ახალგაზრდა ექიმი, დერმატოლოგ-ვენეროლოგი ნინო ფირცხალაიშვილი მშობიარობას გადაჰყვა. მას ერთი შვილი დარჩა. ინფორმაციას „გურია თუდეი“ ავრცელებს.
ლანჩხუთელ ახალგაზრდა დედას, ნინო ფირცხალაიშვილს მშობლიური ქვიანის სკოლის პედაგოგები ემშვიდობებიან.
„გავქვავდით… გავიყინეთ… დავპატარავდით… ძალი და უნარი წაგვერთვა, რომ რამე გითხრათ…
ჩვენო ნინიკო!
ჩვენო საამაყო!
ჩვენო გონიერო და გამორჩეულო გოგოვ!
როგორ გვიხაროდა შენი ამ მდგომარეობაში ყოფნა, ხელმეორედ უნდა გამხდარიყავი „დედა“, მაგრამ ვაიიი… ვაი, წუთისოფელო…
შენ თვითონ გვირჩიეე, რა ვუთხრათ იური მასწავლებელს, შენს ძამიკოს, რადგან არა აქვს სიტყვა და ახსნა ამ ყველაფერს.
…იქ დედიკო ჩაგიკრავს გულში.
მოგეფერება, მუხლებზე დაგისვამს, ტკივილებს დაგიამებს, მაგრამ არ გაუხარდება ასე ნაადრევად შენი მისვლა, ნიი.
გვაპატიე, ნინიკო, შენდა საკადრისად თუ ვერ დავწერეთ და გადმოვეცით სათქმელი, ჩვენო თბილო და ხალისით სავსევ. გვეწვის სული, სამყარომ ულამაზესი ქართველი ქალი დაკარგა. არსებობაც გვცხვენია.
შენი სული ნათელში დაივანებს, გვჯერა“, – აღნიშნულია ქვიანის საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
ნინოს დედა რამდენიმე წლის წინ დაეღუპა. ნუნუ თავაძე ქვიანის საჯარო სკოლის დირექტორი გახლდათ, მამა – იური ფირცხალაიშვილი ამავე სკოლის მასწავლებელია.
ნინო ფირცხალაიშვილი მშობიარობამდე თავს კარგად გრძნობდა. „ფეისბუქზე“ თავად დაწერა, რომ სამშობიაროში წასვლას მოუთმენლად ელოდა.
„ყველა საპატიო ვადა ოფიციალურად გავიდა… 41 კვირა. გელით მოუთმენლად ჩვენს საყვარელ სამშობიაროში,“ – წერდა ნინო ფირცხალაიშვილი 29 აგვისტოს.
გავქვავდით… გავიყინეთ… დავპატარავდით…. ძალი და უნარი წაგვერთვა,რომ რამე გითხრათ💔😭 ჩვენო ნინიკო!💔 ჩვენო…
Posted by ქვიანის საჯარო სკოლა on შაბათი, 30 აგვისტო, 2025