როგორ მოქმედებს მარცხი წარმატების გზაზე – ამ თემაზე გადაცემაში „FM ქოუჩი“ ქოუჩმა ნინო ეფხოშვილმა ისაუბრა.
როგორ მოქმედებს მარცხი ადამიანებზე?
მარცხი, როგორც ასეთი, ადამიანის ინდივიდად ჩამოყალიბების ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა. დედამიწის ზურგზე ალბათ არ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხში არ განეცადოს მარცხი. მარცხი არ არის რაიმე დიდი პრობლემა ან ტრაგედია, მთავარია ადამიანმა გააცნობიეროს თუ რისი შედეგია ესა თუ ის მარცხი მის ცხოვრებაში, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მთავარი ბრძოლის მოსაგებად მზად უნდა ვიყოთ რომ შეიძლება ამა თუ იმ შეტაკებებში დავმარცხდეთ კიდეც.
ამძაფრებს თუ არა მარცი გამარჯვების ჟინს?
მცირე დამარცხებები უფრო მეტად უნდა ამძაფრებდეს გამარჯვების ჟინსა და წყურვილს. მარცხი ასევე შეიძლება განვიხილოთ როგორც გამარჯვების საწინდარი ის ძალა, რომელიც გვიბიძგებს სწორად გავერკვეთ სიტუაციაში, ჩამოგვიყალიბდეს ყველაფრის სწორად გაგების და აღქმის უნარი. სამყაროს კანონზომიერების წინააღმდეგ ბრძოლას არასოდეს ექნება დადებითი შედეგი. მაგალითისათვის ავიღოთ ორი ადამიანი _ ერთი რომელიც შრომობს, ამუშავებს მიწას, კეთილად ირჯება, მაგრამ ვერ იღებს საკმარის და ღირებულ მოსავალს. ის იწყებს ფიქრს რომ რაღაცას ისე ვერ აკეთებს ან არასწორ ადგილას ხარჯავს ენერგიას. ეს ადამიანი იწყებს ძიებას თუ სად და როგორ მოიხმაროს უკეთესად საკუთარი ძალები. ეს უკვე მარცხზე გამარჯვებისაკენ გადადგმული ნაბიჯია ! ხოლო მეორე ადამიანი ეგუება თავის მდგომარეობას და ყველა თავის წარუმატებლობას მიაწერს ბედს-იღბალს და ასე შემდეგ. მოკლედ, მთავარია მარცხის სწორი ინტერპრეტაცია და თუ სწორ ანალიზს გავაკეთებთ, მარცხი იქცევა ალტერნატიული ქმედების პოვნის საშუალებად. მეორე თემაა, მარცხის შიშით ქმედებების არ განხორციელება. როგორც წესი, ადამიანები ხშირად იმიტომ არ მოქმედებენ განსხვავებულად, არ იწყებენ მისთვის მნიშვნელოვანი საქმის კეთებას, რომ ეშინიათ, ეშინიათ რომ შეიძლება არ გამოუვიდეთ. ასეთი ადამიანები, როგორც წესი უფრო მეტად რისკავენ იმით რომ არასდროს ექნებათ მისთვის მნიშვნელოვანი შედეგი ცხოვრებაში.
როგორ გვეხმარება მარცხი წარმატების გზაზე?
არ არსებობს წარმატებული ადამიანი, რომელსაც მრავალი დაბრკოლება და მარცხი არ ჰქონდეს გადალახული საკუთარი წარმატებისკენ სავალ გზამდე, სინამდვილეში, რაც დიდია წარმატება, მით ბევრია ხოლმე მარცხის ისტორიები. ჩვენი საყვარელი ,,ჰარი პოტერიც“ ვიდრე გამოიცემოდა ჯოან როულინგს 30-მა გამომცემლობამ უთხრა უარი. სტივენ სპილბერგი არ მიიღეს რამდენჯერმე კინო სკოლაში და ასეთი მილიონი ისტორია არსებობს. ერთადერთი რაც წარმატებულ ადამიანებს გამოარჩევ დანარჩენი ადამიანებისგან ეს მარცხის მიმართ მათი დამოკიდებულებაა _ არ მიიღო ის საბოლოო შედეგად, არამედ როგორც მანამდე აღვნიშნე გამოიყენონ ის ქმედების ალტერნატიული გზების მოსაძებნად. კიდევ ერთი თემა რომელიც აღსანიშნავია _ ეს მარცხის დრამატიზებაა, რაც ჩვენ ტვინს კარგად გამოსდის. ჩვენ შეიძლება გვქონდეს მილიონი წარმატება ცხოვრებაში, მაგრამ ის ერთი მარცხი გვახსოვდეს მძაფრად და ხელს გვიშლიდეს წინსვლაში. რატომ ხდება ასე და რატომ მუშაობს ასე ჩვენი ტვინი. სინამდვილეში ჩვენ ეს გვასწავლეს _ თუ ყველაფერს კარგად აკეთებ და სწორად ეს ნორმალურია, არ ღირს ამის აღნიშვნა, ხოლო თუ რამე შეგეშალა და ისე არ გამოგივიდა ამაზე ყოველთვის ამახვილებდნენ ყურადღებას, გავიხსენოთ თუნდაც სკოლებში გამოყენებული წითელი პასტა, რომელთაც ჩვენ შეცდომებს ასწორებდნენ. შესაბამისად, ახლა უნდა ვასწავლოთ ჩვენ ტვინს წარმატებაზე ფოკუსირება, იმის ხაზგასმა რაც კარგად გამოგვდის და გამოგვივიდა ცხოვრებაში. და კარგად გვახსოვდეს რომ იდეალური ადამიანები არ არსებობენ, ჩვენ შეიძლება ვისწრაფოდეთ იმისკენ რომ ყოველდღე საკუთარ თავზე უკეთესი ვიყოთ, თუმცა ესეც არ უნდა იყოს იდეაფიქსი, მაგრამ თუ გვენდომება რომ იდეალურები ვიყოთ _ ეს მხოლოდ ხელს შეგვიშლის განვითარებაში, იმიტომ რომ შეგვეშინდება რაღაც ახლის გაკეთება, მარცხის შიშით. ამიტომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რომ არ არსებობს რამე კონტრაქტი რომ აუცილებლად წარმატებას მივაღწევთ ამა თუ იმ ქმედების განხორციელების შემდეგ და არც მზა რეცეპტი არსებობს როგორ შეიძლება ვიცხოვროთ ისე რომ მარცხი არ განვიცადოთ. მაგრამ მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია რომ ვიმოქმედოთ, გვქონდეს სამყაროს ნდობა და სიამოვნება მივიღოთ პროცესით, ვინაიდან სინამდვილეში, ერთადერთი რაც გვაქვს ეს არის აქ და ახლა მომენტი და თუ თითოეულ მომენტში მოვახერხებთ სრულად ყოფნას _ ეს დიდი ძალაა, რომელიც ყოველთვის დაგვეხმარება ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში.