როგორ გვეხმარება ოპტიმიზმი საქმეში და რატომ გვჭირდება ემოციური ინტელექტი – ამ თემებზე გადაცემაში “FM ქოუჩი”ქოუჩმა თამუნა ჩიჩუამ ისაუბრა.
ვინ არის ოპტიმისტი?
ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს იმედი და სჯერა, რომ მომავალში მოვლენები საუკეთესო სცენარით განვითარდება. თუმცა, მეცნიერულ წრეებში, ოპტიმიზმის განმარტება არაერთგვაროვანია. ზოგჯერ ის ემოციად განიხილება, ზოგჯერ აზროვნების თავისებურებად.
ყველაზე სრულყოფილი განმარტებით, ოპტიმიზმი არის ადამიანის განწყობა, რომელიც მოიცავს ემოციებსაც და ფიქრებსაც. მეცნიერულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ოპტიმისტური განწყობა არ არის თანდაყოლილი უნარი, არამედ ეს არის ემოციური ინტელექტის ერთერთი კომპეტენცია, რომელიც შეგვიძლია ვისწავლოთ და გავინვითაროთ.
რამდენად მნიშვნელოვანია ოპტიმიზმის განვითარება?
ოპტიმიზმის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ადამიანის რეალიზებას, მის წარმატებასა და მიღწევებს. როგორც აღმოჩნდა, ოპტიმიზმი, ანუ იმედი, ეხმარება ადამიანს გაიხედოს აწმყოს მიღმა და დაინახოს შესაძლებლობები, სასურველი მომავალი, ეს კი მნიშვნელოვანი მოტივატორია – ოპტიმიზმი ბევრად ზრდის მოტივაციას და აუმჯობესებს ადამიანის ქმედითუნარიანობას. ბუნებრივია, კორელაცია ოპტიმიზმსა და მიღწევებს შორის პირდაპირ-პროპორციული იქნება.
გარდა ცხოვრებისეული წარმატებისა, დაკვირვებების მიხედვით, ოპტიმიზმი დადებითად აისახება ადამიანების ჯანმრთელობაზე: სტატისტიკურად ოპტიმისტები უფრო ნაკლებად არიან მიდრეკილი ინფექციური დაავადებებისკენ ვიდრე პესიმისტები, ზოგიერთი წყაროს მიხეხდვით, ისინი უფრო დიდხანს ცოცხლობენ კიდევაც.
გვჭირდება ზომიერება ოპტიმიზმში?
როგორც ემოციური ინტელექტის სხვა კომპეტენციების შემთხვევაში, აქაც გადმწყვეტი მნიშნელობა აქვს ზომიერებას. “ოპტიმიზმი არის დელიკატური ბალანსი ამბიციებსა და რაციონალურ აზროვნებას შორის”, – ამბობს ჯო როსი. მიუხედავად საოცარი სარგებლისა, ზედმეტი ოპტიმიზმი რისკებსაც შეიცავს – ეს არის გადამეტებული მოლოდინები და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები, რომელთა შეუსრულებლობა მენტალურად, ემოციურად და მატერიალურად გვაზიანებს.
გავრცელებული მცდარი შეხედულებისგან განსხვავებით, ოპტიმიზმი არ ნიშნავს ვარდისფერ სათვალეებს და ილუზიებით გატაცებას. ოპტიმიზმის შემთხვევაში საკვანძო საკითხია – დაშვება, რომ საუკეთესო შედეგი შესაძლებელია და რომ ჩვენ გვაქვს უნარი გვქონდეს პოზიტიური გავლენა. მაგრამ ეს არ გამორიცხავს რისკების შეფასებას. დაშვების მიუხედავად, მოვლენების განვითარების ყველა შესაძლო ვერსიის გათვლა და რაციონალური შეფასება აუცილებელია. ანუ, მზად უნდა ვიყოთ არა მხოლოდ მხოლოდ ჩვენთვის სასურველი შედეგებისთვის, არამედ მოვლენების ნებისმიერი სახით განვითარებისთვის.
საუკეთესო სტრატეგია ხშირ შემთხვევაში არის ოპტიმისტური განწყობა, რომელიც გაზავებულია რეალიზმით. იმის გაანალიზება, თუ რამხელაა ჩვენი გავლენის ფარგლები, რეალისტური აზროვნება და რისკების შეფასება არ უშლის ხელს ოპტიმისტურ ხედვებს, პირიქით, ის გვეხმარება იმ შედეგის მიღწევაში, ქმედებების დაგეგმვასა და განხორციელებაში, რომელიც გვსურს, რომელიც დავუშვით, რომელიც წარმოვიდგინეთ.