როგორ გავყიდოთ ერთი და იგივე ნივთი სხვადასხვა ფასად – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “FM ქოუჩი”ტელეკომპანია „იმედის“ გაყიდვების ხელმძღვანელმა კონსტანტინე ბათმანიდმა ისაუბრა.
რა პრობლემებს ვაწყდებით დღეს მარკეტინგში?
ზოგადად არის განათლების პრობლემა. შესაბამისად, უნდა დავიწყოთ განათლებიდან. არსებობს „ბიბლია მარკეტერებისთვის“, ამ მიმართულებაში კოტლერს დავიხმარ. პირადად ჩემი მაგალითი რომ მოვყვე, მე მყავდა უფროსი, რომელმაც მითხრა, შენ უნდა გყავდეს შენზე განათლებული უფროსიო, ეს იმისთვის არის საჭირო, შენ ენაზე რომ საუბრობდეს და გაგიგოსო.
რა მიმართულებით აკლიათ შენი გადმოსახედიდან მარკეტერებს განათლება?
ჩვენ ძირითადად ემოციებით ვხელმძღვანელობთ. მარკეტერებს საბაზისოდ უნდა ჰქონდეთ ის მონაცემები, რომლითაც მიიღებენ გადაწყვეტილებას ამა თუ იმ მიმართულებით, შემდეგ გამოიყენონ განათლება და კრეატიულობა. შეიძლება ითქვას, კონკურენციის ნაკლებობაა ამ სფეროში.
როგორ უნდა გაიყიდოს ერთი და იგივე ნივთი სხვადასხვა ფასად?
პროდუქტი ბრენდის გარეშე არ არსებობს. როცა პროდუქტს ვადარებთ ერთმანეთს, ერთ შემთხვევაში ბრენდი შეიძლება ისეთი წარმატებული იყოს, რომ მისი იმიჯი უფრო მაღლა იდგეს. ჩვენ მომხმარებლებს ნეიროელემენტებით ვესაუბრებით, რეალურად პროდუქტი, რომელიც ქარხანამ გააკეთა, ბრენდირების გარეშე ცოდოა. როდესაც ვაშლის ხეს დავრგავთ, ჩვენ გვგონია ვაშლის ხე არის პროდუქტი, არადა პროდუქტი სინამდვილეში ვაშლია, ვაშლის ხე კი ქარხანაა, რომელიც პროდუქტს უშვებს. უნდა დავაკვირდეთ მომხმარებელს, თუ რა ქცევებით არის იმ მომენტში წარმოდგენილი, როცა პროდუქტს ვუშვებთ.
სად უშვებენ შეცდომას ამ სფეროში?
ყველა ფიქრობს, რომ პროდუქტი აწარმოოს, მერე გაყიდოს გრძელვადიანად. გარკვეული კატეგორია ცდება და არასწორ პროდუქტს ქმნის, შესაბამისად, ის იქცევა მოკლევადიანად. არის შემთხვევები, როცა გაყიდვების კუთხით დარღვეულია ფასწარმოქმნა ან სხვა კომპონენტები და მომხმარებელი არ პატიობს ამას. შეძლება პროდუქტი იყოს მისაღები, მისი ფასი მაღალი და ა.შ. თუ გვინდა, პროდუქტი იყოს გრძელვადიანი, ყველაფერი სწორად უნდა გქონდეს დაგეგმილი, მისი ბაზარზე გატანა და სწორი პოზიციონირება მნიშვნელოვანია.