30 მარტს ლეგენდარული მუსიკოსი ერიკ კლეპტონი 76 წლის გახდა. ჟურნალმა „როლინგ სთოუნზი“ ის ყველა დროის საუკეთესო გიტარისტების სიაში მეორე ადგილზე გაიყვანა. პირველ ადგილზე ცხადია, ჯიმი ჰენდრიქსია.
Slow-hand-ის სახელით ცნობილმა მუსიკოსმა, რომელიც არაერთი ჯგუფის შემადგენლობაში უკრავდა, თავი განსაკუთრებული სტილით, ბლუზის საოცარი შესრულებით გაგვაცნო.
ერიკ ლეპტონს ჰქონდა უცნაური ბავშვობა. მაგალითად მას ბავშვობაში ეუბნებოდნენ, რომ ბებია და ბაბუა მისი მშობლები იყვნენ. მუსიკოსის დედა მხოლოდ 16 წლის იყო, როდესაც კლეპტონი ქვეყანას მოევლინა, მამა კი, 24-ის. მშობელმა შვილი აღსაზრდელად ბებია-ბაბუას მიაბარეს, ხოლო როდესაც დედა მოულოდნელად შვილის სანახავად დაბრუნდა, მას უთხრეს, რომ უფროსი და ჩამოვიდა.
კლეპტონს გიტარაზე დაკვრას ადრეული ასაკიდან ასწავლიდნენ. მომავალმა მუსიკოსმა დაკვრას თავი 13 წლის ასაკში დაანება, მიზეზი კი ის იყო, რომ სწავლა ძალიან უჭირდა. გიტარაზე დაკვრას წლების მერე დაუბრუნდა, ამჯერად უკვე სამუდამოდ. კლეპტონს აქვს ფსევდონიმი, „ზარმაცი ხელი“. ერთი შეხედვით ეს ფსევდონიმი ძალიან უცნაურია დიდი მუსიკოსისთვის. აღმოჩნდა, რომ ეს სახელი მას ჯგუფ The Yardbirds-ის შემადგენლობაში მოღვაწეობის დროს შეარქვეს. ამ ჯგუფში კლეპტონი 60-იან წლებში უკრავდა, თუმცა 1965 წელს ჯგუფი დატოვა. კლეპტონს ძალიან უყვარდა ბლუზი და ის თვლიდა, რომ ჯგუფის მუსიკა სწორედ ამ მიმართულებით უნდა განვითარებულიყო.
ცოტამ თუ იცის, რომ 1968 წელს, როდესაც ლეგენდარული ბითლზი წერდა სიმღერას While My Guitar Gently Weeps, მათ გიტარის პარტიის ჩასაწერად სწორედ ერიკ კლეპტონი მიიწვიეს. ჯორჯ ჰარისონი ამბობს, რომ კლეპტონის მიერ დაკრული შეუდარებელი იყო.
ჰარისონზე საუბრისას, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ კლეპტონის ჰიტი Layla, რომელიც 1970 წელს გამოვიდა. ეს სიმღერა ერიკმა ჯორჯ ჰარისონის ცოლს, პატი ბოიდს მიუძღვნა. სხვათა შორის, სიმღერის გამოსვლიდან ორ წელიწადში, ბოდი ჰარისონს გაშორდა და კლეპტონს გაჰყვა ცოლად. ჰარისონი ამ ფაქტს გაგებით შეხვდა, მეტიც, ქორწილში ის საპატიო სტუმრის სტატუსითაც მივიდა.
ყველაზე დიდი ჰიტი კი კლეპტონმა უდიდეს ტრაგედიას უკავშირდება. 1991 წელს კლეპტონის 4 წლის შვილი ნიუ-ორკის მაღალსართულიანი შენობიდან გადმოვარდა, ის ადგილზე გარდაიცვალა. ტრაგედიიდან მალევე კლეპტონმა პოეტ უილიამ ჯენინგსთან ერთად დაწერა ჰიტი Tears in Heaven, რომელიც „ბილბორდის“ ჩარტების სათავეში მოექცა და ერიკ კლეპტონს „გრემის“ ნომინაციაში გამარჯვებაც მოუტანა.
ამბობენ, რომ შერილ ქროუმ თავისი პოპულარული ჰიტი My Favorite Mistake 90-იან წლებში სწორედ ერიკ კლეპტონს მიუძღვნა. ისინი ერთმანეთს რამდენიმე წლის მანძილზე ხვდებოდნენ, თუმცა ქროუმ ინტერვიუში განაცხადა, რომ კლეპტონთან ურთიერთობას შეცდომად არ განიხილავდა.
პირველად ერიკ კლპეტონი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრი 1992 წელს გახდა, ეს იყო ჯგუფ Yardbirds-ის შემადგენლობაში. მომდევნო წელს ის ასევე გახდა ამ საპატიო დარბაზის წევრი ამჯერად როგორც ჯგუფ Cream-ის წევრი. უკვე 2000 წელს კლეპტონი ამ საპატიო სიაში სოლო მომღერლის ამპლუაში გამოჩნდა.