LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვამზადოთ ბავშვი ახალი სასწავლო წლისთვის – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

23
სოფო-მოსიაშვილი

როგორ მოვამზადოთ ბავშვი ახალი სასწავლო წლისთვის – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა სოფო მოსიაშვილმა ისაუბრა.

როგორ შეიძლება ბავშვს გავუმარტივოთ სასწავლო წლის დაწყება?

დავიწყოთ იქიდან, რომ პირველად სკოლაში წასვლა ბავშვებს ძალიან უნდათ, უფრო მეტიც, მთელი წლების განმავლობაში, როდესაც ისინი ბაღში დადიან, ამბობენ, რომ მალე სკოლაში მივლენ, ეს მათთვის ახალი გამოწვევაა.

ბაღი ბავშვის ცხოვრებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს, რადგან იქ ხდება ფუნდამენტური ცვლილებები სოციალიზაციის თვალსაზრისით და მნიშვნელოვანია სწორად შევარჩიოთ ის. აქვე სიხარულით გაცნობებთ, რომ სულ რამდენიმე დღეში ამონაშვილის საავტორო ბაღი იხსნება,სადაც შეგიძლიათ თქვენი 3-6 წლის პატარები ბედნიერ და ჯანსაღ გარემოში, ყოველდღიურ პატარ-პატარა სიხარულს აზიაროთ ჩვენთან ერთად.

დიდობის განცდის დაკმაყოფილება ყოველთვის სურთ ბავშვებს, ამისთვის კი სკოლა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ბავშვი იცვლის სოციალურ სტატუსს, აქამდე თუ დადიოდა ბაღში ახლა ახალი სინამდვილეა მისთვის სკოლა. ისწრაფვის სკოლისკენ, როცა ამ ახალ სინამდვილეს ეცნობა და მიხვდება, რომ იქ ყველაფერი ისე არ არის, როგორც მის ფიქრებში და წარმოდგენებშია, ძალიან დიდი იმედგაცრუების წინაშე დგება. ხვდება, რომ სკოლაში მას კი არა, მის დაზეპირებულ ლექსებს და ლამაზ კალიგრაფიას ელოდებიან, რის შემდეგაც უქრება ეს მისწრაფება, აქედან გამომდინარე მარტივი მისახვედრია, თუ რატომ აღარ შეიძლება სურდეს მას სკოლაში წასვლა.

ეს ძალიან მცირე მაგალითია იმ მრავალი ფაქტორიდან, თუ რატომ არ შეიძლება აღარ მოუნდეს, მოტივირებულ, ენთუზიაზმით სავსე ბავშვს სკოლაში წასვლა. ბავშვები ბუნებრივად შემეცნების უნარით არიან დაჯილდოებული, ამიტომ მათ არ სჭირდებათ იმისთვის ზედმეტი ძალისხმევა, რომ რაიმე ახალი შეიმეცნონ და შეისწავლონ. ჩვენ კი არ ვსარგებლობთ ამ ბუნებრივი სწრაფვით და ვაიძულებთ მათ ისწავლონ.

რასაკვირველია არიან ისეთი ბავშვები, რომლებსაც სკოლა ძალიან უყვართ, უფრო მეტიც შაბათ-კვირასაც კი უნდათ დრო იქ გაატარონ.

რა შეიძლება იყოს ამ ყველაფრის მიზეზი?

ეს არა სწავლა და დავალებებია, არამედ სამეგობრო წრე, გართობა, ურთიერთობები და ა.შ. თუმცა აქ ფაქტი ერთია, თუ ბავშვს უყვარს მასწავლებელი, რომელიც მას პატივს სცემს, ის აუცილებლად შეიყვარებს სწავლასაც და სკოლაში გატარებულ ყოველ დღესაც.

აქვე გავიხსენებ კომენსკის,რომელიც ერთ-ერთი დიდი პედაგოგი იყო. ის ამბობდა, რომ სკოლა რომელშიც ბავშვებს არ უნდათ სიარული, ბოლო აგურამდე უნდა დაიშალოს და აიგოს ახალი ისეთი სკოლა, რომელშიც ბავშვები სიხარულს იპოვიან. სიხარულს და არა სწავლას, გამოცდებს, სტრესს და მსგავს უარყოფით ფაქტებს.

როგორ უნდა ავარჩიოთ სკოლა?

როგორც ბატონი შალვა ამონაშვილი ამბობს, სკოლა ეს სულიერი აღმასვლის კიბეა. თუ თქვენ აირჩევთ სკოლას იმის მიხედვით, რომ იქ გაძლიერებულად ისწავლება ინგლისური ან მათემატიკა, ესეიგი სწორ გზაზე არ დგახართ, რადგან სკოლა გარეგნული ნიშნებით არ უნდა ავარჩიოთ. შეიძლება გაგიმართლოთ კიდეც მაგრამ ჯობს გავიკითხოთ სად არის მასწავლებელი, რომელსაც ბავშვები უყვარს და არა “კარგად ასწავლის”. მასწავლებელი, რომელიც კარგად აღზრდის ბავშვს.

სიტყვა სკოლა მასწავლებელშია და არა შენობაში. უმნიშვნელოვანესია პირველი შეხვედრა და პირველი ემოცია თითოეული ბავშვისთვის, ისინი ხომ ყველა დეტალს განცდებით და შეგრძნებებით ზომავენ. იმიტომ თითოეული მასწავლებლის მისიაა, შეაყვაროს თავი პირველივე შეხვედრიდან, შემდეგ კი მოტივაციაც იქნება, რადგან იქ სიყვარულია. მისთვის კი სულ რამდენიმე ოქროს წესი არსებობს.

1.პატივი ეცი ბავშვს

2.არასოდეს დააბეზღო ბავშვი მშობელთან, პირიქით მშობლის თვალში აამაღლე, რომ მშობელი გაოცებული და აღფრთოვანებული იყოს საკუთარი შვილით, თურმე როგორი ყოფილა და არ იცოდა.

3.დაეხმარე ბავშვს, როდესაც მას რამეში უჭირს.

4.ბავშვი არ გააკრიტიკოთ

5.შეამკეთ ბავშვი, მაშინაც კი როცა არაფერი არ აქვს, მიაწერეთ ეს მას და გაგიმართლებთ.

6.არ შეადაროთ სხვას

7.გახსოვდეთ რომ თქვენს წინ დიდი ადამიანია. ის ყოველივე დაეხმარებათ როგორც მშობლებს, ასევე მასწავლებლებს ბავშვებთან მეგობრული ურთიერთობების დამყარებაში. მშობლების როლი რასაკვირველია უმნიშვნელოვანესია სასკოლო ცხოვრებაში.

ჰკითხეთ მათ დღეს როგორ გრძნობენ თავს ან სულაც დაიწყეთ თქვენი ამბების გაზიარება შვილებთან და ღიად ისაუბრეთ ყველაფერზე, ეს თქვენს ურთიერთობებს გააუმჯობესებს და დაგაახლოებთ შვილთან.

ასევე ბატონი შალვა ამონაშვილის სიტყვებს გავიხსენებ “ბავშვები ორიანები და ხუთიანები არ არიან” ისინი ბევრად მეტი და ბევრად დიდი პიროვნებები არიან, ვიდრე ჩვენ მათ აღვიქვამთ ხოლმე, ამიტომ როდესაც მათ ვესაუბრებით ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ჩვენს წინ ჩვენივე თანასწორი, ჩვენივე თანატოლი, ჩვენზე უფრო მეტი შესაძლებლობების მქონე ადამიანი დგას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები