LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გავუმკლავდეთ სიცხეს – NCDC რეკომენდაციებს აქვეყნებს

124
BeFunky-collage (16)

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ზაფხულის ცხელი დღეებისათვის მოსამზადებლად რეკომენდაციებს აქვეყნებს. როგორც NCDC-ში აცხადებენ, განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა, რომელიც რამდენიმე დღე გასტანს, პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე – იწვევს როგორც გარკვეული დაავადებების ჩამოყალიბებას, ასევე უკვე არსებულის გამწვავებას და, შესაძლოა, სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს.

“სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისათვის, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისათვის. ძლიერმა სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს გულის ცემის გახშირება და სუნთქვის გაუარესება” – აცხადებენ NCDC-ში.

მაღალი ტემპერატურა გავლენას ახდენენ ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობაზე, თუმცა მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების ყველაზე მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან:

  • 75 წლისა და უფროსი ასაკის ხანდაზმულები
  • ბავშვები, განსაკუთრებით ახალშობილები
  • ქრონიკული დაავადებების, განსაკუთრებით კი გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე პირები
  • გადაადგილების პრობლემის (მაგ., პარკინსონის დაავადება, ინსულტი) მქონე პირები
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე პირები
  • გარკვეულ პრეპარატებზე მყოფი პირები, მ.შ. პრეპარატებზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ოფლის გამოყოფასა და ტემპერატურის კონტროლზე
  • ალკოჰოლის ჭარბი მომხმარებლები და წამალდამოკიდებული (ნარკოტიკების მომხმარებლები) პირები
  • ფიზიკურად აქტიური პირები (მაგ., მძიმე ფიზიკურ სამუშაოებში ჩართული პირები, სპორტსმენები)

როგორ გავუმკლავდეთ სიცხეს:

შეინარჩუნეთ სახლში სიგრილე

შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. სახლში ტემპერატურა შეამოწმეთ დილის 08:00 საათიდან 10:00 მდე, 13:00-ზე და ღამით 22:00 საათის შემდეგ. დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 320C, ხოლო ღამით კი 240C-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისათვის; აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ.

ღამით გააღეთ ფანჯრები და დატოვეთ ღია დილამდე, სანამ გარეთ სიგრილე იქნება (თუ ეს სახიფათო არ არის).

დღისით შეამცირეთ სახლში სიცხის შეღწევა – დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. შეძლებისდაგვარად გამორთეთ ელექტრო მოწყობილობები და ხელოვნური განათება.

მზის მხარეს ჩამოაფარეთ დამჩრდილავი ფარდები, ჟალუზები, დარაბები.

ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს.

თუ სახლში გაქვთ კონდენციონერი, დაკეტეთ კარებები და ფანჯრები, რათა ეფექტურად გამოიყენოთ ელექტროენერგია. ეს აგაცილებთ ქვეყანაში ელექტრო ენერგიის დეფიციტის საფრთხეს.

ვენტილატორი გამოგადგებათ იმ შემთხვევაში თუ ტემპერატურა არ აღემატება 350C-ს. ხოლო თუ ტემპერატურა აღემატება 350C-ს, იგი ვერ მოგიხსნით სიცხესთან დაკავშირებულ პრობლემებს.

მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე.

თუ იგრძენით თავბრუსხვევა, სისუსტე, ფორიაქი, ძლიერი წყურვილი ან თავის ტკივილი, სასწრაფოდ მოთავსდით გრილ ადგილას და გაიზომეთ სხულის ტემპერატურა.

მიიღეთ წყალი ან ხილის ნატურალური წვენი.

თუ გაქვთ კუნთების მტკივნეული სპაზმი (განსაკუთრებთ ფეხებში, ხელებში ან მუცელზე), საჭიროა ელექტროლიტების შემცველი ხსნარების მიღება. თუ აღნიშნული სიმპტომები ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.

ექიმს მიმართეთ მაშინაც, თუ გრძნობთ უჩვეულო სიმპტომებს და ეს სიმპტომები დიდხანს ნარჩუნდება.

თუ ვინმემ თავი შეუძლოდ იგრძნო, მოსასვენებლად გადაიყვანეთ გრილ ადგილას. მიეცით დიდი რაოდენობით სითხე.

მიმართეთ ექიმს, თუ პიროვნებას აღენიშნება სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულმკერდის არეში, სისუსტე, თავბრუსხვევა, გულისრევა ან კრუნჩხვები.

თუ შემჩნევთ, რომ ოჯახის რომელიმე წევრს, ან ნებისმიერ ადამიანს აქვს მაღალი ტემპერატურა, გამომშრალი კანი, ბოდავს, აქვს კრუნჩხვა ან დაკარგა გონება, სასწრაფოდ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა ან დაუკავშირდით ოჯახის ექიმს. სასწრაფო დახმარების მოსვლამდე დაზარალებული გადაიყვანეთ გრილ ადგილას, დააწვინეთ ჰორიზონტალურად, აუწიეთ ფეხები, გაუხსენით ტანსაცმელი, რომ არ უჭერდეს; კისერზე, იღლიის ქვეშ, საზარდულის არეში დაადეთ ყინულის პაკეტი, ტანი დაუზილეთ 250-300C ტემპერატურის წყლით და გაუზომეთ სხეულის ტემპერატურა. გონება დაკარგული ადამიანი მოათავსეთ გვერდზე.

მედიკამენტი შეინახეთ 250C-ზე დაბალ ტემპერატურაზე ან მაცივარში (შენახვის წესები წაიკითხეთ ინსტრუქციაში)

თუ გაქვთ ქრონიკული დაავადების დიაგნოზი ან ღებულობთ ერთდროულად რამდენიმე მედიკამენტს, მათი დოზისა და მიღების ჯერადობის შესახებ აუცილებლად მიმართეთ ექიმს”.- აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.

ვრცლად იხილეთ აქ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g