LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოქმედებს სიცხე გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და რა უნდა გავითვალისწინოთ ჰაერის მაღალი ტემპერატურის დროს – ზაზა თელიას რეკომენდაციები

420
ზაზა თელია

მაღალი ტემპერატურა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებისთვის სერიოზულ რისკებს ქმნის. მედიცინის დოქტორის, ზაზა თელიას განმარტებით, ზაფხულის თვეებში – განსაკუთრებით ივლისიდან სექტემბრამდე – გულისა და წნევის პრობლემების გამწვავების შემთხვევები მნიშვნელოვნად იზრდება.

სპეციალისტის თქმით, სიცხე ორგანიზმზე სამი ძირითადი მექანიზმით მოქმედებს: სისხლძარღვების გაფართოება არტერიული წნევის ვარდნას იწვევს, ჭარბი ოფლიანობა დეჰიდრატაციისა და სისხლის გასქელების რისკს ზრდის, ხოლო ელექტროლიტების დაკარგვა გულის რითმის დარღვევებს უწყობს ხელს.

ექიმი განმარტავს, რომ სიცხით გამოწვეული მდგომარეობები ორ კატეგორიად იყოფა – სიცხით გამოფიტვა და თერმული დარტყმა. თუ პირველ შემთხვევაში ადამიანს აღენიშნება სისუსტე, თავბრუსხვევა, გულისრევა და წნევის დაცემა, თერმული დარტყმა უკვე გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს და შესაძლოა ცნობიერების დაკარგვითაც დასრულდეს.

სპეციალისტები განსაკუთრებით ურჩევენ ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, 30 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დროს 12:00-დან 18:00 საათამდე გარეთ ყოფნას მოერიდონ, მიიღონ საკმარისი რაოდენობის წყალი, აკონტროლონ წნევა და პულსი, ასევე არ შეწყვიტონ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიღება.

ექიმები ასევე რეკომენდაციას უწევენ ღია ფერისა და ნატურალური ქსოვილის ტანსაცმლის ტარებას, მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენებასა და ფიზიკური აქტივობის შეზღუდვას დღის ყველაზე ცხელ მონაკვეთში.

სპეციალისტების შეფასებით, ზაფხულში ჯანმრთელობის დაცვის მთავარი გზა პრევენცია, სიფრთხილე და რეკომენდაციების დროული გათვალისწინებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები