ალბათ მსოფლიო კინემატოგრაფში სანთლით საძებარია რეჟისორი, რომელიც ისე კარგად გადმოსცემდა როკ-ენ-როლის მეფის ცხოვრებას, როგორ ავსტრალიელი ბაზ ლურმანი. როგორც ყველა დიდი ხელოვანის ცხოვრებაში, ლურმანის შემოქმედებაზეც უდიდესი გავლენა მოახდინა დედამ. ის სიდნეიში სკოლაში ცეკვების მასწავლებელი იყო, ჰქონდა საკუთარი სასცენო კოსტიუმების მაღაზია, სადაც მომავალი რეჟისორი დროის უდიდეს ნაწილს ატარებდა. აქედან წამოვიდა მისი არანორმალური სიყვარული მიუზიკლების მიმართ, ასე შეიქმნა „რომეო და ჯულიეტას“ ულამაზესი ვერსია, ასე გადაიღო ოსკაროსანი „მულენ რუჟი“, შემდეგ „დიდი გეტსბი“ და ბოლოს „ელვისი“.
როგორც ყველა ადამიანი, ვინც 60-70-იან წლებში ცხოვრობდა, ლურმანიც შეყვარებული იყო ელვის პრესლიზე. მიუხედავად იმისა, რომ ის უფრო დევიდ ბოუის მსმენელი გახლდათ, ამბობს, რომ ელვისის მუსიკა მისთვის უფრო ფონური იყო. სწორედ ამ ფონურმა მელოდიამ ჩამოაყალიბა მისი მომავალი გემოვნება, ხედვა, სტილი და სარეჟისორო ტექნიკა.
„ჩემთვის ის იყო ყველზე მაგარი მამაკაცი დედამიწაზე“ – იხსენებს ლურმანი, რომელმაც ფილმზე მუშაობის დაწყებამდე, ელვისზე გადაღებული ყველა მხატვრული თუ დოკუმენტური ფილმი ნახა. „ელვისი არ არის მომღერალი ან მსახიობი, ის არის ამერიკის სიმბოლო, ისაა ფუნდამენტური, შეუცნობელი საიდუმლო“ – ამბობს ლურმანი.
ბაზ ლურმანის ახალი ფილმი კვალდაკვალ მიჰყვება როკ-ენ-როლის მეფის ცხოვრებას, დაწყებული ადრეული წლებიდან, დამთავრებული ელვისის სიცოცხლის ბოლო წლებამდე. როგორც კრიტიკოსები ამბობენ, ეს არის დიდი მოზაიკა, ფაზლი, რომელსაც რეჟისორი ჩვენს თვალწინ აწყობს და მასში მას მუსიკოსის ცხოვრების ყველა ელემენტი ეხმარება.
ლურმანმა ელვისის როლზე ყველა შესაძლო კანდიდატურა მოსინჯა, დაიწყო ენსელ ელგორტით, შემდეგ დაპატიჟა მაილზ ტელერი, აარონ ტეილორ ჯონსონი და თვით ჰარი სთაილზიც. არჩევანი ბაზ ლურმანმა ნაკლებად პოპულარულ მსახიობზე, ოსტინ ბატლერზე გააკეთა, ბატლერის ანგარიშზე ამ დროისთვის იყო რამდენიმე ტელესერიალი და სპექტაკლი „ბროდვეის“ სცენაზე. ლურმანი ამბობს, რომ ის გაოცდა, როცა ბატლერის მიერ შესრულებული Unchained Melody მოისმინა. ამას დაერთო დენზელ ვაშინგტონის სარეკომენდაციო წერილი, რომელიც ლურმანს ამ როლზე სწორედ ბატლერის აყვანას ურჩევდა. ნაკლებ პოპულარული მსახიობის პარალელურად, დიდი კინო მოითხოვდა დიდი მსახიობს. სწორედ ამიტომ, პოლკოვნიკ პარკერის როლზე არჩევანი ჰოლივუდის ლეგენდაზე, ტომ ჰენკსზე შეაჩერეს, რომელიც ლურმანს მომენტალურად დათანხმდა.
რაც შეეხება მუსიკას, ფილმში მუსიკას 159 წუთი უკავია, რაც რეკორდული დროა. აქ ჟღერს ყველა ჟანრისა და სტილის სიმღერა, დაწყებული ელვისის კლასიკური მელოდიებიდან, დასრულებული როკის ახალბედა ვარსკვლავების „მანესკინის“ ექსტრავაგანტური ჰიტებით. ელვისის ნახვა ქართველ მაყურებელს კინოთეატრებში 21 ივლისიდან შეეძლება.
როკ-ენ-როლის ხელმწიფე დაბრუნდა -„ელვისის“ პირველი თრეილერი გავრცელდა