცხის შიში გაგიჩინოთ – „იქნებ საინტერესო არ აღმოვჩნდე მისთვის?“ გაიხსენეთ რამდენჯერ ყოფილხართ სიტუაციაში, როდესაც თქვენთვის საინტერესო ადამიანს ხედავთ, რომელსაც სიამოვნებით დაელაპარაკებოდით, მაგრამ ამ ფიქრმა შეგიშალათ ხელი.

3. საუბრის საგანი

თუ გადალახე უცნობ ადამიანთან კონტაქტის დისკომფორტი და მარცხის შიშიც, შემდეგ შესაძლებელია დადგეს საკითხი, „რაზე შეიძლება ვესაუბროთ ადამიანს?“, „რა შეიძლება იყოს პირველი წინადადება მისალმების შემდგომ?“. საუბრის საგნის შერჩევა ერთ-ერთი გავრცელებული დაბრკოლებაა.

როდესაც გადაწყვეტ, რომ „ნეთვორქინგი“ შენთვის საჭირო უნარია, შესაძლებელია ამ უნარის განვითარებაზე მუშაობა. ამ კუთხით არსებობს სხვადასხვა სასწავლო პროგრამები.

ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე კითხვას, რაც აღნიშნულ საკითხზე დაფიქრებასა და შემდგომი ნაბიჯების გადადგმაში დაგეხმარებათ.

რა მიმართულებით ავითარებ თავს?

განსაზღვრა იმისა თუ რა გინდა და რა მიმართულებით მიდიხარ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ღირებული სანაცნობო ქსელის შენების გზაზე. როგორ ხედავ შენს პროფესიულ განვითარებას უახლოესი 10 წლის განმავლობაში? სად ხარ იდეალურ შემთხვევაში?

ვინ უნდა იცოდეს შენ შესახებ?

ვინ არიან ის ადამიანები ან ჯგუფები ვისაც შენს შესახებ უნდა ჰქონდეს ინფორმაცია? ეს შეიძლება იყოს პოტენციური დამსაქმებელი, მასწავლებელი ან მენტორი, ვისგანაც გსურს ისწავლო, პოტენციური ბიზნეს პარტიორი და აშ.

რა მახასიათებელი გამოგარჩევს?

ეს არის თქვენი პერსონალური ღირებულებები ან იდეები, რომლისკენაც მიისწრაფვით. ის რესურსები, რასაც ფლობთ – პერსონალური, პროფესიული უნარები, გამოცდილება და ა.შ. თითოეული ადამიანი რესურსების საბადოა, თუმცა ზოგ შემთხვევაში აღნიშნული რესურსები სკივრშია ჩაკეტილი და არ ჩანს. იმისთვის, რომ ღირებული ურთიერთობების შექმნა შევძლოთ, პირველ რიგში საკუთარ თავში უნდა გავაცნობიეროთ არსებული რესურსები.

როგორ უნდა შეიტყონ თქვენს შესახებ?

ჩვენ შეიძლება საგანძურს ვფლობდეთ ჩვენი რესურსების სახით, მაგრამ იმისთვის, რომ კავშირების შექმნა შევძლოთ, ისინი უნდა გავხადოთ ხილულნი. ყველა თქვენგანის გარშემო ნამდვილად არიან ადამიანები, ვისაც თქვენი რესურსი ჭირდება და პირიქით. სწორედ ეს არის „ნეთვორქინგი“ – ურთიერთსასარგებლო კავშირების დამყარება.

ღირებული კონტაქტების დასამყარებლად არსებობს სხვადასხვა არხი, მათ შორის ბლოგის წაყვანა, სოციალური მედია, სხვადასხვა ღონისძიებებზე დასწრება, საჯარო გამოსვლა, ლექციების ჩატარება და ა.შ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები