LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავითაშვილი: განახლებადი ენერგიები ყველაზე დიდი პოტენციალის მქონეა – ამ სფეროში ინვესტიციების მოზიდვა ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია

52
ლევან დავითაშვილი1 (1)

დღეს განახლებადი ენერგიების საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია გაიხსნა.

კონფერენციაზე აუდიტორიას სიტყვით მიმართა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და ენერგეტიკის სფეროს განვითარების, განახლებადი ენერგიის წყაროებისა და ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა დღეს განსაკუთრებით აქტუალურია, შესაბამისად, ევროპის ქვეყნებში ყველაზე მეტი ყურადღება სწორედ ენერგეტიკის სფეროს ეთმობა:

„ჩვენთვის განახლებადი ენერგიები ყველაზე დიდი პოტენციალის და პერსპექტივის მქონეა და შესაბამისად, ამ სფეროში ინვესტიციების მოზიდვა და ზუსტად ამ მიმართულების წახალისება მთავარი პრიორიტეტია.

ეს საკითხი ასახულია ჩვენს სტრატეგიულ დოკუმენტებში, მათ შორის 2030 წლის მთავრობის ხედვაში, როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში განახლებადი ენერგიის სხვადასხვა წყაროს ეფექტიანად ათვისება იმისთვის, რომ ქვეყანამ ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება განიმტკიცოს და ეკონომიკის უწყვეტ განვითარებას ხელი შეუწყოს.

ასეთი საერთაშორისო კონფერენცია დაგვეხმარება, საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ინვესტორებს მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ“, – განაცხადა დავითაშვილმა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც თბილისში დღეს გაიხსნა, 30-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.

კონფერენციის მიზანი განახლებადი ენერგიის სექტორის მიმართ ინვესტორების ინტერესის გაზრდა და ახალი ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობაა.