ყოველ წელს ანა ესინგერის სკოლის გადარჩენილი მოსწავლეები იკრიბებიან ბანს კორტში, რათა პატივი მიაგონ ამ საოცარ ქალბატონს. 1933 წელს ანა გერმანიაში ერთ-ერთი სკოლის დირექტორი იყო და მოახერხა ბრიტანეთში ყველა თავისი მოწაფის გაყვანას. ეს იყო 3-დან 17 წლამდე ასაკის უამრავი ბავშვი. დებთან და ორ სხვა მასწავლებელთან ერთად მათ შეუძლებელი შეძლეს. გაქცევა ნაცისტების ცხვირწინ ნამდვილი სასწაული გახდა…
დეიდა ანა
ანა ესინგერს 6 თვე დასჭირდა, რათა ნაცისტური გერმანიიდან მთელი სკოლის გაქცევის ბრწყინვალე გეგმა დაეგეგმა და განეხორციელებინა. 1933 წლის 5 ოქტომბერს 54 წლის სკოლის დირექტორის ყველაზე სანდო თანამშრომლები გერმანიის სამ სხვადასხვა წერტილში განლაგდნენ. მშობლები და ბავშვები მშვიდად მივიდნენ წინასწარ შერჩეულ რკინიგზის სადგურებზე სამ ძირითად მარშრუტზე.
ყველას კარგად ესმოდა, რომ გზა და გზა ბავშვების აყვანა ძალიან სარისკო იყო. თანაც ამ ოპერაციაში ბევრი ადამიანი იყო ჩართული. რომელიმე მათგანს რაიმე რომ წამოცდენოდა, წარმოდგენაც კი საზარელია რა მოხდებოდა. შესაძლოა მატარებლები შეემოწმებინათ, ან გესტაპოს სულაც სცოდნოდა ანას გეგმებზე და საზღვარზე დაეკავებინა ისინი?
ინგლისურის, ფრანგულისა და ხელოვნების ისტორიის მასწავლებელი ჰანა ბერგასი მემუარებში იხსენებს, როგორ მივიდა სადგურზე „ზოოლოგიური ბაღი“ ბერლინში, სადაც ათი მოწაფე ელოდა. ისეთი შთაბეჭდილება უნდა შექმნილიყო, რომ თითქოს ჩვეულებრივი სასკოლო მგზავრობა იყო. სადგურზე დასამშვიდობებლად მხოლოდ რამდენიმე მშობელი მივიდა, რათა ეჭვი არ აღეძრათ. ბევრი ბარგის წაღება არ შეიძლებოდა. დამშვიდობებაც თავშეკავებული იყო.
ყველას მოუწია „ტანტეს“ ანუ დეიდა ანას ნდობა. სწორედ მან დააარსა სკოლა, მოიფიქრა და განახორციელა გეგმა. რწმენა, სიყვარული და ურყევი ნებისყოფა უბრალო ასაკოვან ქალის დაეხმარა ჰიტლერის თათებისგან ასობით ბავშვის სიცოცხლე ეხსნა.
უნიკალური მასწავლებელი
ტანმაღალი წითური ანა წარჩინებულ გერმანულ-ებრაულ ოჯახში დაიბადა ულმში, სამხრეთ გერმანიაში. ის ცხრა შვილში უფროსი იყო და მიეჩვია დედის დახმარებას და-ძმაზე ზრუნვაში. სიყრმიდანვე შრომობდა. საკუთარი ძალებით დააფინანსა მშვენიერი განათლება. სწავლობდა ვისკონსინის უნივერსიტეტში, მედისონში და მაგისტრის ხარისხი ორ სპეციალობაში მიიღო. ქალს აღაფრთოვანებდა ამერიკის დემოკრატიული თავისუფლება და იქაური განათლების სისტემა.
ანა ესინგერი აშშ-ში თითქმის 20 წელი ცხოვრობდა. გერმანიაში პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაბრუნდა. 1926 წელს საკუთარი სკოლა გახსნა. აქ ბოლო მოეღო ტრადიციულ გერმანულ მიდგომას, რომელიც მკაცრ დისციპლინასა და სასჯელზე იყო დაფუძნებული. ამის ნაცვლად თითოეული ბავშვი ყურადღების ცენტრში იმყოფებოდა. ახალისებდნენ ბავშვურ ცნობისმოყვარეობასა და შემოქმედებით პოტენციალს.
ანას მიაჩნდა, რომ მეტი ყურადღება უნდა მიექციათ პრაქტიკული უნარებისთვის, ბავშვებს უნდა ესწავლათ თავისი წვლილი შეეტანათ საზოგადოების ცხოვრებაში (მაგ: მშობლების დახმარება, ბაღის მოვლა, საჭმლის მომზადება, დალაგება). ყველა მოსწავლე ამბობდა, რომ სკოლაში უნიკალური ატმოსფერო სუფევდა. თვითგამოხატვის ნამდვილი თავისუფლება.
როგორ დაინახა ნაცისტური საფრთხე
ხელისუფლებაში ადოლფ ჰიტლერი მოვიდა. ანა მალე მოხვდა, რომ მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო. ის „მაინ კაფს“ (“ჩემი ბრძოლა”) კითხულობდა და ხვდებოდა, რომ ჰიტლერი გერმანიას წყვდიადში მოაქცევდა. 1933 წლის მარტში ჰიტლერი ძლევამოსილ დიქტატორად იქცა. მალე ანას უბრძანეს სკოლის თავზე სვასტიკა აეფრიალებინა. მან სასწრაფოდ მოაწყო სამდღიანი ლაშქრობა და როდესაც სკოლაში არავინ არ იყო, მაშინ აღმართა ნაცისტური დროშა.
ამ სვასტიკამ საბოლოოდ აჩვენა ანას მომავლის უპერსპექტივობა ჰიტლერულ გერმანიაში. ეს აღარ იყო ადგილი, სადაც ბავშვებს მშვიდად აღზრდიდი პატიოსნებასა და თავისუფლებაში. მან გადაწყვიტა, რომ მოქმედების დრო დადგა.
ანას გეგმა
გაქცევის გეგმაზე ნაცისტებს რომ შეეტყოთ, გამოუსწორებელი შედეგი დადგებოდა. ანამ მთელ ევროპაში მოგზაურობა დაიწყო სკოლისთვის ადგილის მოსაძებნად. არსად არ იყო სიმშვიდე. 1933 წლის გაზაფხულის ბოლოს ესინგერმა დახმარება დიდ ბრიტანეთში მიიღო. აქ გამოჩნდა ხალხი, რომლებიც მზად იყვნენ სახსრების შესაგროვებლად.
ანა აქტიურად მუშაობდა გეგმის განხორციელებისთვის. ის ბევრს ესაუბრებოდა მშობლებსა და მოსწავლეებს. ამ დროს ულმის ცენტრალურ მოედანზე ებრაელი მეცნიერების წიგნებს წვავდნენ. კოცონმა უმოწყალოდ შეიწირა ალბერტ აინშტაინის, ზიგმუნდ ფროიდის, კარლ მარქსის ნაშრომები.
ანა დეიდას ყველა ენდობოდა
რისკი დიდი იყო, მაგრამ ანას წინადადებაზე უარი არავის უთქვამს. ბავშვები აქტიურად სწავლობდნენ ინგლისურს, თავად დირექტორი კი საორგანიზაციო საკითხებს აგვარებდა. სექტემბერში ქალაქში თავად ჰიტლერი ჩავიდა. ის მოედანზე სიტყვით გამოვიდა. ყველა აღფრთოვანებული იყო. დიქტატორი სამხედრო ბატალიონების სანახავად გაემართა და გზად სწორედ ჰერლინგენში მდებარე ანას სკოლასთან ჩაიარა.
ჰიტლერის მიტინგიდან ორ კვირაში ანა და უამრავი ბავშვი ინგლისში გაქცევის გეგმას შეუდგა. მოსწავლეები მცირერიცხოვანი ჯგუფებით გაუყვნენ გზას. ყველა სადგურზე ანა ზედმიწევნით აკვირდებოდა შენობებს და ადამიანების სახეებს. გასაკვირად “ოპერაციამ“ იდეალურად ჩაიარა.
გაკვალული გზა
როგორც აღმოჩნდა, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. ამის შემდეგ მსგავსი მეთოდით გერმანიიდან კიდევ ასობით ბავშვი გაიყვანეს. დროთა განმავლობაში მოდიოდნენ ბავშვები ჩეხოსლოვაკიიდან, ავსტრიიდან და პოლონეთიდან. ომის შემდეგ ბევრი მათგანი ობლად დარჩა. ბევრმა არც იცოდა რა მოუვიდათ მათ ახლობლებს. მხოლოდ ერთეულები გადარჩნენ ბანაკებსა და გეტოებში.
ყველა ბავშვი შეშინებული და სულით დასახიჩრებული იყო. ანა ესინგერი ცდილობდა, რომ ბანს კორტში შეექმნა არა მარტო უსაფრთხოების ატმოსფერო, არამედ მოეშუშებინა ტრავმები და სიცოცხლის გაგრძელება შთაეგონებინა. ქალი ყველანაირად ცდილობდა ესწავლებინა ეარათ იმ გზით, რომელიც ტკივილსა და სიძულვილს აარიდებდა და მიიყვანდა სიყვარულამდე. ბავშვები აქ უყვარდათ და მხარს უჭერდნენ. სკოლა მათთვის ოჯახი გახდა.
ესინგერის ჯანმრთელობა უარესდებოდა. 1948 წელს სკოლა დახურეს. ანას მხედველობა დაეკარგა და ბანს კორტში განცალკევებით ცხოვრობდა. სიკვდილამდე მთელი მსოფლიოდან გულისმაჩუყებელ წერილებს იღებდა თავისი ყოფილი მოსწავლეებისგან. ანა 1960 წელს გარდაიცვალა. მან მოასწრო ენახა რა წარმატებებს მიაღწიეს მისმა სტუდენტებმა. მთავარი, რაც გააკეთა ანა დეიდამ იყო ის, რომ ბავშვებს არა მარტო სიცოცხლე აჩუქა, არამედ უფრო ღირებული – სიყვარული.
„დაეხმარეთ ბავშვებს, მიეცით მათ შანსი“ (ანა ესინგერი) – ეს არის დევიზი ბერლინის სკოლაში, რომელიც ატარებს ამ პატარა, მაგრამ დიდი გულის მქონე ქალბატონის სახელს.