LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გავთბეთ ეფექტურად ჭაჭით და წალმით?

278

ბიომასების ეფექტურად გამოყენებისთვის საჭიროა ერთიანი მიდგომა და სახელმწიფოს დახმარება, – ამის შესახებ ”ფორტუნას”  არასამთავრობო ორგანიზაცია ”მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” ხელმძღვანელმა მურმან მარგველაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ორგანიზაციას შესწავლილი აქვს ბიომასების საწვავად გამოყენების შესაძლებლობები. როგორც მარგველაშვილი აღნიშნავს, საქართველოს მთლიან ენერგეტიკულ მოხმარებაში შეშას, როგორც ბიომასას აქვს უდიდესი წვლილი, თითქმის ისეთივე, როგორიც მთელ ჰიდროენერგიას.

”საერთოდ, ჩვენთან გავრცელებულია შეხედულება, რომ ბიომასის გამოყენება ეს არის ჩამორჩენილობის ნიშანი, არადა განვითარებული ქვეყნები ინტენსიურად იყენებენ და ავითარებენ ამას და ჩვენც რომ განვავითაროთ, ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის ნამდვილად დიდი დახმარება იქნება. თუმცა, ამას არც პოლიტიკა და არც სტრატეგია არსებობს, არ ვიცით როგორ მივუდგეთ, როგორ გავაუმჯობესოთ გამოყენების ეფექტურობა, როგორ უნდა გამოვიყენოთ ეკონომიკურ განვითარებაში და ა.შ.” – განუცხადა ”ფორტუნას” მარგველაშვილმა.

მისივე განმარტებით, არსებობს რამდენიმე მიმართულება, მათ შორის შეშის გამოყენების ეფექტურობის მიღწევა. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, მაქსიმალურად უნდა გაიზარდოს ღუმელებების ეფექტურობა, რომელსაც ხალხი გამოიყენებს.

”არის ხოლმე საუბარი, რომ გაზზე გადავიყვანოთ ყველამ ღუმელი, მაგრამ ეს არის ამავე დროს ენერგეტიკული დამოკიდებულების გაზრდა, რასაც, როგორც წესი, ნორმალურ ქვეყნებში ყველა ერიდება. ბალანსი უნდა ვიპოვოთ. იმ ღუმელებს ეფექტურობა, რაც ყველაზე გავრცელებულია ხალხში, არის  25%, მაშინ როდესაც შეიძლება იყოს 80%. ასეთი ღუმელების დანერგვა და ამ სახის ბიზნესის განვითარება მოემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს,” – აღნიშნა ექსპერტმა.

მისივე განცხადებით, მეორე მიმართულებაა ნარჩენების გამოყენება. მარგველაშვილის თქმით, არსებობს უამრავი ბიოლოგიური ნარჩენი, რომელიც შეიძლება გამოიყენებოდეს თანამდროვე მაღალტექნოლოგიური საწვავის სახეობების – პელეტების და ბრიკეტების დასამზადებლად.

”ესეც არის თანამედროვე ტექნოლოგია. რა თქმა უნდა, ყველაფერს სჭირდება ინვესტიცია და საწყისი კაპიტალი, თუმცა შესაძლებელია, მოვიძიოთ საერთაშორისო დახმარებები. შესაძლებელია, ეს მიმართულება საკამოდ სწრაფად განვითარდეს, რადგან რამდენიმე საწარმო უკვე ცდილობს ასეთი საწვავის გამოშვებას, თუმცა ამას სჭირდება დახმარება და ერთიან სისტემაში მოქცევა”, – აღნიშნა მურმან მარგველაშვილმა.

როგორც ექსპერტი ამბობს, მაგალითად, ღვინის ქარხნებს უშლიან გამოწურული ჭაჭის ნარჩენის გაცემას მოსახლეობაზე, რასაც ადრე აკეთებდნენ, ამიტომ საწარმოებს აღნიშნული ნარჩენები უგროვდებათ. შემდეგ კი ბენზინს ასხამენ რომ მოსახლეობამ არ მოიპარიოს ჭაჭის გამოსახდელად. მარგველაშვილის განმარტებით, ამისგან შეიძლება გაკეთდეს ბიოსაწვავი. ისევე, როგორც იმ ნარჩენებისგან, რომელიც ვაზის გასხვლის შედეგად რჩება და მწარმოებლები ხშირ სშმთხვევაში მინდორშივე წვავენ.

”ამ ყველაფერს სჭირდება ერთიანი სახელმწიფოებრივი მიდგომა. საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული დახმარება, ცოდნის მიწოდება, ფინანსური შეღავათების დაწესება და ა.შ.” – აღნიშნა მარგველაშვილმა.

ბიომასა ბიოლოგიური წარმოშობის პროდუქტი ან ნარჩენია, რომელიც მიიღება მცენარეული, ცხოველური, სატყეო და მონათესავე მრეწველობებიდან, ასევე ინდუსტრიული და მუნიციპალური ნარჩენებისგან.

ბიომასის ხუთი ძირითადი წყაროა: ხე – სატყეო მეურნეობიდან ან გადამამუშავებელი წარმოებიდან; ენერგეტიკული მცენარეები – მაღალი მოსავლიანობის მქონე მცენარეები, რომლებიც ითესება სპეციალურად ენერგეტიკული გამოყენებისათვის; სოფლის მეურნეობის სხვადასხვა კულტურების ნარჩენები; საკვების წარმოების და გამოყენების დროს მიღებული ნარჩენები; ინდუსტრიული ნარჩენები.

ამ ხუთი წყაროდან მიიღება 3 სახის ბიოსაწვავი: მყარი საწვავი-შეშა (პელეტი, ბრიკეტი); აირადი ბიოსაწვავი – ბიოგაზი; თხევადი ბიოსაწვავი – ეთანოლი და ბიოდიზელი.

magti 5g