როცა მეგობრებთან მიდიხართ სტუმრად, უყურადღებოდ ვერც პატარა მასპინძლებს დატოვებთ, თუმცა, ბავშვისთვის საჩუქრის შერჩევა არც ისე მარტივია. საუკეთესო გამოსავალი მშობლებთან კონსულტაციაა, რადგან ნებისმიერ ბავშვს უამრავი სურვილი აქვს.
მოდური სვიტერი ან ზამთრის ნაკრები (ქუდი, შარფი და ხელთათმანები) მშვენიერი გადაწყვეტილება იქნება, რადგან ბავშვისთვის არასდროსაა ზედმეტი კიდევ ერთი სვიტერი ან წყვილი ხელთათმანი. ბიჭუნებს საკოლექციო მანქანები და დინოზავრებთან თამაში უყვართ, გოგონები კი, როგორც წესი პირველ კოსმეტიკაზე და სამკაულებზე ოცნებობენ. მოზარდებისთვის მშვენიერი საჩუქარია მაისური აქტუალური პრინტით. განსაკუთრებული ბავშვებისთვის კარგი იქნება ორიგინალური საჩუქრის მოფიქრება – ერთთვიანი გაკვეთილები საციგურაო მოედანზე ან აბონიმენტი გასართობ პარკში.
საჩუქრები განსაკუთრებული ესთეტიკის მოყვარულთათვის
აუცილებლდ გეყოლებათ ისეთი ნაცნობებში, ვისაც მხოლოდ ძვირფასი ავტომობილებით მგზავრობა, ძვირადღირებულ რესტორნებში სადილობა და ცნობილ ბუტიკებში შოპინგი იზიდავთ. ხშირად მათ არ ჰყოფნით ფული კაპრიზების დასაკმაყოფილებლად, თუმცა არ შეუძლიათ უთხრან უარი საკუთარ თავს. ასეთებისთვის საჩუქრის შერჩევა არც ისე რთულია როგორც ერთი შეხედვით ჩანს, მთავარია საჩუქარი ლამაზად იყოს შეფუთული და თან ძვირფასი ლოგოტიპი მოჰყვებოდეს. დარწმუნებული იყავით, რომ ასეთი ადამიანებისთვის მნიშვნელობა არ აქვს, საჩუქრის შინაარსს, მათთვის მთავარია რა წერია ეტიკეტზე.
საფირმო ყუთში შეფუთული ცნობილი ბრენდის მცირე ზომის საიუველირო ნაკეთობა, აუცილებლად მოახდეს შთაბეჭდილებას მათზე, თქვენ კი, ნაკლებად დაიხარჯებით. კარგი საჩუქარი იქნება ლამაზი ფოტოალბომი ან დასურათებული ენციკლოპედია. თუ საკმარისი დრო გაქვთ, შეგიძლიათ საავტორო ნამუშევრები – ხის ან ქვის მცირე ზომის სტატუეტები შეუკვეთოთ და თავად შეარჩიოთ ნაკეთობის მასალა, ფერი და ფორმა. არ დაგავიწყდეთ ლამაზად შეფუთვაც.
საჩუქრები ძველი მეგობრებისთვის და შორეული ნათესავებისთვის
ერთ დროს შესაძლოა კარგი მეგობრები იყავით, ახლა კი, ან თქვენ გათხოვდით ან მან შექმნა ოჯახი და დრო ურთიერთობისთვის აღარ გრჩებათ. საჩუქარი ასეთი ადამიანისთვის ძველი მეგობრობის გახსენება უნდა იყოს და სასიამოვნო ემოციები გამოიწვიოს. შეარჩიეთ ისეთი საჩუქარი, რომელიც თქვენთან ერთად გატარებულ დროს ან ადგილებს გაახსენებს. მაგალითად, საყვარელი ფილმი, რომელსაც ხშირად უყურებდით ერთად ან მხიარული მოგზაურობა, სადაც დაუვიწყარი დრო გაატარეთ. საჩუქრები შორეული ნათესავებისთვის მინიშნება უნდა იყოს, რომ მიუხედავად ყველაფრისა თქვენ მაინც გახსოვთ და გიყვართ ისინი. თუმცა, გახსოვდეთ, რაც არ უნდა შეარჩიოთ, შეფუთეთ ის ლამაზად, რადგან ასე ნებისმიერი საჩუქარი ბევრად უფრო მიმზიდველი იქნება და ადრესატის მიმართ თქვენს პატივისცემასაც გაუსვამს ხაზს.