ზაზა სარალიძის დაკავებასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა კომენტარი გააკეთა.
მან პოლიციას ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ ჩინოვნიკების ცემა და გინება არ შეიძლება და რომ ეს მხოლოდ სახელმწიფოს დაკნინებას ემსახურება.
„როგორ იტანენ ამდენ შეურაცხყოფას, როგორ ადამიანურად იქცევიან…აჩვენებენ მაგალითს როგორი უნდა იყოს ქართული პოლიცია,“ – განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამ საქმის გვირგვლიანის საქმესთან შედარება არ შეიძლება. მან სარალიძე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დააკავშირა და განაცხადა, რომ რუსთაველზე კარვით ადგილს სწორედ ამ პოლიტიკურ ძალას უნახავს.
„მე ჯერ ვერ ვხედავ, რომ ხელისუფლება მოიქცა არაადკვატურად, პირიქით, იკვეთება ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთხელ მივუსამძიმრებ, ძალიან ვწუხვართ მთელი საქართველო ტრაგედიის გამო, მაგრამ ასე არ შეიძლება პოლიტიზირება. ადგილს რომ უნახავს “ნაციონალურ მოძრაოაბს” და ის კარავი ამისთვის რომ დგას, ეს ხომ ყველამ იცის.
ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, ყველაფერი გამჭვირვალეა.
მე ვთხოვდი ბატონ ზაზას, რომ ხელს ნუ შეუშლის. არ არის ეს ზეწოლა ნორმალური. არ იმსახურებს დღევანდელი ხელისუფლებას ამას, არ არის საჭირო ქუჩა, სასამართლოს ვაცადოთ მუშაობა.
ამას ადარებენ გვირგვლიანს, არ არის ეს უზნეობა? გვირგვლიანი მოკლა ხელისუფლებამ,“ – განაცხადა მან.
ბიძინა ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ რუსთაველზე რაღაც იგეგმებოდა და პოლიციამ ეს ყველაფერი აღკვეთა.
„ის ხომ კოორდინატორი იყო “ნაცმოძრაობის”. შეიძლება რომ შვილის ტრაგედია იქ გადავიტანოთ? ზაზა სარალიძე პირველი იყო იმ სხვებში, რასაც ისინი გეგმავდნენ. რატომ გეგმავდნენ სამდღიან მიტინგს აბა? შემთხვევით დაგეგმეს?“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ დღეს ზაზა სარალიძე პოლიციის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის დააკავეს.
